ფარცხნალი - ბუმბერაზი ადამიანების სოფელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის მოლოდინშია
29-10-2017
ფარცხნალი - ბუმბერაზი ადამიანების სოფელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის მოლოდინშია
შვიდი წლის წინ გინესის რეკორდების ქართულმა წარმომადგენლობამ ცენტრალურ ოფისს უცნაური წერილი გაუგზავნა. უცნაური იმიტომ, რომ ქართული მხარე­ არა რომელიმე­ ადამიანის ფიზიკური ან ინტელე­ქტუალური მიღწევის შესახებ რეკორდსმენის სტატუსის მოპოვებას ითხოვდა, არამედ საქართველოს ერთი პატარა სოფლის, ფარცხნალის შეტანას ისახავდა მიზნად მსოფლიო მიღწევების ნუსხაში.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იმერული სოფლის გინესის წიგნში შეტანის მოთხოვნის მიზეზი ის გახლდათ, რომ მან ბევრი­ სახელოვანი ადამიანი გაუზარდა სამშობლოს, მათ შორის 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი. ასეთი იყო
გინესის რეკორდების ცენტრალური ოფისიდან უკან დაბრუნებული პასუხი: "გვეეჭვება, რომ მსგავსი სოფელი იყოს მსოფლიოში. თუმცა, ხელაღებითაც ვერ ვიტყვით, გამოკვლევა სჭირდება", - ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვებად დარჩა, სოფელი ფარცხნალი ისევ მსოფლიო აღიარების მოლოდინშია...
მაინც რატომ არის ფარცხნალი მსოფლიოში გამორჩეული სოფელი?
ბევრ მეცნიერებას საქართველოში სწორედ ამ სოფლის მკვიდრებმა
ჩაუყარეს საფუძველი. ამ სოფელთან ბევრჯერ არის დაკავშირებული სიტყვა "პირველი".

ევგენი ხარაძე, საქართველოში ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებელი (მანამდე საქართველოში არც ეს მეცნიერება და არც ობსერვატორია არ არსებობდა. სწორედ მან დააარსა პირველი ობსერვატორია საქართველოში), მისი ძმა კი, არჩილ ხარაძე, საქართველოს მათემატიკური­ მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ (საქართველოში მათემატიკური საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი და ქართულად გამოცემული მათემატიკის სახელმძღვანელოს პირველი ავტორი); პეტრე ბუაჩიძე - საქართველოში პირველი სპეციალისტი დერმატოვენეროლოგიაში; იოსებ ბუაჩიძე - პირველი ჰიდროგეოლოგიური რუკის შემქმნელი (შექმნა საქართველოში პირველი ჰიდროგეოლოგთა სკოლა); რუსუდან ხარაძე - ეთნოგრაფთა პირველი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ეთნოგრაფიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას - ქართველი ხალხისა და კავკასიის მთიელთა სოციალური ურთიერთობების შესწავლას. მისი და, ანა ხარაძე, ასევე პროფესორი გახლდათ, ქართული ბოტანიკის სათავეებთან მდგომი და ერთ-ერთი ფუძემდებელი მეუღლესთან, მიხეილ სახოკიასთან ერთად; ბიჭიკო ბრეგვაძე - პირველი ქართული საფოსტო მარკის შემქმნელი; კიტა ბუაჩიძე - ქართული დრამატურგიის კორიფე; რევაზ თაბუკაშვილი - ქართული დოკუმენტური კინოს სრულიად ახალი ჟანრის ფუძემდებელი; მერაბ თაბუკაშვილი - საქართველოს ტელევიზიის პირველი დიქტორი (დიქტორთა პირველი წარმომადგენელი); ტრიფონ თაბუკაშვილი - საქართველოში პედაგოგთა პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი; ბენიტო ბუაჩიძე - მწერალი, პუბლიცისტი, პროლეტარული მწერლობის დამფუძნებელი და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე; ნიკოლოზ თაბუკაშვილი - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მხატვართა პირველი სკოლისა და შემდეგ მხატვართა პირველი ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი დირექტორი და ა.შ."

