მგზავრებისთვის ისედაც უამრავ პრობლემად ქცეული მიკროავტობუსი უკვე კატასტროფულადაც იგვიანებს?! - კვირის პალიტრა

მგზავრებისთვის ისედაც უამრავ პრობლემად ქცეული მიკროავტობუსი უკვე კატასტროფულადაც იგვიანებს?!

"სცოდავენ მგზავრებიც და მძღოლებიც"

ბოლო რამდენიმე დღეა რედაქციაში გვირეკავენ მოქალაქეები, რომლებიც თბილისში მოძრავ მიკროავტობუსების განგრიგზე ჩივიან. მათი თქმით, ქალაქში მოძრავი ცენტრალური ხაზების მარშრუტკები დიდი ინტერვალით დადიან. მძღოლები კი მიზეზად მიკროავტობუსის წყობიდან მასშტაბურ გამოსვლას ასახელებს.

"ჩვენს ხაზზე სულ 40 "მარშრუტკა" მუშაობს, დღეს ნახევარიც ვერ გამოვიდა, იმიტომ უმეტესობა გაფუჭებული, ძირითადად ძრავის პრობლემებია. არადა, გაკეთება ისეთი ძვირი ჯდება, მძღოლს ურჩევნია საერთოდ გაჩერდეს. ხომ გვაიძულეს ზაფხულში კონდიციონერების ჩართვა, უმეტესობას სწორედ მაგან მოუსპო ძრავა. ასეთი ვითარება სხვაა ხაზებზეც, ჯერ სად ხართ, სულ უარესი და უარესი იქნება", - გვითხრა ერთ - ერთმა მძღოლმა.

ვითარების გასარკვევად კომპანიას დავუკავშირდით.

ნათია მიქიაშვილი, "თბილისის მიკროვატობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

- როდესაც მონიტორინგის სამსახურში მომხმარებლისგან გამუდმებით შედის საჩივარი, რომელიმე კონკრეტული მიკროავტობუსის დაგვიანების შესახებ, იმ ხაზებზე ემატება მიკროავტობუსი. მაგრამ იმის გამო, რომ დედაქალაქში არის საცობების პრობლემა, ვერ ხერხდება მიკროავტობუსებისთვის დაწესებული გრაფიკის სრულად დაცვა, ანუ პირობითად, თუ მიკროავტობუსი უნდა დადიოდეს 4-6 წუთში ერთხელ, შესაძლებელია იმ კონკრეტულ ხაზზე მგზავრს მოუწიოს მოცდა 15 წუთამდეც კი. ეს მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებულია საცობებთან და გართულებულ მოძრაობასთან, მითუმეტეს როდესაც არის წვიმიანი დღეები.

- თუმცა მგზავრები გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში მიმავალი მიკროავტობუსის დაგვიანებაზეც ჩივიან.

- ამ შემთხვევაში შეიძლება მძღოლი შეგნებულად მოდიოდეს გვიან, რათა მოაგროვოს უფრო მეტი მგზავრი, ამ შემთხვევაში მგზავრებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, ოპერატორს უთხრან მიკროავატობუსის სახელმწიფო ნომერი და კონკრეტული მიზეზი, მონიტორინგის სამსახურს მიეწოდება ნომერი და გადაამოწმებენ.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლმა თქვა, რომ საცობი კი არა, გაფუჭებული მიკროავტობუსებია მიზეზი...

- ხაზზე მიკროავტობუსების განახევრება იწვევს კატასტროფას, ხაზის პარალიზებას, ამიტომ გამორიცხულია ხაზზე შემცირებული რაოდენობა გავიდეს.

- როდესაც მიკროავტობუსი ფუჭდება, ამ შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელი მის შეკეთებაზე?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ მიკროავტობუსი როგორც კი ფუჭდება, სარეზერვო 500-მდე გვაყვს, რომელიც ავტომატურად ნაწილდება. რაც შეეხება შეკეთებას, კონტრაქტით მძღოლი არის მიკროავტობუსის მფლობელი, შესაბამისად, მიკროავტობუსთან დაკავშირებული ყველა გაუმართაობის აღმოფხვრა სწორედ მისი ვალდებულებაა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც კომპანია ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, ასევე ითვალისწინებს იმასაც, რომ შესაძლებელია მძღოლის მხრიდან უპასუხისმგებლობას ჰქონდეს ადგილი ან ძვირი ჯდებოდეს შეკეთება, როდესაც დიდ დანახარჯებზეა საუბარი, კომპანია იჩენს კეთილ ნებას და თავად არემონტებს მიკროავტობუსებს.

- კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც მგზავრები ჩივიან, არის სიბინძურე და უსუფთაობა მიკროავტობუსში.

- გეთანხმებით და მესმის მომხმარებლის პრეტენზია. მძღოლს ევალება ყოველდღიურად ამის მოწესრიგება. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს სცოდავენ მგზავრებიც და მძღოლებიც, ამიტომ კონკრეტულად ერთს ვერაფრით ვერ დავაბრალებთ. შემიძლია განახოთ ყოველდღიურად როგორ სუფთავდება ფარეხში შესული მიკროავტობუსი.

იხილეთ ასევე: "მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, მძღოლმა მანქანა დაძრა... ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა"

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)