"პოლიტიკაში წასვლა მთლად ცუდი არ უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაში წასვლა მთლად ცუდი არ უნდა იყოს"

პაატა გულიაშვილი "რუსთავი 2"-ზე აღარ მუშაობს. აშკარაა, მიმდინარე სეზონში მისი სამუშაო გეგმა შეიცვალა. შემოქმედებით სიახლეებზე, მსახიობის ყოფასა და დღევანდელობაზე მან "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:

- მალე ერთ-ერთ ტელევიზიაში და პარალელურად ერთ-ერთ რადიოარხზე დავიწყებ მუშაობას. ისევ ვრჩები სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", შესაბამისად, მე-12 სეზონშიც გამოვჩნდი. ამ პროდუქტს ძალიან მაგარი გუნდი ქმნის. მომწონს, რომ მეც მისი წევრი ვარ.

ამ ყველაფრის პარალელურად ვმუშაობ რუსთაველის თეატრში. რაც შეეხება თელავის თეატრს, ახლახან ჩამოვედით გასტროლიდან - რობიკო სტურუასა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის დადგმით "ვინ გატეხა ქოთანი" ერთკვირიანი გასტროლი გვქონდა ვილნიუსში. წარმატებით ჩაიარა.

- ბოლო პერიოდში არაერთი თეატრის ხელმძღვანელი გამოიცვალა. კარგია, რომ ეს ცვლილება თქვენ არ შეგეხოთ და კვლავ რჩებით თელავის თეატრის ხელმძღვანელად.

- მე გამიგრძელდა 4-წლიანი ხელშეკრულება. როგორც ვიცი, თეატრის ხელმძღვანელების უმრავლესობა თანამდებობაზე დარჩა, მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი შეიცვალა. იმის გარდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების უფლება კულტურის მინისტრს აქვს, 100%-იანი მხარდაჭერა მქონდა თელავის თეატრიდანაც.

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ თეატრში, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელიც. ცოტა ხნის წინ მოლაპარაკება ვაწარმოეთ ლევან წულაძესთან, რომელიც მალე დადგამს თელავის თეატრში "კაცია-ადამიანს", პრემიერა ნოემბერში იქნება. რობერტ სტურუა, ლევან წულაძე - ასეთი რეჟისორები ყველა პერიფერიის თეატრში არ ჩადიან. მიმაჩნია, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისითაც თელავის თეატრი წინ მიიწევს.

- ოჯახზეც მიამბეთ.

- მეუღლე უვლის ბავშვებს, ოჯახს, როგორც ეკადრება ქართველ ქალსა და დედას. ორი ბიჭის მამა ვარ, უფროსი მე-7 კლასშია, უმცროსი - მე-4-ში. უფროსი რაგბით არის გატაცებული, უმცროსს ფეხბურთი უფრო მოსწონს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განათლება, შესაბამისად, მინდა მეტად შევუწყო ხელი შვილებს.

- პოლიტიკაში მოსვლაზე თუ გიფიქრიათ?

- ჩვენს ცხოვრებაში პოლიტიკა ისე შემოიჭრა ყველაფერში, რომ პოლიტიკის ნაწილია მთელი საქართველო, ან პირიქით, პოლიტიკა არის საქართველოს ნაწილი. პოლიტიკაში მოსვლაზე არ მიფიქრია, თუმცა, ჩემი კოლეგები, ვინც პოლიტიკაში წავიდნენ, არა მგონია, ცუდად გრძნობდნენ თავს. მთლად ცუდი არ უნდა იყოს.

- კოლეგებისთვის თუ ქვეყნისთვის?

- ქვეყნისთვისაც არ უნდა იყოს ცუდი საღი გონების ადამიანი. ვფიქრობ, შემოქმედება გადაარჩენს სახელმწიფოს და მგონი, აქეთ უფრო მეტი დრო უნდა დახარჯონ... ხანდახან აბსურდულ რაღაცებში ხარჯავენ ადამიანები დროს.

- რის შეცვლას ისურვებდით თბილისში?

