"პირველად, "ნატვრის ხე" რომ ვნახე, ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა" - ლიკა ქავჟარაძის ვაჟის მოგონება - კვირის პალიტრა

"პირველად, "ნატვრის ხე" რომ ვნახე, ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა" - ლიკა ქავჟარაძის ვაჟის მოგონება

ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე 2017 წლის 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

რამდენიმე წლის წინ, ჟურნალმა "ცხელი შოკოლადი" გამოაქვეყნა ჩანაწერები ლიკა ქავჟარაძეზე, რომელშიც ლიკასთან ერთად, მისი ახლობლები და მეგობრები საუბრობენ. გთავაზობთ ლიკა ქავჟარაძის შვილის, ლევან თაქთაქიშვილის საუბრის ეპიზოდს:

ფოტოგალერეა

"ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება - და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა.

დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე; რა ვიცი, თავის ცხოვრებაზე.

არა, ეგ არასდროს მიგრძვნია, ან შეიძლება არ ვაკვირდებოდი, პატარა ვიყავი; უბრალოდ, ძალიან მოსაბეზრებელი იყო - ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგეხარ და იღიმები. პირველად, "ნატვრის ხე" როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა.

არასდროს მივლია ლიკას მონაწილეობით გადაღებული ფილმების ჩვენებებზე, არც დეფილეებზე. ჰო, პოდიუმზე რამდენჯერმე გამოვიდა. არ ვიცი, რატომ. შეიძლება რაღაცნაირად მრცხვენოდა? შეიძლება. ისე, ერთხელ, 8 წლის როცა ვიყავი, მეც გამომიყვანა ჩვენებაზე. მარტო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რაღაც ქურთუკი ჩამაცვეს და მერე მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა.

რა ვიცი… გავხარო, მეუბნებიან. ლიკა უფრო ჩაკეტილი ადამიანია, მეც ასეთი ვარ. იცი, მახსოვს, რომ სულ მენატრებოდა. მამაჩემი ფიზიკოსია და სულ სადღაც იყო წასული, თვეობით მიდიოდა. ლიკას იმ პერიოდში გადაღებები ჰქონდა. ამიტომ, უფრო ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი.

რა მახსენდება? მმმ, არაფერი ისეთი. სამუშაოს გამო, თითქმის სულ ცალ-ცალკე იყვნენ, მერე ურთიერთობაც არ ჰქონიათ მაინცდამაინც კარგი. კი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, დიდი ვიყავი, მაგრამ ჩემი განცდები მაინც მქონდა...

ლიკა? ჯიუტია. თან გააჩნია რა ხასიათზეა. აი, დილით რომ ადგები, უკვე ხედავ, რომ დღეს რაღაც სხვანაირადაა… რა ვიცი… სულ რაღაცეებს უშვრება თმებს, შეიჭრის, შეიღებავს რაღაცფრად. უხდება-არ უხდება, მაინც გააკეთებს. ხან სევდიანია, უცებ მხიარული, უცებ ჯიუტი და უცებ შეიძლება… რა ვიცი, კიდევ როგორი. ლიკა ბევრნაირია. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: „თავის დროზე ვერ შევძელი, დედა და შვილი მიმეტოვებინა. ახლა სადღა წავალ...” - ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუ