სატრანსპორტო ჯოჯოხეთს ველოსიპედი "გაანათებს"?! - კვირის პალიტრა

სატრანსპორტო ჯოჯოხეთს ველოსიპედი "გაანათებს"?!

"გულით მინდა, ისე იყოს, როგორც ევროპაშია, სადაც ბანკირებიც კი ველოსიპედით დადიან"

"ველოსადგურების ნაწილი უკვე მოწყობილია. ველოსიპედს უამრავი დადებითი მხარე აქვს: ნერვების მომშლელი საცობების დროს ავტომანქანაზე ათჯერ სწრაფად გადაადგილდება, დაპარკინგებისას კი ათი ველოსიპედი ერთი ავტომანქანის ადგილს იკავებს, ჯანმრთელია, იაფი და ეკოლოგიური"

ვისაც ბავშვობაში ველოსიპედზე მუხლები ერთხელ მაინც გადაუტყავებია, მაგრამ იმწამსვე ველოსიპედზევე შემხტარა, კარგად იცის, ეს რა სიამოვნებაა.

ველოსიპედმა გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება - ის 200 წლის წინ, 1817 წელს გამოიგონეს პარიზში. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებმა ყოფა დაიპყრო, ველოსიპედის როლი მსოფლიოში შეუცვლელი დარჩა, რასაც, ალბათ, საქართველოზე ვერ ვიტყოდით. თუმცა, აქვე შეუძლებელია გამონაკლისის სახით არ გავიხსენოთ ქალაქი სამტრედია, სადაც წინა საუკუნეში ველოსიპედი ძალიან პოპულარული იყო. ამბობენ, სამტრედიის "ხათრით" შემოჰქონდათ საქართველოში ველოსიპედების პარტიებიო. შემდეგ ველოსიპედის თემა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისე აიტაცა, რომ ძეგლიც კი დაუდგა... ამავე პერიოდში გამოჩნდა საქართველოში ფრანგული კომპანია "სისტრა", რომლის კვლევებით, მთაგორიანი რელიეფის მიუხედავად, ველოტრანსპორტის განვითარებას დედაქალაქში სერიოზული პერსპექტივა აღმოაჩნდა. მეტიც, ჰაერის კატასტროფული დაბინძურებისა და საცობების გამო ველოსიპედი პოლიტიკის გარკვეულ ნაწილადაც იქცა. დღეს ამ ეკოტრანსპორტით მანიპულირებას რამდენიმე პარტია ცდილობს. თუმცა, ყველას ხელისუფლებამ დაასწრო და რამდენიმე ხნის წინ რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე პირველი ველოზოლიც გაჩნდა; აღმოჩნდა, რომ უპირველესად თავად დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე დადის ველოსიპედით.

"როცა ჯარიმებს ავამოქმედებთ, მძღოლები ველოსიპედისტებისთვის ხელის შეშლის გუნებაზე აღარ დადგებიან"

მამუკა მუმლაძე: - დედაქალაქში მძიმე სიტუაციაა მოზღვავებული ავტომობილის გამო. გამუდმებით ვეძებთ ალტერნატიულ საშუალებებს. მათ შორის, იაფი და ჯანმრთელი ველოსიპედია.

- მეეჭვება, რომ თბილისში თქვენსავით ველოსიპედებით იარონ ცნობილმა ადამიანებმა...

- დრო გვიჩვენებს. როცა პეკინის რეაბილიტაციის საკითხი დადგა, მცდელობა არ დაგვიკლია და პროექტში ველოტრასის მოწყობა შევიტანეთ. თუმცა, ამ ქუჩაზე სხვაც ბევრი რამ გაკეთდა, მთელ გაყოლებაზე პარკინგის ზოლი მოვხსენით და მიცკევიჩის დასაწყისში გადავიტანეთ.

- ზოგადად, ქართული გარემო ველოსიპედს მშობლიურად არ მიიჩნევს.

- მშობლიურობის განცდა მე ის მგონია, იზრუნო ჯანმრთელობაზე. ველოსიპედი არ არის ერთადერთი, ქალაქის გაჯანსაღების ხელშესაწყობად. ცხადია, ველოსიპედი ამ როლს შეასრულებს მაშინ, როცა პეკინის ველოტრასა გაგრძელდება. ძირითადად იმაზე დაობენ, რომ თბილისი მთაგორიანია და აქ ველოსიპედით სიარული უტოპიაა. ველოსიპედით ევროპის ბევრ მთაგორიან ქვეყანაში სარგებლობენ, თუნდაც ჩეხეთში. ქალაქში ველოსიპედით მივლია და ვიცი, რომ ცენტრალურ ნაწილში 35-კილომეტრიანი ველოზოლის მოწყობაა შესაძლებელი, რასაც გავაკეთებთ კიდეც.

- სად აპირებთ ამას?

- მაგალითად, საბურთალოზე, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე ველოსიპედით ასვლა შესაძლებელია როგორც სანაპიროდან, ასევე ჭავჭავაძიდან. ველოსიპედით დაშვება ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებიდან შესაძლებელია ფილარმონიასთან, აქედან ისევ პეკინისკენ, ან სანაპიროზე. ველოტრასების მოწყობას ვფიქრობთ გარეუბნებშიც...

- როგორ უნდა ახვიდე ველოსიპედით სანაპიროდან გაგარინის მოედანზე? გავიწყდებათ ქართველი მძღოლების ხასიათიც, რომლებიც საცობისას აუცილებლად გადაეღობებიან ველოსიპედისტებს ველოტრასებზე.

- როცა ჯარიმებს ავამოქმედებთ, მძღოლები ველოსიპედისტებისთვის ხელის შეშლის გუნებაზე აღარ დადგებიან. რაც შეეხება აღმართებს, - მაგალითად, ჩემს ველოსიპედს, რომელიც, სხვათა შორის, ძველია, აღმართის დასაძლევად გააჩნია სიჩქარე. არსებობს ისეთი ველოსიპედებიც, რომლებიც ელექტროენერგიით იმუხტება და აღმართზე პედლების ტრიალი არ სჭირდება.

როცა თბილისში ველოსიპედი "აყვავდება"

...პეკინის ველოტრასის მსგავსად, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, თვალის დახამხამებაში გაჩნდა 30 ველოსადგური, სადაც ველოსიპედებს ხანგრძლივი დროით "დააპარკინგებენ". როგორც გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოებს საკითხებში გელა კვაშილავა ამბობს, რამდენიმე ორგანიზაცია ასეთი შედეგებისთვის წლების მანძილზე იბრძოდა:

- წლებია დედაქალაქში ველოსიპედის პოპულარიზაციისთვის ვიბრძვი, რადგან დანაშაულად მიმაჩნია, უყურო დაბინძურებით განადგურებულ, დაავადმყოფებულ ქალაქს და არაფერი გააკეთო. არ ვამბობ, რომ ქალაქში სატრანსპორტო ჯოჯოხეთს ველოსიპედი მთლიანად გაანათებს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გულით მინდა, ისე იყოს, როგორც ევროპაშია, სადაც ბანკირებიც კი ველოსიპედით დადიან.

- დღესაც ჩვენში ბევრი ალმაცერად უყურებს ველოსიპედით მოსიარულეებს.

- ელემენტარული ჭეშმარიტებაა - რასაც "ავაყვავებთ", ის "აყვავდება", თუ ავაყვავებთ ტრაილერისოდენა "მსუბუქ" ავტომანქანებს, სადაც ხშირად ერთი კაცი ზის, ლამის ქუჩის ნახევარს იკავებს, ქალაქს მურავს და საცობებში ეჩხირება, მაშინ ტრანსპორტის ასეთი სახეობა აყვავდება; მაგრამ თუ "ავაყვავებთ" სუფთა და ჯანმრთელ ველოსიპედს, მაშინ ეს უკანასკნელი გახდება პოპულარული. მსუბუქი ავტომანქანების გარეშე არსებობა შეუძლებელია, მაგრამ კონკრეტულ ადგილებში მას უნდა ჩაენაცვლოს ველოსიპედი. მით უფრო, რომ ბევრი ადამიანი მასზე სიამოვნებით გადაინაცვლებს - საჭიროებისას მიაბამს ველოსადგურებში და უკან ისევ ველოსიპედითვე დაბრუნდება.

ველოსადგურების ნაწილი უკვე მოწყობილია. ველოსიპედს უამრავი დადებითი მხარე აქვს: ნერვების მომშლელი საცობების დროს ავტომანქანაზე ათჯერ სწრაფად გადაადგილდება, დაპარკინგებისას კი ათი ველოსიპედი ერთი ავტომანქანის ადგილს იკავებს, ჯანმრთელია, იაფი და ეკოლოგიური.

ასე რომ, დედაქალაქში ველოტრასების გაყვანის დაწყება ლოგიკურია. უახლოეს 5 წელიწადში დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში 15-20-კილომეტრიანი ველოტრასა დაიგება. ველოსიპედით გადაადგილებასაც ხალხი ნელ-ნელა შეეჩვევა.

"თუ ველოტრასები დაიგება, ბევრი ველოსიპედიც გამოჩნდება..."

...ველოსიპედის ბუმთან დაკავშირებით ერთ-ერთ ცნობილ ველოსიპედისტს, ვაკის ველომარკეტის მენეჯერ თამაზ თიკანაძეს ვესაუბრეთ.

- ველოსიპედის შეძენას ყველას ვურჩევ. დღეს ველოსიპედის ფასი 200 ლარიდან რამდენიმე ასეულ დოლარამდე მერყეობს. გადაადგილება კი ნებისმიერი ფასის ველოსიპედით შეიძლება. კომფორტულად ითვლება ის ველოსიპედი, რომელიც უფრო მსუბუქია. შესაბამისად, მეტი ფასიც აქვს. მაგალითად, ჩემი ველოსიპედი 800-დოლარიანია. სამაგიეროდ, იმდენად მსუბუქია, სამსახურიდან სახლამდე დღეში ორჯერ ჩამაქვს და ამომაქვს ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელში.

- 800 დოლარი იაფი ნამდვილად არ არის ხელმოკლე ადამიანისთვის.

- სამაგიეროდ, ველოსიპედი ტრანსპორტის ფულს ზოგავს და ჯანმრთელობას აკაჟებს, რაც შეუფასებელია.

- თქვენს მარკეტში ვინ ყიდულობს ველოსიპედებს?

- ძირითადად უცხოელი დიპლომატები. არიან ქართველებიც, მაგრამ მე უფრო ბევრი მინდა, რომ იყვნენ.

- თქვენ ყოველდღე დადიხართ ველოსიპედით, ამით ვინმე გაგიღიზიანებიათ?

- კი. მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ფეხით მოსიარულეთა გაზონებზე მიხდება გადასვლა, რადგან თბილისი არ არის ველოსიპედისთვის მოწყობილი. თუმცა, ბევრი ისეთიც შემხვედრია, ვინც შემომნატრის... ასე რომ, თუ ველოტრასები დაიგება, ბევრი ველოსიპედიც გამოჩნდება... არა მგონია, ხალხი ვერ მიხვდეს, რომ ამდენი ავტოუბედურების ფონზე, ველოსიპედი, შესაძლოა, მის მეგობრად იქცეს! ტრანსპორტით გაჭედილ და ნერვებდაწყვეტილ ქალაქში ველოსიპედს ვერაფერი გაუსწრებს!

ეთერ ერაძე