რას გვიქადის გლობალური დათბობა
09-10-2017
რას გვიქადის გლობალური დათბობა
ადამიანი ისეთი ქმნილებაა, ყველაფერს უძლებს და ამასაც გაუძლებს. ერთ მაგალითს მოვიყვან: საშუალოდ მილიონი წლის წინათ დედამიწაზე ჟანგბადის პროცენტული შემცველობა 35% იყო (გაქვავებულ ქარვის ბუშტუკებში სწორედ ამ რაოდენობის ჟანგბადია), ამჟამად კი 21%-ის მეტი არა გვაქვს და მშვენივრად ვგრძნობთ თავს...

წლევანდელმა ზაფხულმა ისეთი სიცხეებით შემოგვიტია, რომ მსგავსი საუკუნეგადაცილებულ მოხუც­ებსაც არ ახსოვთ. მაგალითად, მაღალმთიან აჭარაში, სადაც ხშირად წვიმს, 100 დღის განმავლო­ბაში წვეთი არ ჩამოვარდნილა. აღმოსავლეთ საქართველოში კი გამუდმებული გვალვები ბუნებრივ მოვლენად იქცა. ამასობაში
ჩვენ თვალწინ იცვლება ფლორა და ფაუნა. ხალხი ამას ბუნების გადაგვარებას მიაწერს. რა მოელის საქართველოს კლიმატისა და ბუნებრივი სურათის შეცვლის გამო, ეკოლოგი, პროფესორი ემზარ გორდაძე გვესაუბრება:

- უპირველესად მინდა ერთი რამ დავაზუსტო: მიუხედავად იმისა,
რომ კლიმატის­ ცვლილება, ძირითადად, ტემპერატურის წარმოუდგენელი ზრდით ხასიათდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მთელ დედამიწაზე აუტანელი სიცხე ჩამოდგება. იქნება ისეთი ადგილებიც, სადაც მკვეთრად აცივდება, ვინაიდან საქმე გვაქვს არა მხოლოდ გლობალურ დათბობასთან, როგორც აქამდე ვამბობდით, არამედ დედამიწის კლიმატის გლობალურ ცვალებადობასთან. დათბობას კი ბევრად ყოვლისმომცველი სახე ექნება, ვიდრე აცივებას. კლიმატის ასეთი გლობალური ცვლილების ციკლი დედამიწას მრავალჯერ გაუვლია და ვერც ახლა აიცილებს რომელიმე სულიერი - დედამიწა ხომ ცოცხალი ორგანიზმია. ის არა მხოლოდ მზის გარშემო ბრუნავს, არამედ გალაქტიკასთან ერთად უსასრულო სამყაროში გადაადგილდება. არავინ იცის, როდის სად მოხვდება და რას გამოიწვევს ეს. ერთი რამის თქმა დაზუსტებით შემიძლია: ადამიანი ის ორგანიზმია, რომელიც ყველაფერს შეეჩვევა და მათ შორის, გლობალურ დათბობასაც. თუ, რასაკვირველია, გონს მოეგო და პროცესებს ხელი კი არ შეუწყო, არამედ გონივრულად მართა.

გლობალური დათბობა დედამიწის სხვ­ა­დასხვა ნაწილში სხვადასხვანაირად დაი­წყო.­ ჩვენში გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიმჩნეოდა აუტანლად ცხელი ზაფხულები. არა ისეთი ინტენსივობით, როგორც ბოლო წლებში, მაგრამ დათბობის პროცესმა "მოახერხა" და დასავლეთ საქართველოში ნალექები 27 მმ-ით­ შემცირდა, აღმოსავლეთ საქართველოში­ - 41 მმ-ით, დასავლეთში ტემპერატურა 2°C-ით­ გაიზარდა, აღმოსავლეთში კი - 3°C-ით.

- თითქოს მცირე რიცხვია, სინამდვილეში კი კატასტროფული - 1 ცელსიუსით­ ტემპერატურის მომატება წყლის დონის 15 სანტიმეტრით აწევას ნიშნავს.

