"ჩემს ქორწილში მამამ ცრემლი ვერ შეიკავა და იტირა" - ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის მოგონებები მამაზე და უნიკალური საოჯახო ფოტოარქივი
19-10-2017
"ჩემს ქორწილში მამამ ცრემლი ვერ შეიკავა და იტირა" - ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის მოგონებები მამაზე და უნიკალური საოჯახო ფოტოარქივი
ფოტოგალერეა

"ადამიანის სული გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ - ჩემი, მე - სხვისი, სხვამ - სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე", - ნოდარ დუმბაძის ეს სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს მისი ცხოვრების გზასა და მის პრინციპებს. ამქვეყნად
მოსიარულე, გაცოცხლებული სიყვარული - ასეთი ახსოვთ ცნობილი მწერალი ახლობლებსა და მის ნაბოლარა ქალიშვილს - ქეთევან დუმბაძეს, რომელიც მამას დღესაც ცრემლიანი თვალებით იგონებს.

ქეთევან დუმბაძე:

- ხშირად მეკითხებიან, როგორი მამა იყო ნოდარ დუმბაძე - ოჯახში ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული იყო. მისი აწეული ხმა, ყვირილი ან ჩხუბი
მე არ მახსოვს. დედა უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო, ვიდრე მამა.
სხვათა შორის, ძალიან დიდ დროს გვითმობდა, შაბათ-კვირას ყოველთვის გავდიოდით ქალაქგარეთ და ის დღეები ლამაზი სიზმარივით მახსენდება. ის ჩვენთვის მაგალითი იყო და მეც მთელი ცხოვრება ვბაძავდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მინდოდა, ბიჭი ვყოფილიყავი, თანაც ოჯახში ყველაზე უმცროსი ვიყავი და განებივრებულიც. უფროსი და - მანანა ჩემზე ათი წლით უფროსია, მომდევნო ბიჭი დაეღუპათ და მერე გავჩნდი მე. მამას კვიცივით ვიყავი ადევნებული და იმასაც სულ სადღაც დავყავდი: მასთან ერთად ვცურავდი, სათევზაოდ დავდიოდი და ბიჭივით ვიქცეოდი - მინდოდა, მისი მსგავსი ვყოფილიყავი.
alt
"მამამ ჩემს ქორწილში იტირა"

- იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, რომ ჩემი შეყვარებული, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა, სახლში მივუყვანე და გავაცანი. გოგიტას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს, იმ დღეს ნერვიულობისგან ზედმეტად ხუმრობდა. გაილექსა და ბევრი ილაზღანდარავა. იცინეს, იხუმრეს და რომ წავიდა, მამა მომიბრუნდა და მკითხა, ეს ღადო სად იშოვეო. გაცნობიდან სამ თვეში დავქორწინდით. მახსოვს, როგორ დაურეკა ჯანსუღ ჩარკვიანმა და ჰკითხა, ნოდარ, ამ პატარა გოგოს როგორ ათხოვებო, მანაც უპასუხა, რა ვქნა, ისეთი კარგი ბიჭი მომიყვანა, რომ უარი ვერ ვუთხარიო. სასიძო მოეწონა, მაგრამ ჩემს ქორწილში ცრემლი ვერ შეიკავა და იტირა.


"ჩემი ბავშვობის ფოტო"

- ეს ფოტო გამორჩეულად მიყვარს, რადგან ჩემი ბავშვობის ლამაზ მოგონებას აცოცხლებს. მამა აქ ძალიან ახალგაზრდაა - 38-39 წლისა, მე კი - 5 წლის ვარ. 1967 წელს მამა "ნიანგის" რედაქტორად დანიშნეს. ალბათ, ჟურნალის სახელის გამო, მეგონა, რომ მამა ზოოპარკის დირექტორი იყო. იმ პერიოდში მოსკოვიდან ჩამოვიდა ჟურნალ "ოგონიოკის" შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც ცნობილ მწერალზე სტატიის დაბეჭდვას აპირებდა. ინტერვიუს დროს მამას უხუმრია, რაც "ნიანგის" რედაქტორად დამნიშნეს, ჩემს შვილს ზოოპარკის დირექტორი ვგონივარო. ამას სიცილი და მხიარულება მოჰყოლია. სწორედ ამის გამო სტუმრებს გაუჩნდათ იდეა, რომ ზოოპარკში წავსულიყავით და ფოტო ნიანგთან ერთად გადაგვეღო. მახსოვს, როგორ გამალამაზა დედამ, კოხტა პალტო და ფეხსაცმელები ჩამაცვა, ფუმფულა, თეთრი ქუდი დამახურა. მივედით ზოოპარკში, გავიარეთ რამდენიმე გალია, ტერარიუმიდან გამოიტანეს ნიანგის ფიტული და მე ისევ გავიმეორე შეკითხვა, რომლითაც მოსკოველი ჟურნალისტები კიდევ ერთხელ მოვხიბლე: "მამიკო, შენ ამის დირექტორი ხარ-მეთქი?" ფოტო "ოგონიოკში" სწორედ ამ სახელით დაიბეჭდა.

"მასზე ფიქრს სევდანარევი" სიხარული ახლავს

- 23 წლისა ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა და მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ შვილები მყავს გასაზრდელი, რომ ცხოვრება ისევ გრძელ­დება, მაგრამ ტკივილი არ ნელდებოდა! ძალიან გამიჭირდა მის გარეშე ცხოვრება და უცრემლოდ ახლაც ვერ ვიგონებ, მაგრამ მისი ქმნილებების მსგავსად, დღეს ეს სევდა სიხარულთან არის შეერთებული - სიხარულთან, რომ განგებამ ნოდარ დუმბაძის შვილობა მარგუნა.

იხილეთ ნოდარ დუმბაძის უნიკალური ფოტოები საოჯახო ფოტოალბომიდან

ხათუნა ჩიგოგიძე
1
19 ოქტომბერი 2017 16:11
ვეთაყვანები ნოდარ დუმბაძეს! რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო მისი ნაწარმოებები, მუდამ ერთიდაიგივე შეგრძნება და განცდაა, ყოველ წაკითხვაზე ისე ვიცინი, ვტირი და მიხარია, თითქოს პირველად ვკითხულობ. ვინც არ უნდა მიბაძოს, გურულების ცხოვრებას ისე ვეღარავინ აღწერს!
ლალი
19 ოქტომბერი 2017 13:23
ნოდარ დუმბაძე ბიძაჩემის კლასელი იყო ხიდისთავის სკოლაში. მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა, როცა ჩვენი საყვარელი მწერალი დაიღუპა. ძალიან განვიცადე, როცა გავიგე. მამის სიკვდილი თავიდან განმიახლდა... :( :( უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები!

რედაქტორის რჩევით