"ნუ გადაიხდით დიდ ფულს საკუთარ სიკვდილში!" - კვირის პალიტრა

"ნუ გადაიხდით დიდ ფულს საკუთარ სიკვდილში!"

"ბინის შეძენის მსურველი შეცდომას უშვებს, როდესაც საცხოვრებელ ადგილს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ირჩევს. მალე დაინახავენ, როგორ გაუფასურდება ეს კაპიტალი. უკვე დაიწყო ეს ტენდენცია. ბევრი ცენტრს ტოვებს"

როდესაც ბინის ყიდვას გადავწყვეეტთ, არაერთ ფაქტორს ვაქცევთ ყურადღებას - როგორი განლაგება აქვს ოთახებს, რომელი სართულია, რაც მთავარია - პრესტიჟულ უბანშია თუ არა სახლი... თუმცა პრესტიჟული უბანი ჩვენთან და საზღვარგარეთ სხვადასხვაგვარად ესმით. უცხოეთში პრესტიჟულად მიაჩნიათ უბანი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია, ესაზღვრება მწვანე ზოლი, ირგვლივ ცოტა ავტომანქანა მოძრაობს.... ჩვენს პრესტიჟულ უბნებში კი განუწყვეტლივ მოძრაობენ მანქანები, კორპუსები გამონაბოლქვსა და მტვერშია გახვეული, მწვანე ზონები კი სანთლით არის საძებარი... მოკლედ, ჯანსაღი ცხოვრებისთვის პირობები არ არის. ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთი შენაძენით სიცოცხლეს ვისწრაფებთ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე სპეციალისტები.

ნინო ჩხობაძე, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე: - ქალაქში ყველა უბანი სხვადასხვანაირად ვითარდება. თუმცა, ბოლო ტენდენციიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, რომელი უბანი უფრო პრესტიჟულია. ვაკე ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად ითვლებოდა, იმიტომ, რომ ირგვლივ ერტყა მთაწმინდის ფერდობები, ბაგების ტერიტორია, ვაკის პარკი, კუს ტბა, იქვე იყო "მზიური", დიდი ვერეს ხეობა აბსოლუტურად თავისუფალი იყო შენობებისგან. ასეთივე ვითარება იყო საბურთალოზე. საბურთალოსაც ჰქონდა წითელი ბაღი, რომლისგანაც, ფაქტობრივად, მესამედია დარჩენილი, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკვე კორპუსებს უჭირავს. იქვე იყო ასათიანის ქუჩა, 4 ჰექტარზე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე უნიკალური მცენარეები ხარობდა. აქეთ იპოდრომი, რომლის ირგვლივ დღეს აქტიურად მიმდინარეობს განაშენიანება, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ნაწილობრივ იყო გამწვანებული, მაგრამ უკვე გაიჩეხა - კომპლექსი აშენდა, ერთი, მეორე, მესამე. აქეთ იყო ზოოპარკის ტერიტორია, თავიდან 20 ჰექტარი, ახლა სამიღა დარჩა.

ვერის ბაღი მწვანეში იყო ჩაფლული. თბილისის ცენტრში 3-4-სართულიანი სახლები იდგა, დღეს კი ამდენი მწვანე ზოლიდან, ფაქტობრივად, არაფერი დაგვრჩა. ჭავჭავაძის პროსპექტი მალე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას დაემსგავსება. ადრე იქ რეკრეაციული ზოლი იყო, დღეს უშველებელი კორპუსები დგას, მოსახლეობა ერთმანეთს ფანჯრებში უყურებს. ფაქტობრივად, გეტო მივიღეთ.

თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 3,5 კვმ გამწვანებული ზოლი მოდის, საბჭოთა პერიოდში 14-15 კვმ. მოდიოდა, მაგრამ მაშინაც კი, 80-იან წლებში, თბილისი ყველაზე ნაკლებად გამწვანებულ ქალაქად ითვლებოდა. დღეს კატასტროფული სიტუაცია გვაქვს, ვაკეში და საბურთალოზე ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფრის 0,5 კვმ თუ დარჩა, ისიც საკითხავია.

დიდუბის ტერიტორიაზეც მუშთაიდის ბაღი განახევრებულია, ელიავას ბაზრობა მონსტრად იქცა. ნურავინ დაიწყნარებს გულს, რომ დიდი დიღომი ან დიღომი დარჩა გამწვანებული - იქაც შეიჭრა ურბანული სისტემა. ახლა თბილისის ზღვის გარშემო დაიწყო განაშენიანება...

ვაკე ისევ რჩება პრესტიჟულ უბნად, თუმცა, რატომ, გაუგებარია. მწვანე ნარგავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იქ აშენებულ სახლებს არ გააჩნიათ ნორმალური საკანალიზაციო სისტემა, წყალმომარაგება. ტრანსპორტზეც თუ ვისაუბრებთ, ჭავჭავაძის პროსპექტი მალე გამტარიანობას დაკარგავს. აქედან გამომდინარე, მითია, რომ ეს უბანი პრესტიჟულია. ვაკეში ვინც ცხოვრობდა და შეძლო, გადავიდა თბილისის შემოგარენში.

თუმცა, მაინც დარჩა ცენტრში მცხოვრებთა დიდი მასა - მათ აშკარად შევიწროებული აქვთ სასუნთქი სისტემა. ჭავჭავაძის პროსპექტი, ვერა, მთაწმინდა, საბურთალო - პრობლემად იქცა. ტრანსპორტით, ძირითადად, პეკინისა და კავსაძის ქუჩები და გმირთა მოედანი დაიტვირთა... პრობლემაა ტრანსპორტიდან გამონაბოლქვის დიდი მოცულობა. ბოლო დღეებში ტემპერატურის ვარდნასთან ერთად გამონაბოლქვი მატულობს, რადგან საცობში არავინ თიშავს მანქანას. მალე თბილისში გადაადგილებაც შეუძლებელი იქნება...

კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი: - საქართველო გარემოს დაბინძურებით მსოფლიოში ლიდერობს ჩინეთსა და ბულგარეთთან ერთად.

ჩვენთან დაბინძურების 97% ძველ ავტოპარკზე მოდის. გამონაბოლქვი მტვრის, მძიმე მეტალებისა თუ ტყვიის სახით ილექება ორგანიზმში, თმაში, სისხლში. ჟანგბადის დანახარჯი, რომელსაც 1 მანქანა მოიხმარს დღე-ღამეში, დაახლოებით 2000 კაცისთვის საჭირო ჟანგბადს უდრის, 1 ოთხძრავიანი თვითმფრინავი კი რეისის შესრულებისას იმდენ ჟანგბადს ხარჯავს, რამდენსაც დაახლოებით 7 000 ავტომობილი.

კატასტროფული მდგომარეობაა აღმაშენებლის, თამარ მეფის თუ წერეთლის პროსპექტებზე, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პეკინის ქუჩასა და რუსთაველის პროსპექტზე... არ ხდება აირაცია, კორპუსებს შორის იმ სანიტარიული ნორმების დაცვა, რომელიც ხელს უწყობდეს მათ განიავებას. ამიტომაც მძიმე მეტალები ბინებში ხვდება და მას ჩვენ ვსუნთქავთ, რაც იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს... იმატა ნაყოფის განვითარების ანომალიებმაც.

ერთ დროს თბილისი ითვლებოდა რესპირაციული დაავადებებისთვის სამკურნალო საუკეთესო გარემოდ, აქ ჩამოჰყავდათ ასთმით და ბრონქიტით დაავადებულები. დღეს კი დღის ბოლოს მთაწმინდიდან რომ გადმოხედოთ თბილისს, დაინახავთ, როგორ არის გახვეული მტვრისა და გამონაბოლქვის ბუღში.

ყველაზე მძიმე სიტუაციაა ცენტრალურ უბნებში, ანუ იქ, სადაც ხშირია საცობები. გაჩერებული მანქანების მიერ გამოყოფილი მძიმე მეტალები ყველანაირ ნორმას აჭარბებს. აირაცია არ ხდება, რადგან ეს სივრცე მაღალი შენობებით არის დაცული. წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაა ცენტრში, სადაც 24 საათი პიკის საათია. მკითხველს მინდა მივმართო: როდესაც საცხოვრებლის შეძენის გადაწყვეტილებას იღებთ, მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, გარემო პირობები და ინფრასტრუქტურაა.

ღირს კი ცენტრალური უბნები იმად, რომ ჩვენი შვილები ეკოლოგიური კატასტროფის მსხვერპლი გახდნენ?! ვინც თბილისის ცენტრში ბინის შეძენისთვის არაადეკვატურ თანხებს იხდის, უნდა იცოდეს - დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ მან და მისმა შვილებმა ლამის ეკოლოგიური უბედურების ზონაში იცხოვრონ! ნუ გადაიხდით დიდ ფულს საკუთარ სიკვდილში!

ნანი მეფარიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ენერგოაუდიტორი: - ქალაქის ძირითადი მაგისტრალი მტკვარია, რომლის ხეობაშიც გადის დაბინძურებული ჰაერი, იმიტომ, რომ მდინარის კალაპოტში მუდმივად ნიავია. მტკვარს თბილისის შემოგარენში 22 მდინარე უერთდებოდა, რომლებიც ხევებს ქმნიდნენ. ამ მდინარეების მეშვეობით მთებიდან ხეობებში სუფთა ჰაერი შემოედინებოდა და მტკვარი იძლეოდა საშუალებას, დაბინძურებული ჰაერი გასულიყო ქალაქიდან. თბილისი ნიავდებოდა. შემდგომში მდინარეები დაგმანეს, გადახურეს, ხეობები ამოავსეს. დღეს ქალაქში მიმდინარე მშენებლობები ძალიან აზარალებს თბილისს. ბუნებრივი სავენტილაციო სისტემა ფულის მოპოვების წყურვილით, ჩვენივე ხელით დავგმანეთ. უწესრიგოდ ჩადგმული მაღალი შენობების გამო მზის სხივები ბინებში ვეღარ აღწევს. არადა, დიდი მნიშვნელობა აქვს - მზე კლავს ბაქტერიებს, გვამდიდრებს D ვიტამინით, დაჩრდილული სახლი კი კარგავს სასიკეთო მახასიათებლებს და ადამიანისთვის სახიფათოა. წესით, შენობას აქვს თავისი ჰაერცვლის ნორმა. გარედან უნდა შემოდიოდეს სუფთა ჰაერი და დაბინძურებული გაედინებოდეს სააბაზანოსა და სამზარეულოში დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემით. თუ ჰაერის შემოდინება ვერ მოხდა, საცხოვრებელ გარემოში იქმნება მაღალი კონცენტრაციის ნახშირორჟანგი, ჩვენ მას ვსუნთქავთ და ვიზიანებთ ჯანმრთელობას. ჩვენთან არავინ ამოწმებს, ნორმის მიხედვით ჰაერცვლა რამდენი უნდა იყოს - ვისაც როგორ უნდა, ისე აშენებს.

ალბათ, ჩვენი მოსახლეობაც არ არის სათანადოდ გათვითცნობიერებული. შეცდომას უშვებენ, როდესაც საცხოვრებელ ადგილს ირჩევენ არა იმის მიხედვით, თუ რამდენად ეკოლოგიურია შენობის მდებარეობა, არამედ იმით, თუ რამდენად პრესტიჟულია ესა თუ ის უბანი საცხოვრებლად. ვისაც ჰგონია, რომ პრესტიჟულ უბნებში ბინების შეძენა და ცხოვრება კარგია, ცდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ე.წ. პრესტიჟულ უბნებში ბინის ყიდვით კაპიტალს აბანდებს, ძალიან ცდება. მალე დაინახავენ, როგორ გაუფასურდება ეს კაპიტალი. უკვე დაიწყო ეს ტენდენცია. ბევრი ცენტრს ტოვებს. მიაქციეთ ყურადღება, საელჩოები როგორ იწევენ ცენტრიდან ქალაქის შემოგარენში. აღარ არის მთავარი მოთხოვნა სამსახურიდან 5 წუთის სავალზე ცხოვრება, ჯანმრთელობა ბევრად პრიორიტეტულია. გირჩევთ, ცენტრალურ უბნებში მიმოსვლისას ბავშვი აუცილებლად ხელში გყავდეთ აყვანილი, რადგან ავტომანქანებიდან თუ კორპუსებში დამონტაჟებული გათბობის სისტემებიდან გამოყოფილი მძიმე აირები ქვემოთ ეფინება, ბავშვის სიმაღლეზე. ბავშვი მას ისუნთქავს და იწამლება.

ეკა სალაღაია