- ასეა და შედეგიც არის: ამ პერიოდში შავმა ზღვამ კოლხეთის დაბლობის 600 ჰექტარი ჩარეცხა და გამოუყენებელი გახადა, ზოგან კი მოსახლეობაც აყარა. მაგალითად, ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ადლიის მიწა 80-იანი წლებიდან ზღვამ 200 მეტრით "გადაყლაპა", სოფელი კი 2-3-ჯერ აიყარა და საცხოვრებელი სხვა ადგილზე გადაიტანა. დათბობის დაჩქარებასთან ერთად შავი ზღვის შემოტევა უფრო გაძლიერდება. საუკუნის ბოლოსთვის მეცნიერები წყლის დონის 60 სანტიმეტრით ზრდას ვარაუდობენ. ასეთ შემთხვევაში ფოთი, ჭალადიდი, ქობულეთი, ბათუმი დაიტბორება, ხოლო პალიასტომის ტბა შავ ზღვას შეუერთდება.

- ეს მოსასმენად სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუმცა, იმის დასტურად, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა ერთხელ უკვე იყო, გეტყვით, რომ თავად მინახავს ნიჟარებით სავსე კლდე ზღვის ნაპირიდან 40 კმ-ით დაშორებულ სოფელ გურიანთაში.­ Kკლდე­ გზის გაყვანისას ჩამოჭრეს და გაირკვა, რომ იქ ოდესღაც ზღვა იყო და ნიჟარები დატოვა.

- არა მხოლოდ აქ, ზღვის ნაკვალევი­ ლამის მთელ საქართველოშია. ესეც მიუთითებს, რომ დედამიწა მარად მოძრავია. მეცნიერების ნაწილი კლიმატურ ცვლილებებში ადამიანს ადანაშაულებს, ტყეები რომ აჭრა, ბინძური საწარმოები გააკეთა და ჰაერი ნახშირორჟანგით გაჟღინთა. თუმცა, რაც ხდება, უფრო დედამიწის ცვალებადობის ბრალია. ადამიანმაც ავნო, მაგრამ მისი როლი შედარებით მცირეა.
დათბობის პირველი ნიშნები მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან გამო­ჩნდა, მაშინ დღევანდელი ტექნიკა სიზმრადაც არავის ჰქონდა ნანახი.
სავარაუდოდ, დედამიწის კლიმატის ცვალ­ებადობის დღევანდელი ციკლი არ იქნება­ ისეთი მასშტაბური, როგორიც, მაგალითად, მილიონი წლის წინ გამყინვარება იყო. ამ დროს სკანდინავიის მხარის ქვეყნები 2-კილომეტრიანი ყინულის ფენით დაიფარა, სითბოს მოყვარული ფლორა და ფაუნა კი გადაშენდა. იმის მიუხედავად, რომ საუკუნის ბოლომდე ტემპერატურის საშუალოდ 6,4°C-ით ზრდას ვარაუდობენ, მსგავსი გლობალური ცვლილებები არ მოხდება.

- "მშვენიერი" პერსპექტივაა. ადამიანები ასეთ სიცხეს როგორ გაუძლებენ?

- ადამიანი ისეთი ქმნილებაა, ყველაფერს უძლებს და ამასაც გაუძლებს. ერთ მაგალითს მოვიყვან: საშუალოდ მილიონი წლის წინათ დედამიწაზე ჟანგბადის პროცენტული შემცველობა 35% იყო (გაქვავებულ ქარვის ბუშტუკებში სწორედ ამ რაოდენობის ჟანგბადია), ამჟამად კი 21%-ის მეტი არა გვაქვს და მშვენივრად ვგრძნობთ თავს. თუმცა, რაც შეეხება დანარჩენ ცოცხალ ორგანიზმებს, მაგალითად, თევზებს, მწერებს, მხეცებს, ფრინველებს, თუნდაც მცენარეებს, აქ საქმე სხვაგვარად გვექნება. დედამიწის "გამოცდილების" მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როცა გამყინვარება­ დაიწყო, ზოგიერთი ცხოველი გაწყდა, მათ შორის დინოზავრებიც. მათ ნაცვლად გაბატონდნენ ის ცხოველები, რომლებიც ზამთრის ძილქუშში გადავიდნენ. მოგვიანებით კი, კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, ცხოველების, ფრინველების, მწერების თუ მცენარეების ახალი სახეობები წარმოიშვა. აAხლაც ასე იქნება. ალბათ, ბევრმა შენიშნა, როგორ გადმოიწია გადამფრენი ფრინველების შემოფრენის დრომ. მაგალითად, მერც­ხლები, რომლებიც სულ ორიოდე ათეული წლის წინ აპრილში შემოფრინდებოდნენ ხოლმე, ახლა ორი კვირით ადრე, მარტშიც მოფრინავენ. მათ შემოსვლას მწყრების ადრე გამოჩენა უძღვის.

რაც შეეხება მცენარეებს, გამყინვარებისას სითბოს მოყვარულ ფოთლოვანებს­ სიცივის ამტანი მცენარეები, მათ შორის ნაძვი და ფიჭვი…ჩაენაცვლნენ; სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებები ამჟამად სიცივის მოყვარულების სითბოს მოყვარულებით ჩანაცვლებას გამოიწვევს. ასე რომ, ფოთლოვანი­ ტყეების ადგილას ნახევარუდაბნოს სითბოს მოყვარული მცენარეები გამოჩნდება, ფოთლოვანები კი - მუხა, ნეკერჩხალი მაღალ მთებში გადაინაცვლებენ.

- ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დათბობისას თიანეთი და ფასანაური სტეპი გახდება, სადაც ნახევრად უდაბნოს მცენარეები გაბატონდებიან.

- დღეს ამის ზუსტად გათვლა წარმოუდგენელია, მაგრამ კლიმატი რომ შეი­ცვლება, უეჭველად მცენარეული საფარიც შეიცვლება. ცხოველთა ცვლილება უკვე სახეზეა. მაგალითად, კახეთში, ვაშლოვნის ნაკრძალში უკვე გამოჩნდნენ მაჩვზღარბა და მიწის კურდღელი. Eისინი სწორედ ნახევრად უდაბნოს ცხოველები არიან.

- ჩვენ სადღა წავალთ?

- სადაც სიცოცხლისთვის პირობები­ გვექნება. ეს პროცესები ხელს შეუწყობს მოსახლეობის მთებში ასვლასაც.

- რისი მაგალითიც უკვე გვქონდა X-XI საუკუნეებში. ფაქტია, რომ მყინვარწვერთან ახლოს, სადაც დღესაც ჯერ ისევ უდნობი თოვლია, 80-იან წლებში მთამსვლელებმა ყინულებში ხის გადამწვარი ტაძარი აღმოაჩინეს, ტაძრის არტეფაქტები კი მუზეუმს გადასცეს.

- ესეც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ დედამიწაზე კლიმატის ციკლი ერთმანეთს ენაცვლება. ამ პერიოდში ევროპას მცირე დათბობის პერიოდმა გადაუარა და ამიტომაც ავიდა ხალხი მთებში. ახლაც ასეა მოსალოდნელი. თუმცა, კიდევ ვიმეორებ,
სავარაუდოდ, გლობალური დათბობის კატასტროფა საქართველოს ისე არ შეეხება, როგორც სხვა ქვეყნებს.

- ჩვენ რატომ ვიქნებით გამონაკლისი?

- იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ორ ზღვასა და ორ მთას შორის არის მოქცეული. სწორედ მათ დაიფარეს ჩვენი ქვეყანა გლობალური გამყინვარებისგან ისე, რომ ჩვენში ისეთი რელიქტური მცენარეებიც კი შემორჩა, როგორიც, მაგალითად, ლეღვი ან უნაბია. ერთი მხრივ, კასპიისა და შავი ზღვის თბილმა ჰაერმა, მეორე მხრივ კი, კავკასიონისა და მესხეთის ქედების ფარმა საქართველოში გლობალური ყინულის მასა არ შემოუშვა. ასე იქნება ახლაც. ზღვას ახასიათებს, ზაფხულობით ტემპერატურა შთანთქას, ზამთარში კი გამოუშვას. ეს პროცესებს დაარეგულირებს.

- ამბობთ, რომ ადამიანი ციკლების ცვალებადობისას ვერაფერს ცვლის, თუმცა, თუ მან უნდა იცოცხლოს, თავისი როლი ექნება.

- უსათუოდ. მართალია, დათბობას ვერ აიცილებს, მაგრამ შეუძლია ეს პროცესი მართოს და შეარბილოს კიდეც. იმედია, კრიტიკულ ზღვრამდე მისვლა არა მხოლოდ ჩვენ, მთელ დედამიწას გააღვიძებს­ და ჰაერის გასუფთავებაზე აზრუნებს, ჩვენ კი ტყეების გაშენებას შევუდგებით, რომ ჰაერში ჟანგბადმა მოიმატოს. სხვა გზა არ არსებობს.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით