"დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!" - ფიქრის გორიდან მთელი სიცოცხლე...
"დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!" - ფიქრის გორიდან მთელი სიცოცხლე...
ხელოვანი ადამიანისთვის სიყვარული შთაგონების წყაროა, თუმცა თითოეული მათგანი ამ გრძნობას სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ზოგისთვის ერთი პატარა ნაპერწკალია, რომელიც მალე ჩაინავლება, ზოგისთვის კი - ერთ დიდ ცეცხლად აგიზგიზდება. ბევრისთვის იგი უკიდეგანო ზღვასავითაა, ღელვის დროსაც რომ არ უშინდება... ასეთი შედარებებები ისევ და ისევ მათ ეკუთვნით - ცნობილ მწერლებს, მსახიობებს თუ მუსიკოსებს, რომლებმაც შედევრები შექმნეს.

ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი საგარეჯოში შეხვდნენ ერთმანეთს. იქ თეატრალური სტუდია ჰქონდა გახსნილი საფრანგეთიდან დაბრუნებულ გიორგი ჯაბადარს. სადაც მოსკოვიდან ჩამოსული ვერიკოც დადიოდა... ის შეხვედრა მრავლისმომცველი იყო. ალბათ, ასეთ წუთს
ჰქვია "სამუდამო ტყვეობა" - 24 წლის მიხეილ ჭიაურელს ვერიკოს სახელის ხსენებაზე გული აუჩქროლდა, მანამდე არ ჰყავდა ნანახი.


ამ შეხვედრას თავად ჭიაურელი ასე იხსენებს: "მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშანავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს
სთხოვა რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... "ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს",- გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, - მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი... რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე..."

ამ დღიდან მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა. თუმცა, გარკვეული დროის მერე, ერთმაც შექმნა ოჯახი და მეორემაც, კაციც ძალიან ცნობილი გახდა და ქალიც. ცალ-ცალკე ყოფნის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს იმ "ცეცხლის" ჩაქრობა, შორიდან რომ სწვავდა ორივეს. დიდხანს ვერ ბედავდნენ ოჯახიდან წამოსვლას...

დაბოლოს, გაწყდა იქ, სადაც თმენის ძაფი ყველაზე წვრილი იყო, - "დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!" - უთხრა კაცმა ქალს, ხელი მოკიდა და ნაზად, ძალიან ნაზად ეამბორა. იმ ადგილიდან, სადაც შეხვდნენ და ერთმანეთს აკოცეს, თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა. პაემნის ადგილი ჭიაურელისთვის ყველაზე წმინდა ადგილად იქცა - აქ, ფიქრის გორაზე, მათ ხომ ერთმანეთს სიყვარული შეჰფიცეს. ჰოდა, ამაზე ორიგინალური რაღა უნდა მოეფიქრებინა ხელოვანს, თუ არა, სახლის აშენება! და მართლაც, ცოტა ხანში, ფიქრის გორაზე აშენდა სახლი, სადაც ორმა დიდმა ხელოვანმა ერთად დაიდო ბინა...


მანამდე კი... მანამდე ორივეს საკმაოდ რთული ბარიერი ჰქონდათ გადასალახი. მოსკოვიდან ჩამოსულ ვერიკოს სახელოვანი შალვა ამირეჯიბი ეტრფოდა - გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პოეტი და ჟურნალისტი. იგი 11 წლით უფროსი იყო ვერიკოზე. მათი ურთიერთობა გახმაურდა და ჭიაურელიც გვერდზე გადგა, ოჯახი შექმნა, - ეგებ დავივიწყოო ვერიკო, მაგრამ სიყვარული როდის ეგუება მოვალეობის ჩარჩოებს?! ცნობილია, რომ ჯვრისწერიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა. მას ხომ უსაზღვროდ უყვარდა მიხეილ ჭიაურელი, რომელსაც უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა. ამბობენ, რომ სიკვდილის წინ მამამ სთხოვა ქალიშვილს, გაჰყოლოდა ცოლად ამირეჯიბს. ვერიკომაც შეასრულა მისი თხოვნა, მაგრამ მათი ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო - ვერიკოს გული სხვას ეკუთვნოდა.

მიუხედავად განშორებისა, შალვა ამირეჯიბს ვერიკო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. მას ემიგრაციაში წასულსაც აღარ შეურთავს მეორე ცოლი.

მიხეილ ჭიაურელი 1894 წლის 25 იანვარს დაიბადა, თბილისში. 1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრებში, როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დაარსა სატირის თეატრი. 1925-27 წლებში კი იყო მუშათა თეატრისა და "წითელი თეატრის" რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. იგი სტალინის ცნობილი კინომითის შემქნელი და ბელადის საყვარელი თამადაც გახლდათ. ამბობენ, რომ სტალინი ხშირად იწვევდა თავისთან ჭიაურელს და მისი სუფრის უცვლელი თამადა სწორედ ის იყოო.

ვერიკო ანჯაფარიძე კი, ნამდვილი ქუთაისელი კნეინა ბრძანდებოდა. იგი 1900 წლის 30 იანვარს დაიბადა ქუთაისელი ინტელიგენტის ოჯახში. ბაბუა, გრიგოლ ანჯაფარიძე, გამოჩენილი იურისტი იყო, ხოლო მსახიობის მამა, ივლიანე - ნოტარიუსი. ვერიკოს ბავშვობიდან ეტყობოდა სამსახიობო ნიჭი. ისე მხატვრულად წაიკითხავდა ხოლმე სტუმრების წინაშე გრძელ ლექსს, აღფრთოვანებაში მოჰყავდა ყველა. ამიტომაც, როცა მან მსახიობობა გადაწყვიტა, არავინ შეწინააღმდეგებია,…თანაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და ისედაც იცოდნენ, ვერიკო ასე იოლად არ დათმობდა თავის პოზოციებს... ასე რომ, ანჯაფარიძის ქალმა ჯერ წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა, მერე კი მოსკოვში გაემგზავრა, აიდაროვის ცნობილ დრამატულ სტუდიაში სასწავლებლად. იქიდან ჩამოსულმა ჭიაურელი გაიცნო და...

დანარჩენი წერილის დასაწყისში უკვე გიამბეთ. ამ წყვილმა ერთობლივად ისეთი შესანიშნავი ფილმები შექმნა, როგორებიცაა "დიადი განთიადი", "გიორგი სააკაძე", "ბერლინის დაცემა", "ოთარაანთ ქვრივი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" და სხვა. ამ ფილმებთან ერთად მათი სიყვარულიც ლეგენდად დარჩა.

იხილეთ ფოტოგალერეა

nini@
23 ოქტომბერი 2017 03:05
ულამაზესი რომანტიული და რისკიანი ისტორია ორი დიდი ხელოვანისა, ლეგენდარული სიყვარული ორი დიდი ლეგენდისა, ქედს ვიხრი ასეთი ულამაზესი ისტორიის წინაშე.........
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?