ყველაფერი ფაროსანას შესახებ
03-10-2017
ყველაფერი ფაროსანას შესახებ
წარმოშობა და გავრცელება

მავნებლის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. თავდაპირველად იგი გავრცელდა ჩინეთში, იაპონიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანსა და ვიეტნამში.
1996 წლიდან მავნებელი გავრცელდა აშშ-სა და კანადაში, 2007 წლისთვის შენიშნეს შვეიცარიაში, 2010 წელს - ახალ ზელანდიაში.

2015-2016 წლებში მავნებელი გავრცელდა რუსეთსა და საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, სადაც მავნებლის მაქსიმალური კონცენტრაცია გულრიფშისა და სოხუმის რაიონებში იყო. ატმის, მანდარინისა და ხურმის მოსავალი აქ 2-3 ჯერ შემცირდა.
ამჟამად აზიური ფაროსანა ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და დიდად
აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ზიანი

მავნებელი აზიანებს ხილს - ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირას, სიმინდს. მწერის რიცხოვნობის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა, შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. მცენარეებით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს - მაისი
დან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე განაგრძობს. იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს.

რა ზომებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ

გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები მოსახლეობამ უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. ერთი მოზამთრე ფაროსანას განადგურება მომავალი სეზონისთვის 200-მდე მწერის განადგურებას ნიშნავს. მავნებელი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში, ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე. მაისიდან საჭიროა ყოველკვირეული დაკვირვება თხილისა და ხეხილის ბაღებში.

როდის არის უმჯობესი შეწამვლის დაწყება?

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებლის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში).

სიცოცხლის ციკლი

ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან - მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), ხუთი ასაკის გავლის შემდეგ ზრდასრულ მავნებლად გადაიქცევიან. მისი ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს სურათით - ფეხებზე, თეთრი ზოლებით მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით