როგორ ვიარსებოთ საარსებო მინიმუმით?! - ექსპერიმენტი - კვირის პალიტრა

როგორ ვიარსებოთ საარსებო მინიმუმით?! - ექსპერიმენტი

დილაა, მე და ჩემი სტატიის გმირი ბაზრისკენ ვიღებთ გეზს. სამსულიანი ოჯახის დიასახლისს, ხატია ბაკურაძეს ერთი დღის სამყოფი სურსათის საყიდლად 8 ლარი და 60 თეთრი აქვს. ალბათ, გაგიკვირდებათ, რატომ ეს თანხა? საქსტატის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი სამსულიანი ოჯახისთვის თვეში 266.9 ლარია, დღიური - 8,60 ლარი. მოგვიანებით, ექსპერიმენტში მოვაჭრეებიც ჩაერთვნენ და ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვას ერთად შევუდექით. პირველი, რისი ყიდვაც ხატიამ გადაწყვიტა, ბოსტნეული იყო.

- გამარჯობა, ერთი ცალი სტაფილო, ხახვი, კარტოფილი და ბულგარული წიწაკა მომეცით.

- თითო ცალი? - გაოცებულია გამყიდველი.

- დიახ, ექსპერიმენტს ვატარებთ, სულ 8 ლარი და 60 თეთრი მაქვს. ამ თანხით სადილისთვის პროდუქტი უნდა ვიყიდოთ, კიდევ საუზმე და სადილიც უნდა მოვუმზადო ოჯახს.

- არ არსებობს, 8 ლარში ჩაეტიოთ, ეს შეუძლებელია. ნორმალურად რომ იკვებო, დესერტზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, 20 ლარშიც ვერ ჩაეტევით დღიურად. დღეს რძის ნაწარმი უფრო ძვირია, ვიდრე ხორცი, მით უმეტეს, თუ ხარისხიან პროდუქტს იყიდით...

მოკლედ, ჩვენი ბიუჯეტიდან 2 ლარი ბოსტნეულში დაიხარჯა, ახლა 50 გ ხორცის საყიდლად მივდივართ - ვცდილობთ, სადილი უფრო ნოყიერი იყოს.

- რამდენი წელია აქ მუშაობთ? - ვეკითხებით ხორცის გამყიდველს.

- 10 წელია და ფასები ყოველწლიურად მატულობს. ზოგიერთ პროდუქტზე ბოლო ერთ თვეში კიდევ უფრო გაიზარდა. ათი წლის წინაც ვერ იმყოფინებდა სამსულიანი ოჯახი 8 ლარსა 60 თეთრს დღიურ ნორმად, ახლა კი ამ თანხით ერთ სადილსაც ვერ მოამზადებთ ოჯახისთვის.

ცოტა ხანში ექსპერიმენტში რამდენიმე ადამიანი ებმება, აღშფოთებას ვერ მალავენ, ამ თანხით ხომ არსებობა შეუძლებელია.

ხატია ბაკურაძე: - ძალიან ვეცადე, საკვები ბალანსირებული ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ წვნიანისთვის ვიყიდე იმდენი პროდუქტი, რომ სამი ადამიანი დანაყრდეს. წვნიანში 50 გ ხორცი, თითო ცალი კარტოფილი, სტაფილო და ხახვი გამოვიყენე. დესერტად 2 ცალი ქლიავის ყიდვაც შევძელი. საუზმისთვის კვერცხის ფული აღარ დაგვრჩა, ვერც ჩაი და შაქარი შევიძინეთ. 8,60 ლარი დაიხარჯა მხოლოდ სადილზე, ვახშამი და საუზმე ოჯახს არა აქვს.

საარსებო მინიმუმში არ შედის დენის, წყლისა და ბუნებრივი აირის ხარჯი - კერძს ხომ ამის გარეშე ვერ მოამზადებ? ჩემი გათვლებით, სამსულიან ოჯახს დღიურად 70 ლარი სჭირდება კომუნალური ხარჯებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და ნორმალურად კვებისთვის. ეს თანხა კი საარსებო მინიმუმს დაახლოებით 9-ჯერ აღემატება.

რას გულისხმობს საარსებო მინიმუმი

საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისთვის. საარსებო მინიმუმი იანგარიშება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით და მხოლოდ სურსათის ღირებულების მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა ხარჯი.

საქსტატის მიერ აგვისტოში დადგენილი საარსებო მინიმუმი ასეთია:

შრომისუნარიანი მამაკაცი - 167.4 ლარი;

საშუალო მომხმარებელი - 148.3 ლარი;

ორსულიანი ოჯახი - 237.3 ლარი;

სამსულიანი ოჯახი - 266.9 ლარი;

ოთხსულიანი ოჯახი- 296.6 ლარი;

ხუთსულიანი ოჯახი - 333.7 ლარი;

ექვსსულიანი ოჯახი - 394.5 ლარი;

საარსებო მინიმუმის კალკულაციას საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება ყოველდღიური რაციონიდან:

ხორბლის პური - 250 გ

სიმინდის ფქვილი - 40 გ

ლობიო - 20 გ

ბრინჯი - 10 გ

წიწიბურა - 10 გ

საქონლის ხორცი - 40 გ

მაკარონი - 15 გ

ღორის ხორცი - 20 გ

რძე - 150 მილილიტრი

ხაჭო - 15 გ

ყველი - 20 გ

ნადუღი - 5 გ

ბადრიჯანი - 10 გ

ნინო წიფურია