- მე არა ვარ თბილისელი, 16 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი. თელაველი ვარ, ვგიჟდები ჩემს ქალაქზე, თელავის საპატიო მოქალაქეც ვარ, მაგრამ თბილისზეც ვფიქრობ... ჩემი აზრით, ხელოვნებას მეტად უნდა მიხედონ. ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველის თეატრის ეროვნულ თეატრად დასახელება, წლებია ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, არც ერთ თეატრს არ ვჩრდილავ, მაგრამ ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რომ თუკი რომელიმე თეატრს ეკუთვნის ასე მოხსენიება, პირველ რიგში რუსთაველის თეატრს, შემდეგ მარჯანიშვილს... ოპერა თავისთავად ერთი და განუმეორებელია.

კაზინოები, მარიხუანის ლეგალიზაცია, ეს თემები არ მაინტერესებს. აკრძალვაზე თუ მიდგა საქმე, აჯობებს, ღვინის გაფუჭება იყოს დასჯადი. მარიხუანის მოხმარება არ უნდა დაკანონდეს, თუმცა, მცირე რაოდენობით მოხმარებისთვის განუსაზღვრელი ვადით პატიმრობა არ მიმაჩნია გამართლებულად. გავხსნიდი რეაბილიტაციის ცენტრს, ერთხელ, ორჯერ, ქართულად სამჯერაც ვაპატიებდი და მერე... ხომ არის მილიონი საშუალება, შრომით რომ ხდება დანაშაულის გამოსყიდვა, აქაც გამოხვეტონ, გაწმინდონ. კანონი ვერ კანონობს, ალბათ, და იმიტომ არიდებენ ასეთ პრევენციას თავს, იციან, ვიღაც დაურეკავს და ეტყვის, არ გამოახვეტინოთ, ჩემი ახლობელიაო. გაუგებარია ისიც, მოსაწევის ლეგალიზებით ტურისტულად როგორ განვითარდება საქართველო? სასაცილოა ამაზე ბჭობა. კაზინოში 2-3-ჯერ შევბოდიალდი სტუდენტობისას ისიც იმიტომ, რომ ვისკი იყო უფასო, აზრზე არა ვარ, რა ხდება ამ დაწესებულებაში.

ვისურვებდი, როგორც პედაგოგებს, მსახიობებსაც ჰქონდეთ ხელფასისა და პენსიის ერთდროულად აღების საშუალება. იცით, რომ არც ერთი პრემია აღარ არსებობს, არც დამსახურებული არტისტი, არც სახალხო... მგონი, არც ერთ პოლიტიკოსს არა აქვს კულტურის განვითარების გეგმა თავის პროგრამაში გაწერილი. არაფერი დაშავდება, კულტურის სფეროში მოღვაწეებს სახელმწიფო თუ შეინახავს, ბევრი-ბევრი 700 კაცი მოგროვდეს ასეთი. 79 წლის რობერტ სტურუას მანქანაც კი არ ემსახურება. ასევე ვიტყოდი თემურ ჩხეიძეზე. რატომ არ შეიძლება სახელმწიფო ასეთ ადამიანებს მოეფეროს, დააფასოს და მომავალი რეჟისორისთვის სამაგალითო გახადოს.

პარლამენტში, ჩემო ბატონო, მსახიობები რომ სხედან დღეს, კარგი იქნება, ისაუბრონ ამ პრობლემებზე, ერთად ყოფნისას მათაც ხომ აწუხებდათ ეს საკითხი.

ცხოვრებაში შრომის გარდა არაფერი მინახავს. მთავარი სიყვარული, ჯანმრთელობა და ის ადამიანებია, ვისთვისაც არსებობ. თუ სიყვარული შეგიძლია, ცხოვრებას აზრი აქვს. სხვა ყველაფერი წარმავალია...

თურმე ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ადამიანს ქუთაისში დაურეკეს, 1993 წელია, გაჭირვება, სიცივე, სოიის კატლეტი, უბედურება... უკითხავთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ქუთაისში ძეგლი რომ დაგიდგათო. ძეგლი კი არა, "ფეჩი" დამიდგით, გამეყინა ბავშვებიო, უპასუხია. ეგაა... სხვა ქვეყნებში, მაგალითად, აზერბაიჯანში გადაღებებზე რომ დავდივართ, არ იცით, რა ჰონორარებზეა ლაპარაკი. რამდენადაც ისინი აფასებენ მსახიობებს, იმდენად არ აფასებენ ჩვენთან.

ეკა სალაღაია