"რა უნდოდათ იქ გამსახურდიას საჯარისო ნაწილებს"- ინტერვიუ ბრიტანელ ფოტოგრაფთან, რომელმაც ჭუბერის ჯოჯოხეთი გადაიღო
"რა უნდოდათ იქ გამსახურდიას საჯარისო ნაწილებს"-  ინტერვიუ ბრიტანელ ფოტოგრაფთან, რომელმაც ჭუბერის ჯოჯოხეთი გადაიღო
ფოტოგალერეა

"ასეთია ომი და ასეთია ჩემი პროფესიაც"

"იმ ჯარისკაცმა მხარზე ხელი მომიტყაპუნა... გამსახურდია? ნო პრობლემო, მითხრა. ჩამოგვსხეს ტანკიდან და წავიდნენ. ჩვენ კი ვიდექით გზაზე, ჯერ კიდევ გონს მოვდიოდით"


27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 24 წელიწადი შესრულდა. ბრიტანელი ფოტოგრაფის,­ მაიკლ გოლდუოტერის კამერამ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივ­ნეული მომენტი შემოგვინახა - როგორ ტოვებენ ქართველები სოხუმს და მათი განსაცდელით სავსე მსვლელობა ჭუბერის უღელტეხილზე. 24 წლის შემდეგ უნიკალური კადრების ავტორმა ბრიტანელმა ფოტო­გრაფმა თავის აფხაზურ თავგადასავალზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ბრიტანელ ფოტოგრაფს "კვირის პალიტრა" ლონდონში ესაუბრა:

- პირველ რიგში, გმადლობთ, რომ ეს ფოტოკადრები შემოგვინახეთ. როგორ მოხვდით საქართველოში?

- ეს სამხედრო ფოტოგრაფიაში, ან როგორც უწოდებენ, ომის ფოტოგრაფიაში ჩემი პირველი ნაბიჯი იყო. მე და ჩემმა მეგობრებმა სააგენტო ჩამოვაყალიბეთ და რეგიონები დავინაწილეთ. ჟურნალ "ინდეპენდენტს" შევთავაზე, რომ საქართველოში წავიდოდი ფოტორეპორტაჟის გასაკეთებლად. იდეა მოეწონათ და საქართველოს მთავრობასთან სულ რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ უკვე თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავში ვიჯექი. პირველივე დღეს პოლონელ ფოტოგრაფს, სახელად კრისს, შევხვდი და გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით სოხუმში ომის გადასაღებად.

მეორე დილით უცნაურ საბჭოთა მანქანაში ჩავსხედით და წავედით. თბილისიდან რომ გავდიოდით, სოხუმი ჯერ კიდევ არ
იყო დაცემული, ეს ამბავი გზაში გავიგეთ, რადიოთი
. ასე რომ, გადავწყვიტეთ, ოჩამჩირეში წავსულიყავით, ვფიქრობდით, რომ ფრონტის ხაზი ახლა იქ გადაინაცვლებდა. გზაში, მგონი, ქალაქ გალთან ახლოს, ზვიად გამსახურდიას ხალხმა­ გაგვაჩერა, გვითხრეს, გამსახურდიას უნდა შეხვდეთო და სულ ჯიკავ-ჯიკავით მიგვაბრძანეს მის ოფისსა თუ შტაბში. გადავიღეთ ფოტოები, პატარა ინტერვიუც ჩავწერეთ, მაგრამ რაც მთავარია, გამსახურდიამ საკუთარი პრესსაშვი მოგვცა. უკვე ორი საშვი გვქონდა, მთავრობისა და გამსახურდიასი...

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ზვიად გამსახურდიამ?

- უცნაური შეგრძნება დამიტოვა - უფრო არა როგორც პიროვნებამ, რადგან უკიდურესად კულტურული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არამედ იმან, თუ როგორ იქცეოდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისმა ქმედებებმა უნებლიეთ დააჩქარა კიდეც მთელი ის უბედურება, რაც შემდეგ მოხდა. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, მეორედ გამსახურდია ოჩამჩირეში ვნახე, ერთი დღით ადრე, ვიდრე ქალაქს დატოვებდნენ... განკარგულებებს იძლეოდა. იმავე დღეს, მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ სამთავრობო ძალები, რომლებიც აფხაზებთან საბრძოლველად ემზადებოდნენ, გამსახურდიას ხალხმა განაიარაღა.

გაოგნებული ვიყავი, ვერაფრით გამეგო, რატომ კინკლაობდნენ ქართველები, რატომ ებრძოდნენ ერთმანეთს, როდესაც საერთო მტერი იქვე იდგა და მისი იერიში გარდაუვალი იყო.


- მეორე მხრივ, გამსახურდია კანონიერი პრეზიდენტი იყო და ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ მას უღალატეს.

- მესმის, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ ამ შიდა კონფლიქტით მხოლოდ მოწინააღმდეგე ხეირობდა. ვფიქრობ, რომ არა კონფლიქტი გამსახურდიასა და შევარდნაძეს შორის, აფხაზები ომის დაწყებას ვერ გაბედავდნენ. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება: მეორე დღეს, როდესაც აფხაზებმა იერიში დაიწყეს და ოჩამჩირეს ყველა ტოვებდა, ზუგდიდისკენ მიმავალი გზა ხალ­ხით იყო სავსე და თვალებს არ დავუჯერე, როდესაც ამ ხალხში ტანკები დავინახე, ტანკებზე კი გამსახურდიას საჯარისო ნაწილები. ვერ მივხვდი, რა უნდოდათ იქ სამხედროებს, რატომ მიდიოდნენ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, რომელიც გამწარებით ცდილობდა, სამშვიდობოს გასულიყო... სურათები გადავუღე... ტანკზე მიბმული იყო ფეშენებელური საბჭოთა ვოლგა, რომელშიც ასევე სამხედროები ისხდნენ... როგორც კი დაინახეს, რომ სურათებს ვუღებდი, ერთ-ერთი გადმოხტა და იარაღი მომიშვირა. დღესაც მახსოვს, ორივე ხელში რევოლვერი ეჭირა, მეგონა, ასეთ რაღაცებს მხოლოდ ჰოლივუდსა და ვესტერნებში აკეთებდნენ. მითხრა, კამერა მომეციო, მივეცი და უკან გამომიწოდა, ფირი ამოიღეო... ესეც მივეცი... მახსოვს, როგორ ვიდექი ტალახში, არც პასპორტი მქონდა, არც კამერა, არც ფირი, მგონი, ფოტოგრაფის ნიშანიც კი მომახსნევინეს და ველოდი, რას მიზამდნენ... ბოლოს მითხრა, ტანკზე აძვერიო. ავძვერი, ვიჯექი ტანკზე, ის კი ჩემს ნივთებში იქექებოდა.

მალე კრისი და კიდევ ერთი ფოტოგრაფი შემომიერთდნენ. კრისმა რუსული კარგად იცოდა და სცადა, მოეყოლა, გამსახურდიასთან რომ ვიყავით, საშვიც აჩვენა, რომელიც მე სულ აღარ მახსოვდა. ავყვირდი, საშვი ჩემი კამერის ჩანთის, რომელიც ტალახში ეგდო, ჯიბეში დევს-მეთქი. ნახეს, ცოტა ხანი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ბოლოს დამიბრუნეს ყველაფერი. იმ ჯარისკაცმა მხარზე ხელი მომიტყაპუნა და, ნო პრობლემ! გამსახურდია? ნო პრობლემო, მითხრა.
ჩამოგვსხეს ტანკიდან და წავიდნენ. ჩვენ კი ვიდექით გზაზე, ჯერ კიდევ გონს მოვდიოდით და ამ დროს მოგვადგა ვიღაც ქალი, თურმე გზის გადაღმა ცხოვრობდა, მისი ოჯახის წევრები ნივთებს კრავდნენ წასაღებად. კრისს რუსულად უთხრა, დავინახეთ, რაც გიქნეს, წამოდით, ცოტაოდენი ღვინო დალიეთო. წავყევით, დავლიეთ ღვინო და ცოტა დავმშვიდდით. დღესაც მახსოვს, როგორი ალერსიანი იყო ის ქალი, როგორ გვიყვავებდა და გვამშვიდებდა, ამ დროს კი მისი ოჯახის წევრები გამალებით აგროვებდნენ გზაში წასაღებ ნივთებს, რადგან მათაც უნდა დაეტოვებინათ სახლი.

