"სარწმუნოების შეცვლის წინააღმდეგი ვარ!" - კვირის პალიტრა

"სარწმუნოების შეცვლის წინააღმდეგი ვარ!"

"ელი იოსებაშვილი იყო, მე - მიმინოშვილი, მაგრამ შემდეგ სარეკლამო გვარად მორი ავირჩიეთ"

სატელევიზიო პროექტის, "ცეკვავენ ვარსკვლავები", ბოლო სეზონის ჟიურიში სიმპათიური ქალბატონი ლიზი მორი გამოჩნდა. ქართველი მსახიობი და მოცეკვავე თითქმის 30 წელია, ისრაელში ცხოვრობს და მსოფლიო ჩემპიონატების უცვლელი მსაჯია. ქალბატონი ლიზი თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული. დავურეკე და შეხვედრა დავგეგმეთ.

- სკოლა რუსთავში დავამთავრე, შემდეგ კი თეატრალური ინსტიტუტი. 7 წლისამ დავიწყე ცეკვა, ჩემმა პედაგოგმა შემირჩია მეწყვილე - ელი, ჩემი მომავალი მეუღლე. მაშინ 8-9 წლის ვიყავი, ელი - ჩემზე სამი წლით უფროსი. სამი თვის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დავიკავეთ. ელი იოსებაშვილი იყო, მე - მიმინოშვილი, მაგრამ შემდეგ სარეკლამო გვარად მორი ავირჩიეთ. ცეკვა ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რადგან ბევრი სამოსი სჭირდება. მე მაშინ მრავალფეროვანი კაბების შეძენის შესაძლებლობა არ მქონდა და ჩემი მეწყვილე ძალიან მეხმარებოდა.

ელი ქართველი ებრაელი იყო, მე - ქრისტიანი. მაშინ ორი სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელთა დაქორწინება პრობლემა გახლდათ. ჩემი ოჯახი ლოიალურად შეხვდა ამ ამბავს, ელისა - არა, მათ ებრაელი რძალი ერჩივნათ, რადგან ისრაელში აპირებდნენ გადასახლებას. ელი ვერ შეეწინააღმდეგა მშობლებს. 18 წლის იყო, როცა დავშორდით. მარტო დავრჩი. 10 წლის შემდეგ ელი მოულოდნელად ჩამოვიდა. 26 აპრილს ჩემი დაბადების დღე იყო, უცებ იღება კარი. ზღურბლზე დგას ელი მორი!.. სტუმრები რომ გავაცილეთ, მთელი ღამე ვცეკვავდით რუმბას და ჩაჩაჩას... მაშინვე მთხოვა ცოლობა და ისრაელში წასვლა. შემდეგ ჩამოვიდა ელის ოჯახი, ბოდიში მომიხადეს... ასე გავყევი ელის ცოლად. მე დავრჩი მართლმადიდებელ ქრისტიანად, ჯვარი არ დაგვიწერია, მხოლოდ ხელი მოვაწერეთ, დღემდე მყავს სულიერი მოძღვარი. წინააღმდეგი ვარ სარწმუნოების შეცვლისა - მორწმუნე ოჯახში გავიზარდე და რელიგიას ჩემს ცხოვრებში დიდი ადგილი უჭირავს.

ცეკვა - ტკივილი და წარმატება

ცეკვა დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერ უნდა ადგე. 1993 წელი იყო. ლონდონის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე. წლების განმავლობაში ვმსაჯობდი და ახლაც ვმსაჯობ. მე და ელი, სანამ სტუდიას გავხსნიდით, ქორწილებსა და რესტორნებში ვცეკვავდით, ეს იყო ჩვენი ძირითადი შემოსავალი. თვეში 25 კონცერტი გვქონდა. სტუდიაში ცეკვის გაკვეთილებს რომ ვამთავრებდით, საცეკვაოდ მივდიოდით, რათა თანხა შეგვეგროვებინა და გვესწავლა. ცეკვა სულის საზრდოა, ცეკვაში ცხოვრება უნდა დაინახო. ლტოლვა უნდა ჰქონდეს წყვილს.

საკუთარი სახსრებით ჩატარებული ტურნირი

სულ ვფიქრობ, როგორ დავეხმარო ქართველ მოცეკვავეებს, რომ მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდნენ. 2014 წელს თანამედროვე სპორტული ცეკვების მსოფლიო საბჭოდან მე და ელიმ ჩვენი თანხებით შევიძინეთ ლიცენზია, სპორტული ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის თასის ტურნირის საქართველოში ჩასატარებლად და 2014 წელს საქართველოში ჩავატარეთ "აღმოსავლეთ ევროპის თასი". ასევე დავაარსეთ ტურნირი Gეორგიან Qუეენ თროპყ. პირველი ტურნირი მსოფლიოში აღიარებულმა მოცეკვავეებმა უკვე ჩაატარეს. მოვიწვიეთ მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონი, სპორტული ცეკვების მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივანი ბრაიან ვოთსონი, იტალიელი წყვილები, მსოფლიო ჩემპიონები. სპონსორების მოძიება რომ დავიწყე, რამდენიმე დამპირდა დახმარებას, მაგრამ ბოლო წუთს მიმატოვეს. ყველას ეგონა, რომ ეს ტურნირი და მასტერკლასები ვერ ჩატარდებოდა. მე და ელიმ ჩვენი თანხებით მაინც ჩავატარეთ.

უსახსრობის გამო ჩვენი მოცეკვავეები სხვა ქვეყნებში მიდიან, იქ, სადაც უფასდებათ შრომა და სათანადო ანაზღაურება აქვთ. ელი დღე და ღამე ცეკვავს, წვრთნის წყვილებს. მე უფრო მეტს ვმსაჯობ. მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი თანამედროვე სპორტული ცეკვების განვითარებას საქართველოში.

ნინო წიფურია