სკოლის გარეშე დარჩენილი სოფელი

ერთ დროს ოთხასკომლიანი სოფელი,­ დღეს თითქმის დაცარიელებულია. თუ ადრე ფარცხნალის არჩილ ხარაძის სახელობის სკოლაში 150-მდე მოსწავლეს ითვლიდნენ, 2006 წელს მოსწავლეების სიმწირის გამო ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლას მიუერთეს და ისტორიაც დასრულდა. ახლა ფარცხნალის სკოლის შენობა ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლის დამატებითი შენობა-ნაგებობაა. იქ გაკვეთილები მხოლოდ პირველ და მეორეკლასელ მოსწავლეთათვის ტარდება. სკოლა, რომელმაც ბუმბერაზი ადამიანები გამოზარდა, დღეს ისტორიად იქცა, ისტორიად, რომელსაც დღეს უკვე სამწუხარო რეალობა ჰქვია.

იზა ბუაჩიძე, ფარცხნალის მკვიდრი და ყოფილი სკოლის დირექტორი:
- ჩვენს სოფელში პირველი სკოლა 1902 წელს ეკლესიის ეზოში, ხის უბრალო ქოხში, სოფლის ინიციატივით გახსნილა. პირველი მასწავლებლები გახლდნენ ტაძრის მოძღვარი დავით სუხიაშვილი და ვანო ბირკაძე. სკოლამ მას შემდეგ რამდენიმე ადგილი გამოიცვალა, ახალ შენობებს სოფლის მოსახლეობა საკუთარი სახსრებით ყიდულობდა. 1928 წელს კიდევ ახალი ხის შენობა შეუძენიათ. დღევანდელი ფარცხნალის სკოლაც სწორედ იმ ეზოში აშენდა, რომელიც თავის დროზე ოთხწლიანი გახლდათ, შემდეგ შვიდწლიანი, ხოლო 1962 წელს 8-წლიანად ჩამოყალიბდა. მე სწორედ ამ დროს მივედი პიონერხელმძღვანელად. მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემს დროს სამი ხის შენობა იდგა. 1984 წელს პედაგოგად დავინიშნე და ვმუშაობდი, სანამ ოპტიმიზაცია მოხდებოდა. უშანგი ვეფხვაძე გახლდათ ჩემი წინამორბედი სკოლის დირექტორი, რომლის თაოსნობით და ბატონი ევგენი ხარაძის დახმარებით 1965 წელს სკოლის კაპიტალური ორსართულიანი შენობა­ აშენდა. 2006 წელს მოსწავლეების სიმწირის გამო ჩვენი განათლების კერა ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლას მიუერთდა. ამჟამად პირველი და მეორეკლასელი თითო-თითო მოსწავლე გვყავს.

- რამდენი პედაგოგი გყავთ?

- ორი, ერთი, რომელიც ძირითად საგნებს ასწავლის და მეორე - ინგლისურის მასწავლებელი. ახალგაზრდობა თითქმის აღარ დარჩა, შობადობამაც იკლო.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელმა, სცენარისტმა, მსახიობმა და რეჟი­სორმა იზა ვეფხვაძემ არაერთი წიგნი მიუძღვნა ხარაგაულს, მათ შორის სოფელ ფარცხნალს.

იზა ვეფხვაძე:
"- ფარცხნალში დაბადებულთაგან მარტო რვა ადამიანი პანთეონშია დაკრძალული. სოფელში ხშირად ხუმრობდნენ, სასაფლაო არ გვჭირდება, ყოველ მეორეს დიდუბის პანთეონში კრძალავენო. 1910 წლის გაზაფხულიდან ამ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა გალაკტიონ ტაბიძე და ხარაძეთა უბანში ცხოვრობდა. 6-7 წლის წინ მის მასპინძელ ოჯახს ვთხოვე, რომ ოთახი, სადაც გალაკტიონი ცხოვრობდა, ოთახ-მუზეუმად გაგვეკეთებინა. ამჟამად ამ სახლში ბატონი ელგუჯა ხარაძე ცხოვრობს. ის დაგვთანხმდა. ასე ვაქციეთ მათი სახლის ერთი ოთახი მუზეუმად. იქ დღემდე დაცულია სკამი, მაგიდა, საწოლი და სხვა ნივთები, რომელთაც გალაკტიონი იყენებდა. ხშირად ეწყობა ღია გაკვეთილები. ხარაგაულში ყოფნისას რკინიგზის სადგურზე გალაკტიონმა პირველად ნახა აკაკი წერეთელი, რომელიც მატარებლის ფანჯრიდან ლექსს კითხულობდა. ხარაგაულიდან წასვლის შემდეგ გალაკტიონმა ლექსი მიუძღვნა ჩვენს მხარეს: "მახსოვს ხარაგაულის სევდიანი სადგური,/ მისი ყრუ სამკაული - აცვივნული აგური./ უშფოთველი ცხოვრება, წყნარი, როგორც გუგული;/ მესმის მოახლოებულ ორთქლმავალის გუგუნი".

ასე იქცა ბუმბერაზი ადამიანების სოფლად ფარცხნალი, მდიდარი წარსულის სკოლის კედლებს კი მხოლოდ მოგონებები შემორჩა. მოსახლეობა იმედით აგრძელებს ცხოვრებას, იმედით, რომელიც ახალი თაობის დაბადებას უკავშირდება. ვინ იცის, კიდევ რამდენ სასახელო "პირველს" აღუზრდის ფარცხნალი საქართველოს!

გალაკტიონის ცაცხვი

გალაკტიონ ტაბიძე 1910-11 წლებში სოფელ ფარცხნალის დაწყებით სკოლაში მუშაობდა პედაგოგად. ამონარიდი იზა ვეფხვაძის წიგნიდან "ხარაგაული".
"ერთ დი­ლით, სკოლის ეზო­ში შე­სულ გა­ლაკ­ტი­ონს არასასიამოვნო სურათი დახვედრია: წი­ნა­ ღა­მით ძლი­ე­რ ქა­რს ეკლესიის ეზოში დარგული ხუთწლიანი ცაცხვის ნარგავი მოუთხრია. გალაკტიონს მი­წის ფხოჭ­ნა და­უწყია. ამ დროს ეზო­ში მი­სი მო­წა­ფე ერ­მა­ლოზ ბუ­ა­ჩი­ძე შე­მო­სუ­ლა - არი­ქა, ერ­თი სა­რი მი­შო­ვე სად­მეო, - უთხო­ვია გა­ლაკ­ტი­ონს, ცაცხ­ვის ხის­თ­ვის მი­წა მი­უყ­რია, შემდგომ ჭი­გო და­უს­ვია და ზედ მი­უკ­რავს, ამის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით პატ­რო­ნობ­და ცაცხ­ვის ახალ­გაზ­რ­და ნერგს, წყალს უს­ხამ­და, ელო­ლი­ა­ვე­ბო­და. სო­ფელ­ში ამ ცაცხ­ვის ხეს დღე­საც გა­ლაკ­ტი­ო­ნის ცაცხვს ეძა­ხი­ან და რატომღაც ეს ხე სხვა ხეთა შორის გამორჩეული და მკერ­დ­გა­ნი­ე­რია... მაშინ ფარცხნალის დაწყებითი სკოლა ეკლესიის ეზოში მდებარეობდა პატარა ხის შენობაში. დღეისათვის, თუ გალაკტიონის ცაცხვს მოიკითხავთ, ადგილობრივები ფარცხნალის წმინდა კვირიკე და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზოში მდგომ მრავალწლოვან ცაცხვის ხეზე მიგითითებენ, რომელსაც სამახსოვრო წარწერაც ამშვენებს: "გალაკტიონის ცაცხვი.""

თორნიკე ყაჯრიშვილი
Niko
27 აპრილი 2018 11:18
ამდენი ილაპარაკეთ და ნახევარი მაინც ჩამოგეთვალათ იმ პროფესორებიდან
S.m.
22 თებერვალი 2018 02:45
Ar gaigos bizom torem tavis warwerianad motxris da waigebs
ნატო ბუაჩიძე
20 თებერვალი 2018 23:29
მე სწორედ ამ საუკეთესო სოფლიდან მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში წამოსული და კახეთში ჩასახლეხლებული მიხა ბუაჩიძის შთამომავალი ვარ. ფარცხნარში ნამდვილად არ ვყოფილვარ მაგრამ მეამაყება, რომ მაგ კურთხეული სოფლიდან გვაქვს ფესვები. ასე იყო მამაც რომლისთვისაც მისი გვარი ყველაფერი იყო.

რედაქტორის რჩევით