- თქვენი არქივებიდან ერთი ფოტო განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას, მასში სიმბოლური დატვირთვაცაა ჩადებული­ - ასახულია ზუგდიდის ხიდზე ხალხი, ქართველები, რომლებიც უყურებენ, თუ როგორ მოდიოდნენ მტრის ტანკები... როგორ აღწერდით იმ ადამიანების განცდებს?
- ზუგდიდის ხიდს უზარმაზარი დატვირთვა ჰქონდა. ხალხმა იცოდა, რომ როცა ამ ხიდს გადასცდებოდა, სამშვიდობოს იყო, მაგრამ ასევე იცოდნენ, რომ ამ ნაბიჯით მთელ ცხოვრებას იტოვებდნენ ზურგს უკან და ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწევდათ გაურკვეველ მომავალში. ეს იყო მასობრივი გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან. ადრიანი დილა იყო და მახსოვს, რომ ხალხი, იმის ნაცვლად, ხიდი გადაეკვეთათ, იდგნენ და გაჰყურებდნენ იმ ტანკებს, თითქმის არავინ ლაპარაკობდა, არავინ იღიმებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი და იმავდროულად, შთამბეჭდავი მომენტი იყო, რაც ამ წლების განმავლობაში მინახავს. ყველამ საბოლოოდ გაიაზრა, რომ დაკარგეს რაღაც წარმოუდგენლად დიდი და ფასეული და რომ უკან წასასვლელი გზა აღარ არსებობდა. მოაჯირზე ავძვერი და რამდენიმე ფოტო გადავიღე.

- თქვენ ახლდით დევნილებს, როდესაც­ მათ ჭუბერის უღელტეხილი გადალახეს.

- ამაში იმდროინდელი მთავრობის პრესოფიცერი დაგვეხმარა, ძალიან კარგი ადამიანი, სამწუხაროდ, სახელი აღარ მახსოვს. თბილისში დაბრუნების შემდეგ მე, კრისს და კიდევ ორ ფოტოგრაფს დაგვირეკა და გვითხრა, ჭუბერის უღელტეხილზე მივდივართ ვერტმფრენით და თუ გინდათ, წამოდითო. ასეთ შანსზე უარს ვერ ვიტყოდით.
ვერტმფრენი აღმოჩნდა მომცრო თვითმფრინავი, რომელიც სავსე იყო პურით, ამდენი პური ერთად არასდროს მენახა, პურის მუხლებზე დაწყობამ მოგვიწია. მზიანი დღე იყო, რომ ჩავედით. მახსოვს, როგორ ცდილობდა ვიღაც იარაღიანი ხალხი ვერტმფრენში ამოძრომას, არადა, იქ 15 კაცი თუ დაეტეოდა.
მე და კრისმა პრესოფიცერს ვუთხარით, რომ გვინდოდა, დევნილებთან ერთად გადაგველახა უღელტეხილი. ჯერ შეშლილები გვიძახა, ბოლოს კი გადაწყვიტა, თვითონაც ჩვენთან ერთად წამოსულიყო, რადგან, როგორც ვხვდები, ჩვენზე პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. რატომღაც წინათგრძნობა მქონდა, რომ აუცილებლად მოგვიწევდა დარჩენა, ამიტომ წინადღით წავედი და შოკოლადებით და ორცხობილებით გავივსე ჩანთა. ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში მთელი ჩვენი ჯგუფი ამ შოკოლადებით ვიკვებებოდით. ამასობაში დაღამდა. მახსოვს, ძალიან ციოდა, ხალხის ნაწილი მანქანებსა და მიტოვებულ ქოხებში მოთავსდა, ნაწილი ცეცხლს ანთებდა.

მეორე დილით ხალხთან ერთად ჭუბერის უღელტეხილს ავუყევით.
ციცაბო აღმართია ასასვლელი და ბილიკის ნაწილი, სადაც თოვლი იყო დამდნარი, ტალახიან ჭაობად იყო ქცეული, წელამდე მწვდებოდა. ტალახში იყო ჩარჩენილი საბჭოთა სატვირთოები, ტანკებიც კი... სურათი გადავუღე ორ კაცს ცხენით, ტალახი ლამის ცხენის ზურგს სწვდებოდა. ტალახში ფეხით სიარული ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ტალახს თავი რომ დავაღწიეთ და მაღლა ავედით, ყველგან თოვლი იყო. ალაგ-ალაგ მოჩანდა იმ საწყალი ადამიანების ცხედრები, ვისაც რამდენიმე დღის წინ აქ ქარბუქმა მოუსწრო და ცოცხლებმა ვეღარ გააღწიეს.

- რამდენად დაცულები იყვნენ დევნილები? სტიქიას არ ვგულისხმობ, მხედველობაში მაქვს ბანდიტები, მაროდიორები, კრიმინალი და ა.შ... თქვენ თუ შეესწარით რამე მსგავსს?

- როდესაც უღელტეხილის მეორე მხარეს ვიყავით, უეცრად სროლის ხმა მოგვესმა და გვითხრეს, გაჩერდითო. ცოტა ხანში გამოჩნდნენ სამხედროები, რომელთაც ვიღაც საკაცით მოჰყავდათ. როგორც აგვიხსნეს, ეს სამხედრო ადგილობრივ ბანდიტებთან შეტაკებაში იყო დაჭრილი. მისი სურათი მაქვს, მაგრამ წესიერად გამოლაპარაკება ვერ მოვახერხეთ, რადგან მუცელში იყო დაჭრილი და ტკივილი ძალიან აწუხებდა. პირადად ჩემთვის არავის არაფერი დაუშავებია, მაგრამ დანაშაული, რა თქმა უნდა, ხდებოდა, ეს ომი იყო და ომის დროს ასეთი რამეები ხდება. ხალხი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვდიოდით, ყველაფერს აკეთებდა, რომ ერთმანეთს დახმარებოდნენ და ენუგეშებინათ. ომი ომია, ზოგი კარგად იქცევა, ზოგი კიდევ ამაზრზენად, ასეთია რეალობა.

- გამსახურდია არ იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც თქვენ იმ დღეებში ფოტო გადაუღეთ. თქვენს არქივებშია ფოტო, სადაც ასახულია ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ინტერვიუსთვის ემზადება... მასზე რას იტყოდით?

- შევარდნაძე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, მთელი ცხოვრება პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებში გაატარა და ფენომენალური ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.­ თუმცა, რამდენად გამოიყენა საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ალბათ, თავად ქართველები განსჯიან. შევარდნაძესთან შეხვედრა იმავე პრესოფიცერმა გაგვიჩარხა, რომლის წყალობითაც ჭუბერზე აღმოვჩნდით. გვითხრეს, პრეზიდენტი მოსკოვში­ მიდის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თუ გინდათ, წამოდითო. რა თქმა უნდა, წავედით. შევარდნაძეს ვიზა არ ჰქონდა და აეროპორტიდან პირდაპირ საელჩოს მივაშურეთ.

ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც შევარდნაძეზე მახსენდება, ჯერ კიდევ თვითმფრინავში ჯდომისას მოხდა: მისი ერთ-ერთი მცველი არყით ისე გაილეშა, ფეხზე ვეღარ დგებოდა. მახსოვს შევარდნაძის ერთდროულად შეღონებული და მეორე მხრივ, ცნობისმოყვარეობით სავსე სახე - შეწუხებული, ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანები მის პირად გუნდშიც კი ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეს ისტორიული დღე იყო და ცნობისმოყვარეობა კიდევ იმიტომ, რომ... ალბათ, ფილოსოფიური ფიქრები აწუხებდა, რომ ვიღაცას შეეძლო, ასეთი მნიშვნელოვანი მომენტის წინ ასე გამომტყვრალიყო, რომ იმ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არყის ბოთლი იყო და არა ის, რაც მის გარშემო ხდებოდა. მას არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჰქონდა და ვფიქრობ, რაღაც მომენტში შევარდნაძეს შეშურდა კიდეც მისი. თუმცა, თავშეკავებას მისთვის არ უღალატია... გარეშე თვალისთვის ამის ნახვა უცნაური და ერთგვარად ნაღვლიანი რამ იყო.

- როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მოხდა აფხაზეთში?

- იმით დავიწყებ, რომ ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიაა. ვამაყობ, რომ იქ ვიყავი და ვწუხვარ, რომ ასეთი სევდიანი ფოტოკა­დრების გადაღებამ მომიწია, მაგრამ ასეთია ომი და ასეთია ჩემი პროფესიაც.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა აფხაზეთში, ამის გასააზრებლად საბჭოთა კავშირის დაცემას უნდა დავუბრუნდეთ - რუსეთმა დაკარგა იმპერია, ეს ვერ მოინელა და დღემდე ცდილობს, ისევ შეაკოწიწოს. აფხაზეთიც ამ გეგმის ნაწილი აღმოჩნდა. ბი-ბი-სის რადიოს ვუსმენ ხოლმე და ზოგჯერ გადმოსცემენ აფხაზებსაც, რამდენად ბედნიერები ან უბედურები არიან ისინი. ვფიქრობ, დღეს აფხაზეთი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის კოლონია. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ომი საქართველომ დაიწყო...

- მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ამაზე ძნელია პასუხის გაცემა, მაგრამ მშვიდობა ყველას უნდა. მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ომი კოშმარია, ერთეულებისთვის კი თავიანთი ინტერესების გატარების საუკეთესო საშუალება.

- საქართველოში თუ იყავით მას შემდეგ?

- არა. ძალიან მინდა ჩამოსვლა და ვფიქრობ, მომავალ წელს მოვახერხებ.

იხილეთ ფოტოგალერეა


ვაჟა თავბერიძე
მარი
14 ოქტომბერი 2017 15:12
უცხოელმა კარგი დასკვნა გამოიტანა:ვერაფერს გაბედავდა აფხაზები ქართველებს რომ ერთმანეთი არ გაგეჭამათო!შეიგნეთ ხალხო გვებრძვის რუსეთი და ჩვენ კი ჯერ ერთმანეთს ვებრძვით....
IA
14 ოქტომბერი 2017 12:59
არეულობის ,შფოთვის მომხრეებს ხალხმა უნდა გასცეს პასუხი. \არ აჰყვეს\ არა და უარესს მივიღებთ რაც მათ ხეირს მოუტანს და ხალხი კი დაზარალდება.ამისთვის მცდელობა დღეს სახეზეა. და კიდევ რუსული დავალებაა რასაც '"მოშიმშილეები" ჰქვიათ. აყარონ ბაზრის დედაკაცები მთავრობის სახლის წინ რომ კოტრიალობენ და ამახინჯებენ თბილისს. რას აპროტესტებს ინაშვილი ერთმა თუ იცის "პროტესტანტებიდან" .არ დაბლოკოთ
ლუხო
14 ოქტომბერი 2017 10:42
დიახ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ორმა კაცმა დაიწყო, ხოლო ოცდა მეერთე საუკუნის დასაწყისში მესამემ გააგრძელა საქართველოს განადგურება: ერთმა თავისი სიყვარულით და უგუნურობით, მეორემ თავისი სიძულვილით და გონიერებით, მესამემ,თავისი სიგიჟით და თავისი ქარიზმატულობით.
რუბრიკის სხვა სიახლეები
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა