"რუსული ლაპარაკის გაგონებაზე ახლაც თავი მტკივდება" - კვირის პალიტრა

"რუსული ლაპარაკის გაგონებაზე ახლაც თავი მტკივდება"

"მაძლიერებს იმის განცდა, რომ გმირი მამა მყავდა. ვინც გაიგებს, რომ შოთა ჯღამაძის შვილი ვარ, თვალზე ცრემლმომდგარი მეუბნება, საამაყო მამის შვილი ხარ, ყველაზე ძალიან შენ უყვარდი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, პრინცესა იქნებოდიო"

სოხუმის დაცემიდან ორ დღეში აფხაზებმა გულრიფშის ტუბსანატორიუმის მთავარი ექიმი შოთა ჯღამაძე საოპერაციოდან გამოიყვანეს და დახვრიტეს... 70 წლის ცნობილი ქირურგი სანატორიუმის ეზოში თავისმა მძღოლმა მალულად დაასაფლავა. მისი მეუღლე და ქალიშვილი 24 წლის შემდეგ მისი ნეშტის გადმოსვენებას ელიან.

ნატა, შოთა ჯღამაძის ქალიშვილი:

-ამა 30 წელი ხელმძღვანელობდა გულრიფშის ტუბსანატორიუმს, მისი მთავარი ექიმი იყო და ქირურგიც. გულრიფშში მუშაობისას გაიცნო დედა, რომელიც ასევე ექიმია. ეს ორივესთვის მეორე ქორწინება იყო. სოხუმში აგრბას ქუჩაზე ვცხოვრობდით. ომი რომ დაიწყო, 7 წლის ვიყავი. მშობლებმა მე და ჩემი უფროსი და თბილისში გამოგვიშვეს, ბებიასთან. სოხუმის დაცემამდე, მდგომარეობა რომ გართულდა, დედამ თბილისში წამოსვლა შესთავაზა მამას. უარი მიიღო და თვითონაც მასთან დარჩა. დაუწერელი კანონია - ომში მოწინააღმდეგე ექიმს არ ერჩის, მაგრამ... 29 სექტემბერს აფხაზები სანატორიუმში შეიჭრნენ, სადაც მამა დაჭრილებს ოპერაციას უკეთებდა. საოპერაციოდან გამოიყვანეს და იქვე, კედელთან დაცხრილეს.

წლების განმავლობაში შურისძიების სურვილი არ მასვენებდა, რუსული ლაპარაკის გაგონებაზე ახლაც თავი მტკივდება. მიუხედავად იმისა, რომ მამა აფხაზებმა დახვრიტეს, მაინც რუსებზე ვარ გაბრაზებული, ვინაიდან ეს დავიდარაბა მათი სცენარი და პროექტი იყო, მათ ჩაუნერგეს ქართველების სიძულვილი.

მამა დახვრეტის შემდეგ, დედას დაუწყეს დევნა. ის რუსის ქალმა თივაში დამალა. აფხაზებმა დედა მაინც დაატყვევეს, საშინლად აწამეს - კედელთან აყენებდნენ და ტყვიებს ისროდნენ. შემდეგ გამოსასყიდი მოითხოვეს. თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ბებიას სამოთახიანი ბინა ჰქონდა და დედას გამოსახსნელად გაყიდა.

მერე ძაძებში გახვეული დედა ჩამოვიდა... როცა მამის ამბავი შევიტყვე, სიბრალულზე მეტად პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ვბრაზობდი, რატომ მოკვდა, რატომ არ ჩამოვიდა, რატომ დამტოვა-მეთქი... რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რატომ მოიქცა მამა ასე.

მამას მისმა მძღოლმა საშამ დაასაფლავა საავადმყოფოს ეზოში. საქართველოს მთავრობა "წითელ ჯვართან" ერთად მამას ნეშტის გადმოსვენებასაც გეგმავს.

წლების განმავლობაში ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობ გიდად. ხშირად მიწევს ტურისტებისთვის იმის ახსნა, რა მოხდა აფხაზეთში, მამას ამბავსაც ვყვები ხოლმე.

მე და დედამ ერთმანეთი გავაძლიერეთ. ტრაგედიის კვალი, რა თქმა უნდა, არ წაიშლება, მაგრამ მაძლიერებს იმის განცდა, რომ გმირი მამა მყავდა. ვინც გაიგებს, რომ შოთას შვილი ვარ, თვალზე ცრემლმომდგარი მეუბნება, საამაყო და გმირი მამის შვილი ხარ, ყველაზე ძალიან შენ უყვარდი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, პრინცესა იქნებოდიო...

ძალიან მინდა აფხაზეთში დაბრუნება. ომით ვერაფერს მოვიგებთ. არ მინდა, ვინმე სხვა პატარა გოგონამ ის გამოცადოს, რაც მე გამოვიარე. ერთადერთი გზა შერიგების, მეგობრობის და სიყვარულის გზაა...

ნანი აბრალავა, შოთა ჯღამაძის ქვრივი:

- თბილისში ვიყავი, მობილიზაცია რომ გამოცხადდა და გულრიფშში ღამის 4 საათზე ჩავფრინდი. შინ რომ მივედი, შოთას კარი ღია ჰქონდა - გაფრენამდე ინტერვიუ მივეცი ტელევიზიას - ჩემი მეუღლე იქ არის და მე, როგორც ექიმი, მის გვერდით უნდა ვიყო-მეთქი. შოთას ეს მოუსმენია და მელოდა... ექიმი-ლაბორანტი ვარ. ომის დროს ჩვენს სანატორიუმში დაჭრილები მოჰყავდათ, შოთას ოპერაციების კეთებაში ვეხმარებოდი. მე და ჩემი მეუღლე სანატორიუმის ბინაში ვცხოვრობდით. ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ თბილისში წამოსვლა გადავწყვიტეთ. 25 სექტემბერს შოთას ედუარდ შევარდნაძე შეხვდა და უთხრა, მერწმუნე, სოხუმში ჩიტი ვერ შემოფრინდება, აქ უფრო მჭირდებიო. დარჩენა შოთასაც უნდოდა, ის კაცი არ იყო, პროფესიისა და ადამიანებისთვის ეღალატა. 27 სექტემბერს შევარდნაძე პირველი გაიქცა სოხუმიდან. ჩვენ არც ვიცოდით, იმ დღეს სოხუმი რომ დაეცა. საღამოს ყარყარაშვილმა დაჭრილები მოიყვანა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ჯაბამ კი მითხრა, ქალბატონო, თქვენი აქ გაჩერება არ შეიძლება, უნდა წახვიდეთ, ამათზე მე ვიზრუნებო. მეორე დილით აღარავინ მინახავს...

შოთა მთელი ღამე ოპერაციებს აკეთებდა, საღამოს გავიგეთ, სოხუმი დაეცა, გაყიდული ვართ, ყველანი გაიქცნენო. 29-ში დილით ვხედავთ, იწვის გულრიფში, ყველაფერს ანგრევენ, ხალხს ხოცავენ... შოთამ მითხრა, ნანი, არ თქვა, რომ ჩემი ცოლი ხარ, იქნებ გადარჩეო. შოთა "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე იყო აფხაზეთში. აფხაზები ექსტრემისტს ეძახდნენ და ამოჩემებული ჰყავდათ. ჩვენმა მდივანმა, ვალიამ გადამმალა, 4 თუ 5 საათი თივის ზვინში ვიყავი. შემდეგ მიპატრონა, ჩამაცვა, დამაპურა.

მეორე დღეს გავიგე შოთას დახვრეტის ამბავი და მოვითხოვე, მასთან წამიყვანეთ-მეთქი, ვიცოდი, რაც მელოდა, მაგრამ არ გავჩერდი. შოთას საფლავამდე არც მივსულვარ, მაროდიორებმა გამოსვლისთანავე ამიყვანეს. სამი დღე ჯოჯოხეთი გამოვიარე. სამჯერ გამიყვანეს დასახვრეტად, მერე გადაიფიქრეს, თბილისელია, გამოსასყიდი მოვითხოვოთო. მას მერე ცოტა ნორმალურად მექცეოდნენ. ერთი ყმაწვილი იყო, ადგური, მოვატყუე, დედა აფხაზი მყავს-მეთქი. მან დიდი როლი ითამაშა ჩემს გადარჩენაში, ეტყობა, სიკვდილიც არ მეწერა... მერე აფხაზთა ბატალიონის უფროსმა ანატოლი ზუხბაიამ ითავა ჩემი გაცვლა და ფულის აღება.

გამოხდა ხანი და ერთ დღესაც შევარდნაძესაც შევუვარდი კაბინეტში, ვეჩხუბე, დიდი შეურაცხყოფა მივაყენე. მაწყნარებდა, დაგეხმარებით, ბინას მოგცემთო... თქვენი ბინის მათხოვარი არა ვარ, სპეციალურად დატოვეთ და მოაკვლევინეთ ჩემი ქმარი და მარტო ის კი არა, მთელი აფხაზეთი გაყიდეთ, არაკაცო-მეთქი... იმ დღის შემდეგ ყველა კარი ჩაიკეტა ჩემთვის, არავითარი დახმარება არ მიმიღია, ერთადერთი, ლტოლვილის სტატუსი მქონდა და ისიც მომიხსნეს, ოპოზიციაში რომ ვედექით სააკაშვილს, ალბათ, იმიტომ. მერე ვახტანგ ყოლბაიას დახმარებით აღვიდგინე სტატუსი. შოთა მთავრობამ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა და ყოველთვიურად 1.000 ლარის ოდენობით კომპენსაციას მაძლევენ. როგორც ლტოლვილი, ბინის რიგშიც ვდგავარ.

ახლა იმედი გამიჩნდა... ალბათ, მალე გადმოასვენებენ მის ნეშტს თბილისში...

ნანა ფიცხელაური