"ოთხსაუკუნოვანი ჭურჭელი ისე იყო შენახული, თითქოს ოთხი წელიც არ გასულა" - კვირის პალიტრა

"ოთხსაუკუნოვანი ჭურჭელი ისე იყო შენახული, თითქოს ოთხი წელიც არ გასულა"

"როცა დავითგარეჯის ლავრის ეზოს ვთხრიდით, უეცრად ვერცხლისფრად მბზინავი ზოლი გამოჩნდა. მიწის შემოცლას ფრთხილად შევუდექით, რათა ნივთი არ დაგვეზიანებინა. ბოლოს ერთმანეთში საოცარი სიფაქიზით ჩალაგებული სპილენძის ჭურჭელი გამოჩნდა"

ათასი წელი ვითარცა ერთი წამი! ეს დროის ბიბლიური საზომია და არქეოლოგებს, ალბათ, ყველაზე ხშირად ახსენებს თავს - მათთვის დრო მართლაც წამია, საუკუნოვანი არტეფაქტებისთვის კი, მით უფრო; მათ სულ არ "ანაღვლებთ", სანამ მიწაში თვლემდნენ, რა დრომ ჩაიარა. სამაგიეროდ, უკვდავია ადამიანის ნამოქმედარი. როცა არქეოლოგმა ნოდარ ბახტაძემ დავითგარეჯში ბერების გადამალული სპილენძის ჭურჭელი აღმოაჩინა, კარგა ხანს იდგა გარინდული:

- არსებობს არქეოლოგიის ისეთი დარგი, როგორიც არის ქრისტიანული არქეოლოგია. ამ სპეციალობის არქეოლოგები წმინდა ადგილებს ვიკვლევთ და ხშირადაც ვაწყდებით სულისშემძვრელ მაგალითებს, - გამუდმებული შემოსევების გამო ჩვენს წმინდა მამებს სიკვდილი მუდამ თან სდევდა, მაგრამ სანამ დაიხოცებოდნენ, ქრისტიანულ საუნჯეს იმ რწმენით მალავდნენ, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც გადაბუგულ ტაძარს აღადგენდა და უფალს ადიდებდა.

როცა დავითგარეჯის ლავრის ეზოს ვთხრიდით, უეცრად ვერცხლისფრად მბზინავი ზოლი გამოჩნდა. მიწის შემოცლას ფრთხილად შევუდექით, რათა ნივთი არ დაგვეზიანებინა. ბოლოს ერთმანეთში საოცარი სიფაქიზით ჩალაგებული სპილენძის ჭურჭელი გამოჩნდა.

თითქმის დაუზიანებელი სატრაპეზო ნაკრები აღმოჩნდა: მოკალული სპილენძის ქვაბები, ჩამჩები, კერძის შემოსატანი ლანგრები და მათი თავსახურები ისე იყო შემონახული, თითქოს არც ისე დიდი ხნის წინ იხმარეს სატრაპეზოდ. ჭურჭელი ბერებმა, ჩანს, მტრის შემოსევის დროს გადამალეს, ალბათ, იმ განცდით, რომ მტერს ვერ გადაურჩებოდნენ, ამ ჭურჭელს კი მათ შემდგომ ვინც მოვიდოდა, ის გამოიყენებდა.

გარეჯში კულტურული მოღვაწეობის ცენტრი იყო და ცხადია, ბერებს კარგად ეცოდინებოდათ, რას წარმოადგენდა საქართველოს ახალი დამპყრობი შაჰ-აბასი, რომელიც საქართველოს 1615 წელს შემოესია და დავითგარეჯის 6000 ბერი ერთ ღამეში ამოხოცა.

- ამბობენ, აღდგომის ღამე იყოო. მონასტრის წინამძღვარს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, დღეს თქვენ დიდი განსაცდელი მოგელით, რომელიც ცად აგამაღლებთ, ვისაც სიკვდილის ეშინია, დაე, წავიდესო. ორი ახალგაზრდა ბერი გაქცეულა, მაგრამ ღამის ცაზე სხვა გაბრწყინებულ გვირგვინებს შორის ორი საცოდავად მოფარფატე გვირგვინი დაუნახავთ და უკანვე დაბრუნებულან.

- შაჰ-აბასს ქრისტიანობის დამხობის გარდა, ცხადია, მონასტრის გაძარცვაც ენდომებოდა. ალბათ, ფიქრობდა, რომ სასულიერო მოღვაწეობის ამხელა კერაში დიდი განძი იქნებოდა; თუმცა, არც არაფერი იყო, აღარ არსებობდა მდიდარი საქართველოს ეპოქა და იმიტომ. ჭურჭელი არც ისე ღრმად იყო დაფლული. როგორც ჩანს, ორმო სწრაფად ამოთხარეს.

- ნუთუ ოთხი საუკუნის მანძილზე მიწას მეტი მტვერი არ დაედო?

- ჩვენ საუკუნე დიდ დროდ გვეჩვენება, სინამდვილეში, დრო არაფერია. საუკუნის განმავლობაში თუ განსაკუთრებული არაფერი მოხდა ან ზვავი არ ჩამოიშალა, მიწა მხოლოდ 10-სანტიმეტრიანი მტვრის ფენით იფარება. ოთხსაუკუნოვანი ჭურჭელი ისე იყო შენახული, თითქოს ოთხი წელიც არ გასულა. ეს საუკუნეების სპილენძი, რომელიც ქართველი ოსტატების ხელით უზადოდ არის ჩამოსხმული, ჩვენი კულტურის ნაწილია. შემოსევებით გაპარტახებული საქართველო მაინც ინარჩუნებდა კულტურას და პურობის ისტორიულ ადათს. ეს ჭურჭელი კი ამ კულტურაზე გვიამბობს.

ეთერ ერაძე