"ხშირად მიტირია ქუჩაში უსამართლო რეპლიკების გამო" - კვირის პალიტრა

"ხშირად მიტირია ქუჩაში უსამართლო რეპლიკების გამო"

"ჩემს უბანში ბევრი უკვე სახეზე მცნობს. მომიკითხავენ ხოლმე. ერთხელ გამიღიმებენ და ისე მიხარია მთელი დღე..."

ქრისტინე ტუფურია, 19 წლის სტუდენტი, აფხაზეთიდანაა. თბილისში დასთან ერთად ქირით ცხოვრობს. მიზნად დაისახა, კარგი ექიმი დადგეს და ამ მიზნისაკენ მოთმინებით მიისწრაფვის. პარალელურად დასუფთავების სამსახურში მუშაობს. როგორც ამბობენ, ყველაზე ხალისიანი და მარჯვე თანამშრომელია. "კვირის პალიტრასთან" ქრისტინემ თავის ცხოვრებაზე, საწუხარსა და ოცნებაზე ისაუბრა.

- დასუფთავების სამსახურში აპრილიდან ვარ. მანამდე სტაჟიორად ვმუშაობდი ერთ-ერთ ჰოსპიტალში. გამოცდილებას კი ვიღებდი, მაგრამ გასამრჯელოც მჭირდებოდა, ბინის ქირა მქონდა გადასახდელი, ამიტომ წამოვედი.

გალის რაიონიდან, სოფელ ოტობაიიდან ვარ. ეს საზღვრისპირა სოფელია. მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. მესამე წელია, რაც მე და ჩემი და ჩამოვედით. სტუდენტები ვართ - მე სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობ, ჩემი და კი სამართლის.

სანამ სამსახურს ვიშოვიდი, მშობლები გვეხმარებოდნენ, სხვა გამოსავალი არ იყო, შინამეურნეობა აქვთ, რასაც მოიწევენ, ის არის მათი საზრდო. წელს ძალიან მწირი მოსავალი აქვთ და ვფიქრობ, იქით რით დავეხმარო.

- პირველი სამუშაო დღე გახსოვს?

- ძალიან კარგად. ჰოსპიტალში მორიგეობიდან პირდაპირ ახალ სამსახურში გავეშურე, გზაში ჩამძინებია და დამაგვიანდა. ადგილზე მოსულს გულისხმიერი უფროსი დამხვდა. თანამშრომლებიც ძალიან კარგი მყავს. ყველაზე მეტად სიმძიმეების აწევა და ხანდახან გამვლელებისგან დაუმსახურებელი შენიშვნა თუ დამოკიდებულება მიჭირს. მიტირია კიდეც უსამართლო რეპლიკების გამო.

- რომელ საათზე იწყება შენი სამუშაო დღე?

- დილის 6-დან 11 საათამდე ვმუშაობ. ახლა სანზონაში რამდენიმე ქუჩასა და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას ვასუფთავებ...

ჩემს უბანში ბევრი უკვე სახეზეც მცნობს. ზოგიერთი ისეთი კარგი ადამიანია, მომიკითხავს ხოლმე. ბევრჯერ ხილი ან სხვა რაღაცებიც უჩუქებიათ. ერთხელ გამიღიმებენ და ისე მიხარია მთელი დღე... ღიმილს ხომ დიდი ძალა აქვს.

ახლა სწავლა დამეწყო. ლექციები ხან პირველ საათზე მეწყება, ხანაც ორზე. სასწავლებელში ბევრმა არ იცის ჩემი პარალელური საქმიანობის შესახებ. ვინც გაიგო, ყველას ჯანსაღი რეაქცია ჰქონდა.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. სამსახური, ლექციები, მერე მეცადინეობა. თუ დრო გამოვნახე, ვიძინებ.

- ოტობაიაში როდის იყავი ბოლოს?

- შარშან. მას შემდეგ მამა არ მინახავს, დედა ზაფხულში ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვიდა ორი დღით.

ყველა საზღვარი გადაკეტილია, მარტო ერთი - ოცარცეს ხიდია, საიდანაც შეიძლება აფხაზეთში გადასვლა.

მე გამიმართლა და ქართული განათლება მივიღე, რაც წამოვედი, ჩვენი სკოლა რუსულად გადაკეთდა. ახლა ქართული იქ უცხო ენად ისწავლება. ცდილობენ, ქართველები გააქციონ, კბილებით უჭირავთ იქაურებს სული. ახალგაზრდები აქეთ არიან, იქ არც სამსახურია, არც დასაქმების პერსპექტივა. ბოლოს რომ ვიყავი, მაღაზიაც არ იყო სოფელში. თუ რამე დაგჭირდა, გალში უნდა ჩახვიდე.

საკუთარ სახლზე ვოცნებობ. მინდა კარგი ექიმი დავდგე, დერმატოლოგობას ვაპირებ.

- სად უნდა იდგეს შAენი ოცნების სახლი?

- თბილისში, აფხაზეთში ხომ მაქვს... მენატრება იქაურობა, ნეტავ შემეძლოს ჩემს მშობლიურ მხარეში თავისუფლად ჩასვლა-ჩამოსვლა, ბლოკპოსტების, ახსნა-განმარტებების თუ საბუთების თვალიერების გარეშე. ჩემი აფხაზეთი ხშირად მესიზმრება.

- 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?

- ვიქნები წარმატებული ექიმი, მეყოლება ოჯახი, შვილები... ვიცხოვრებ ერთიან, ბედნიერ საქართველოში.

ეკა სალაღაია