"შუქნიშნებმა "დამიძახეს" და ისე მაგრად ჩამავლეს ყურში ხელი, ვეღარაფრისკენ გავიხედე"
02-10-2017
"შუქნიშნებმა "დამიძახეს" და ისე მაგრად ჩამავლეს ყურში ხელი, ვეღარაფრისკენ გავიხედე"
"ზოგს არ სჯერა, რომ ლიკა ჩემი შვილია, აგდებით გვიყურებენ, ბევრიც გვცნობს და გვეხმარება. თავიდან ლიკა ტიროდა მანქანების ხმაურზე, ახლა შეეჩვია და ნაცნობ მძღოლებს უღიმის კიდეც. ის კი არა, ერთ დღეს რომ არ გამოვჩნდეთ, ზოგიერთი მძღოლი მოგვიკითხავს ხოლმე, გუშინ რატომ არ იყავით, ხომ კარგად ხართო"

18 წლის ზინა რასოევი ავჭალაში, კონიაკის დასახლების მთავარ შუქნიშანთან შევნიშნე. ხელში პატარა გოგონა ეჭირა და დამუხრუჭებულ მანქანებთან მოწყალებას ითხოვდა.

- ეს ჩემი შვილია, წლინახევრის ლიკა. რაც
თავი მახსოვს, ოჯახს სულ უჭირდა, ბავშვობიდან ყველა შუქნიშანი და მიწისქვეშა გადასასვლელი მოვლილი მაქვს, რა ვქნა? მამა ცოცხალი მყავს, მაგრამ არც ახსოვს ჩვენი არსებობა, თავისი თავი გასჭირვებია. დედა ავადმყოფობს, სახლშია და ჩემს ძმას უვლის. ერთ დღეს ერთ-ერთ შუქნიშანთან პოლიციამ მომაკითხა და 3 წელი გლდანის ბავშვთა სახლში,
კრიზისის მართვის ცენტრში გავატარე. შემდეგ დედამ პირობების ოდნავ გაუმჯობესება შეძლო და უკან დავბრუნდი. მერე გავთხოვდი და ლიკა შემეძინა.

სულ ჩხუბი გვქონდა და მალევე დავშორდით, არადა, მეგონა, ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა... ისევ ჩვეულ რიტმში გავაგრძელე ცხოვრება, ოღონდ ახლა ლიკასთან ერთად. ზოგს არ სჯერა, რომ ლიკა ჩემი შვილია, აგდებით გვიყურებენ, ბევრიც გვცნობს და გვეხმარება. თავიდან ლიკა ტიროდა მანქანების ხმაურზე, ახლა შეეჩვია და ნაცნობ მძღოლებს უღიმის კიდეც. ის კი არა, ერთ დღეს რომ არ გამოვჩნდეთ, ზოგიერთი მძღოლი მოგვიკითხავს ხოლმე, გუშინ რატომ არ იყავით, ხომ კარგად ხართო.

ორი წელია, ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდით. ამის მიუხედავად, სახლის მეპატრონე, ქალბატონი ნელი ბიგანოვი ქუჩაში არ გვყრის, არ ვიცით, ოდესმე თუ შევძლებთ მისი ამაგის დაფასებას. რამდენიმე წელია განცხადებას განცხადებაზე ვწერთ, რომ თავშესაფარი გამოგვინახონ, მაგრამ საშველი არსაიდანაა. წელიწად-ნახევარი სოციალურ დახმარებას ვერ ვიღებდით და ქირასაც ამიტომ ვერ ვიხდიდით, ახლა აღგვიდგინეს.

- მოხსნის მიზეზი რა იყო?

- 3 წლის წინ ჩემი 11 წლის და უვარგისმა ადამიანმა გაიტაცა, თიანეთის გზაზე გოგო ხელიდან გაუსხლტა, ბედად პატრულის თანამშრომელი გამოჩნდა და მიეშველა. ხელუხლებელი გადარჩა. ამ შემთხვევის მერე სახელმწიფომაც ასე გვირჩია, უფრო უსაფრთხოდ იქნებაო და ჩვენც დავეთანხმეთ. ახლა ნორიოს ბავშვთა სახლშია.
გული ერთ რამეზე მწყდება, რომ წელს ჩემი 7 წლის ძმა სკოლაში ვერ გავუშვით,­ წიგნები, რვეულები, ჩანთა და ერთი ხელი ტანისამოსი მაინც ხომ უნდა გვეყიდა. ფეხსაცმელიც არა აქვს... რამდენ რამეს უნდა ჩამორჩეს, თანატოლებს, ექსკურსიებს,­ ლაშქრობებს...
ძველმანებით რომ გაგვეშვა პირველივე დღეს, გულდაწყვეტილი დაბრუნდებოდა და აღარც გაიხედავდა იქითკენ. ვიცი, რომ დასცინებდნენ და უფრო მეტად ატკენდნენ გულს, ეს ყოველივე გავლილი მაქვს. მე ხომ მხოლოდ ცხრა კლასამდე შევძელი სწავლა, მერე კი შუქნიშნებმა "დამიძახეს", ისე მაგრად ჩამავლეს ყურში ხელი, ვეღარაფრისკენ გავიხედე (ეღიმება).
ძალიან მინდა, ვისწავლო. პოლიციის აკადემიაში ჩაბარება ოცნებად მქონდა, მაგრამ სწავლას ფული უნდა. უცნაურია ცხოვრება­ - ზოგს სწავლას აიძულებენ, ჩემთვის კი ფუფუნებაა. თუ სწავლა ვერ შევძელი, ლიკა რომ მოიზრდება, რაიმე ხელსაქმეს შევისწავლი და მუშაობას დავიწყებ.

სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ბელეტაჟზეა. დიასახლისი პირველ სართულზეა, ჩვენ ზემოთ ვართ. არც იქ არის ნორმალური პირობები, მაგრამ კეთილი ადამიანების იმედად ღია ცის ქვეშ არ ვათევთ ღამეს.
დედა რესტორანში მუშაობდა ცოტა ხანს და ხანდახან ნარჩენები მოჰქონდა, ბედნიერად გვახსოვს ის დღეები. მერე რაღაც მოხდა და სამსახურიდან მთელი მორიგე პერსონალი დაითხოვეს. წლების წინ ბებია, დედაჩემის დედა, მეეზოვედ მუშაობდა. გარდაცვალების შემდეგ დედამ ბებიას ადგილი ითხოვა, მაგრამ უარით გამოისტ­უმრეს. დღემდე უყურადღებოდ დევს ჩვენი განცხადება მერიაში.
მაინც ვიბრძვით არსებობისთვის, არ ვნებდებით, შვილი ბრძოლის ძალას მაძლევს. მისი ყურება მამშვიდებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მხიარულობს და იცინის.

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით