"თაფლობის კვირა პორტუგალიაში გვქონდა" - როგორ იპოვა პაატა იმნაძემ დაკარგული სიყვარული - კვირის პალიტრა

"თაფლობის კვირა პორტუგალიაში გვქონდა" - როგორ იპოვა პაატა იმნაძემ დაკარგული სიყვარული

ინტერვიუ "კვირის პალიტრის" არქივიდან, ჩაწერილია 2017 წელს

ცნობილ ვირუსოლოგს სიყვარულის ვირუსი შეეყარა

მისი სახელი ჩვეულებისამებრ, ახალ ვირუსთან, ბაქტერიასა და მათთან ბრძოლის მეთოდებთან ასოცირდება. ამ სტატიაში კი მინდა, სულ სხვა კუთხით დაგანახოთ პაატა იმნაძე - როგორი მეოჯახეა, როგორი მამა და როგორ იპოვა 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული ხათუნა გოგელიას სახით, რომელზეც ერთი თვის წინ იქორწინა.

- ხათუნა 1989 წელს, შობის დღესასწაულზე, მეგობრის ოჯახში გავიცანი. მაშინ 36 წლის ვიყავი, ხათუნა 24-ის. ლენინგრადიდან იყო ჩამოსული, სადაც ასპირანტურაში სწავლობდა. იმ საღამოს სახლში გავაცილე. შემდეგში მეტწილად სატელეფონო ურთიერთობა გვქონდა, იმიტომ, რომ მალევე დაბრუნდა ლენინგრადში.

მძიმე პერიოდი იყო, ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და 9 აპრილის კომისიაში ვიყავი გაერთიანებული. დატვირთული გრაფიკი მქონდა. ისე მოხდა, რომ ლენინგრადის მერე უნგრეთში გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელება. დიდი მიღწევები ჰქონდა თავის საქმეში, ნეირობიოლოგიაში მუშაობდა, თავის ტვინზე ექსპერიმენტებს ატარებდა. მოკლედ, დავშორდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეს გამგზავრება იყო...

- მას შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- მალე მუშაობა დავიწყე შავი ჭირის ცენტრში, რომელიც დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრია. ჩავეფლე მუშაობაში და შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს.

- ისიც ამ სფეროში მუშაობდა?

- არა, მხატვარი იყო. ტყუპი ქალიშვილი შეგვეძინა - ტატა და ლიზი. ან სამსახურში ვიყავი ხოლმე, ან საზღვარგარეთ. ისეთი წლები იყო, საერთაშორისო დახმარებისა და კავშირების გარეშე ძნელი იყო კვლევითი დაწესებულების გადარჩენა.

ერთხელ ჩემს შვილებს ჰკითხეს, დედა უფრო გიყვართ თუ მამაო? მათ უპასუხიათ, დედა ნელა გვიყვარს, მამა - ჩქარაო. ვერ მნახულობდნენ და ასეთი ფორმულირება მოუნახეს მამის სიყვარულს.

ძალიან ვნანობ, რომ შვილებს მეტ დროს ვერ ვუთმობდი. მაქსიმალურად ვცდილობდი საბავშვო ბაღში, სკოლაში ზეიმებზეც შემერბინა, რომ დაენახათ, იქ ვიყავი და ვგულშემატკივრობდი.

- ახლა რამხელები არიან?

- 23 წლისანი არიან. საკუთარი შვილების ქება უხერხულია, მაგრამ მართლა ძალიან კარგები არიან და ბედნიერი ვარ, რომ ასეთები გაიზარდნენ, რაც, ძირითადად, დედამისის დამსახურებაა. მეუღლე 2011 წლის დამდეგს, ძალიან მძიმე დაავადებით - სისხლმბადი ორგანოების ერთ-ერთი სიმსივნით გარდამეცვალა. იმ დროს გოგონები სკოლას ამთავრებდნენ, იმ ასაკში იყვნენ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დედა. იმ პერიოდში სამსახურში მარტო წარმომადგენლობითი ფუნქცია მქონდა, ამიტომ დიდ დროს ვუთმობდი შვილებს. ვცდილობდი, უფრო დავახლოებოდი, მგონი, მოვახერხე.

დღეს ორივე გათხოვილია, ტატას ძალიან უყვარს ცხოველები და ჩემი რჩევით, ვეტერინარი გახდა, ახლა ბრიტანეთშია. მის დაიკოს 2 წლის შვილი ჰყავს უკვე. ლიზი სამართალმცოდნეობას სწავლობს, დიზაინი კი მისი ჰობია - დედის გენით მიდის.

- როგორც ვიცი, ქალბატონ ხათუნასაც ჰქონდა ოჯახი.

- განქორწინებული იყო, ორი ფანტასტიკური ვაჟიშვილი ჰყავს. ერთი ინგლისში სწავლობს და ახლა იქ გაიცნობენ ერთმანეთს ის და ტატა. მეორე შვილიც უცხოეთში მუშაობს. მე და ხათუნას 28 წელი ერთმანეთი არ გვენახა და ცოტა ხნის წინ შემთხვევით შევხვდით. დეკლარაციას ვავსებდი და ბანკში ინფორმაციის გასაგებად შევდიოდი, ის გამოდიოდა... რომ დავინახე, ცოტა დავიბენი... მერე ცოტა ხანს სოციალურ ქსელში ვურთიერთობდით, შემდეგ ჩაი დავლიეთ ერთად, კიდევ რამდენჯერმე შევხვდით და მალევე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ქართული ტრადიციული სახე მიგვეცა. შვილებმაც მხარი დაგვიჭირეს. თაფლობის კვირა პორტუგალიაში გვქონდა.

ბედნიერი ვარ, მყავს შვილები, არაჩვეულებრივი შვილიშვილი, გვერდში მიდგას ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ. პროფესიული თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ახალგაზრდა გამიზრდია. მიხარია, რომ ჩემს საქმეშიც რაღაც გავაკეთე. მეტი რა უნდა ვინატრო...

ეკა სალაღაია