"მთა ჩემი ცხოვრებაა..." - გაიცანით ჟამუშის უძველესი ტაძრის პატარა მცველი (+ ვიდეო)
გიორგი ქალდანი: "ამჩუ ხოჩა ლი - აქ კარგია!"
წელს ბევრი ვიმოგზაურე, უამრავი საინტერესო ადგილი ვნახე, მაგრამ ადრეც მითქვამს და დაუსრულებლად გავიმეორებ: სვანეთი სხვა სამყაროა, იდუმალი, მუდამ რომ გიზიდავს და მუდამ ამოუცნობად რომ რჩება.
ენგურის წყალსაცავიდან დაწყებული აღმართი "შემეცნებითი გზა" უფრო იყო, ვიდრე, უბრალოდ, ასფალტიანი ტრასიდან გრუნტიან-ქვაღორღიან მიხვეულ-მოხვეულებში ძრომიალი და ექსტრემი. იქ ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს შესანიშნავ თანამგზავრ მეგობრებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი რამ ვნახე და მართლაც განსაცვიფრებელი "ქვეყანა" აღმოვაჩინე. ამჯერად ერთ შეხვედრაზე გიამბობთ, უძლიერესი შთაბეჭდილება რომ დაგვიტოვა თითოეულს და დღემდე არ გაგვნელებია.

მოგზურობის მეორე დღეს მულახის თემის სოფელ ჟამუშში შევიარეთ, მაცხოვრის სახელზე აშენებული ტაძარი უნდა გვენახა. ქვით ნაშენი ღობის კარიდან ეზოში რომ შევედით, საოცარი პანორამა დაგვხვდა - იქვე - სვანური სახლი, შუაში ეკლესია, გვერდით ჩამონგრეული კოშკი და ირგვლივ ალაგ-ალაგ დანგრეული ღობე. ეზოში ქალბატონი იყო, ბავშვით, იქვე პატარა სვანი გოგონები შევნიშნეთ, ორივენი - ულამაზესები. ყველას მივესალმეთ და ავუხსენით, ტაძარში შესვლა რომ გვინდოდა.

ამ დროს ეზოში პატარა ბიჭმა ურიკა შემოაგორა და ქალბატონმა სწორედ მას სთხოვა გასაღების მოტანა. ვიცოდით, სვანური ტრადიციით, ტაძრის კარი მამაკაცს უნდა გაეღო და რადგან უფროსი მამაკაცები შინ არ იყვნენ, ეკლესიის კარიც ოჯახის უმცროს მამაკაცს დაევალა. ასე გავიცანით მერვეკლასელი გიორგი ქალდანი - იმ გვარისა და ოჯახის შვილი, ვისაც ამ ტაძრის გასაღები აბარია. გიორგი, ფაქტობრივად, ამ ტაძრის სტიქაროსანიცაა და მისი სიწმინდეების მცველიც. ეს პატარა ბიჭი ზრდასრული მამაკაცივით შეგვიძღვა ტაძარში და შესაშური მასპინძლობაც გაგვიწია. მართალია, იმ წუთას სტიქარი არ ეცვა, ზეთი მაინც გვაცხო, ოჯახის ნებართვით კი საკურთხევლიდან ვერცხლის დიდი მედალიონი გამოგვიტანა, ერთ მხარეს წმინდა გიორგის, მეორე მხარეს კი - დედაღვთისმშობლის გამოსახულებით. - ეს ჩვენი სიწმინდეა, ქალდანების წინაპარს ეკეთა. შუაში იხსნება და სვანური ლოცვა წერიაო, - აგვიხსნა და მასთან მიახლების საშუალება ყველას მოგვცა.

მერე აგვიხსნა: ეს ტაძარი XIII საუკუნეშია მოხატული. აქ წმინდა გიორგის X საუკუნის ჭედური ხატია, რომელიც მეფე გიორგი II-ს შემოუწირავს. კარგად არ ჩანს, მაგრამ, მგონი, ეს ძალიან ძველი, VI თუ VII საუკუნის ხატიც წმინდა გიორგისა უნდა იყოს, ლითონის ნაკეთობაა. კარიც ძველი მოჭედილია. ეკლესიაში წირვა-ლოცვა ტარდება ხოლმე, მაგრამ არა - ყოველ შაბათ-კვირას. მღვდელი გვყავს, მაგრამ სვანი არ არის, გვარად - ბუცხრიკიძეა. ჩვენი მოძღვარი ჭოლაშის ეკლესიაშიც წირავს, ჩვაბიანშიც და აქაც, ამიტომ წირვა-ლოცვასაც მონაცვლეობით ატარებსო.

მართალია, ვჩქარობდით, მაგრამ გიორგისთან ყოფით საკითხებზე გასაუბრება მაინც მოვასწარი.
- გიორგი, როგორ ცხოვრობთ ამ მთებში, რას საქმიანობთ?
- ზაფხულში ბევრი საქმეა: ვთიბავთ, ვთოხნით, კარტოფილს უნდა მოვუაროთ, მერე - ის კარტოფილი უნდა ავიღოთ, ზამთარში კი ხან ისე ვართ, ხან ასე.
- ანუ ზამთარშიც არ ტოვებთ აქაურობას?
- არა.

- ერთმანეთს შენი სოფლის, ჟამუშის ეკლესიაზე შევხვდით. რას მიამბობ ამ ეკლესიაზე, ვის სახელზეა აგებული და წირვა-ლოცვა თუ ტარდება?
- ეს ეკლესია IX-X საუკუნისაა. მის უკან რომ კოშკის ნანგრევია, ის რომ დაინგრა, ხომ ასე ახლოსაა ეკლესიასთან? ერთი ქვაც არ მოხვედრია, ნანგრევები აქვე მდგარი სახლის იქით გადაიყარა.
- ეს შენი სახლია?
- კი. შესასვლელი ეკლესიის ეზოს უკანა მხრიდან აქვს.
- ჩვენ რომ გვეპრანჭებოდა, პატარა ლამაზ გოგონაზე - ნატალიაზე მითხარი, ჩემი ძმისშვილიაო. რამდენი დედმამიშვილი ხართ?
- ორი უფროსი ძმა და ერთი და მყავს. ძმები ახლა მინდორში არიან, გათიბეს იქაურობა (მიჩვენებს მინდორში მყოფ ძმებს და მიხსნის, იქითა ნატალიას მამა არისო - ი.ხ.). ყველანი ერთად ვცხოვრობთ, ამ სახლში.

- შენ, პირადად, რა საქმეებს გავალებენ ოჯახში, რას აკეთებ ხოლმე?
- რა ვიცი, აბა (იცინის)! უფრო მეტად, სახლის საქმეები მაქვს. თიბვაში არ მოვხმარებივარ ძმებს, მაგრამ ეზოს ღობე კი მე გავაკეთე. ჩემი ძმები მინდორს მთლიანად რომ მოთიბავენ, მერე საფორცხავი იქნება და მეც დავეხმარები.
- მოკლედ, სოფელში საქმეს რა დალევს! სწავლა?
- სკოლა იქითა სოფელში გვაქვს, ჭოლაში ჰქვია იმ სოფელს. სკოლაში 35 ბავშვი ვართ, ჩემს კლასში - შვიდნი ანუ ჩვენ - მერვეკლასელები ყველაზე მეტნი ვართ.
- როგორ სწავლობ, ზარმაცობ თუ...?
- ჰოო, რა, ცოტას ვზარმაცობ... მაგრამ სოფლის საქმეში - არა.
- მოსაწყენია აქ ცხოვრება?
- როცა სტუმრები არიან ჩამოსული, მაშინ არ ვიწყენ, მაგრამ ისე - კი. აქვე, ახლოს ცხოვრობს ჩემი ერთი ძმაკაცი და იმასთან ვერთობი ხოლმე.
- ძალიან ცივა ხოლმე?
- ზამთარში - კი, თორემ ზაფხულში სიცხეა. წელს მაინც ძალიან ცხელოდა.
- ზამთარში თხილამურებით სრიალებ ხოლმე?
- კი, თეთნულდზე. იქიდან ვეშვები.
- ყოჩაღი ყოფილხარ! გბეზრდება მთა?
- არა.
- მაშინ ის მითხარი, რას ნიშნავს შენთვის მთა, აქაურობა?
- რა ვიცი, აბა? მთა ჩემი ცხოვრებაა...
- როგორია მთა?
- კარგია...
საუბარს გიორგის დედა შემოუერთდა: უთხარი, მულახი რატომ ჰქვია ჩვენს სოფელს, მულახი "მამა მთა" არისო. გიორგიმ უკმაყოფილოდ უთხრა: "მუ" რომ "მამას" ნიშნავს, ვიცი, მაგრამ "ლახი" ვერ გავიგე, მაშინ "ლახვი" უნდა იყოს, რადგან "მთას" ნიშნავსო. დავამშვიდე, ალბათ, დროთა განმავლობაში დაიკარგა "ლახვიდან" "ვ"-მეთქი და გიორგიც ჩაცხრა.
- მითხარი რაიმე სვანურად, გულს რომ გაუხარდეს, ისეთი და მერე გადამითარგმნე...
- ამჩუ ხოჩა ლი! - აქ კარგია! ამიტომ ხშირად ამოდით ხოლმე სვანეთში!
აბა, ნაღდ სვან კაცს სხვა რა უნდა ეთქვა სტუმრისთვის! ჰოდა, ჩვენც მტკიცედ ვუპასუხეთ, შენც არასდროს დაგივიწყებთ და სვანეთშიც ხშირად ამოვალთ, შენნაირი ბიჭები კი, ღმერთმა უმრავლოს ჩვენს საქართველოს-თქო!
იხილეთ ასევე: "რატომ მე მაინც და მაინც? ჩემს გვერდით უამრავი ადამიანი აქრობდა ცეცხლს" - 13 წლის ბიჭი, რომელიც ხანძარს შიშველი ხელით ებრძოდა
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)