ფეისბუქცხოვრება - კვირის პალიტრა

ფეისბუქცხოვრება

როგორ ამოვიცნოთ სოციალურ ქსელებში ადამიანის ფსიქოტიპი

"რაც დრო გადის, ნელ-ნელა ვხვდებით, რომ ამ სივრცის გაკონტროლებაა საჭირო, ისევე როგორც პირადი ურთიერთობებისა. არ შეიძლება უცხო ადამიანებს უფლება მისცე, გაკრიტიკონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, ადვილად შემოვიდნენ შენს სივრცეში"

სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი სარგებლობს. როგორ შეიძლება ამოვიცნოთ თითოეულის ფსიქოტიპი, ფსიქოლოგი ირინე ტაბიცაძე გვესაუბრება:

- სტატისტიკამ ცხადყო, რომ მსოფლიოში ბოლო 3 თვეში ფეისბუქს 60 მილიონი მომხმარებელი დაემატა. თუ 10 წლის წინ ინტერნეტთამაშები იყო წამყვანი, ახლა სოციალურმა ქსელმა ბევრად აჯობა.

თუ ფეისბუქმომხმარებელს დავყოფთ ექსტრავერტებად და ინტრავერტებად, ასეთ სურათს მივიღებთ: ექსტრავერტები ძირითადად, გარე სამყაროსკენ არიან მიმართული. მათთვის ურთიერთობები წამყვანია, რაც მეტ ადამიანთან კონტაქტობენ, მით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავთ, უმეგობრდებიან ნებისმიერს. უნდათ, ყველა სტატუსზე საკუთარი აზრი დააფიქსირონ. მოკლედ, აქტიურები არიან როგორც ცხოვრებაში, ისე სოციალურ ქსელში.

ინტრავერტები უფრო ჩაკეტილები არიან. დიდი დოზით ურთიერთობები არ სჭირდებათ. ადვილად არ უმეგობრდებიან ადამიანებს და აზრსაც თამამად არ გამოთქვამენ. საჯარო პოსტებს იშვიათად წერენ. მაგრამ თავიანთ სამეგობროში შეიძლება ძალიან თამამები და გახსნილები იყვნენ.

რაც შეეხება ფსიქოტიპებს, ფეისბუქმომხმარებელი რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დავყოთ. მაგალითად, არიან დემონსტრაციული ტიპები. ასეთი ნაცნობები თითქმის ყველას გვყავს ფეისბუქზე. მათი ყველა ნაბიჯი ვიცით - სად წავიდა, თმა როგორ დაივარცხნა, რა მიირთვა... ამ ტიპისთვის დამახასიათებელია პირადი ცხოვრების დიდი დოზით წარმოჩენა, როგორც წესი, შელამაზებულად. მიზანი ის გახლავთ, რომ უნდა მოიხიბლო მისი ცხოვრების წესით, რომელიც ასე აქტიური და საინტერესოა. რაც მთავარია, ისინი სხვისი პოსტებით არ ინტერესდებიან, მათთვის ყველაზე საინტერესო საკუთარია.

მათგან განსხვავებით, არიან პროვოკატორი ტიპები, რომლებიც ყველა ნიუანსს ხედავენ, თუ სადმე რამე ცუდი ხდება - რიგში, ტრანსპორტში, ჩვენს ქვეყანაში, სხვის ქვეყანაში. შეუძლიათ ყველას გაკრიტიკება, საკუთარი თავის გარდა.

ასევე გვხვდებიან განსაკუთრებით მორცხვი ადამიანები, რომლებსაც ფრთები აქვთ გახსნილი ფეისბუქში. რამდენადაც შებოჭილი არიან საზოგადოებაში, იმდენად გამბედავი ხდებიან სოციალურ ქსელში.

ბოლო დროს ხშირად გვხვდება კიდევ ერთი საინტერესო ტიპი - შეუძლებელია, რომელიღაც საჯარო პოსტი გახსნა და იქ არ იყოს შენიღბული სახელით დარეგისტრირებულის კომენტარი, რომელიც ბილწსიტყვაობითა და აგრესიით გამოირჩევა. ჩვენნაირი მომხმარებელი ვერაფრით მიხვდება, ვინ დგას მის უკან. ის აგრესიის დახარჯვას იდუმალი ფორმით ცდილობს. ასეთების მიზანია გაგაღიზიანოს, მოთმინება დაგაკარგვინოს, სწორედ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად.

ასევე არის კატეგორია, რომელთაც პირად ცხოვრებაში სიცარიელე აქვთ, რასაც სხვების გვერდების თვალიერებით ივსებენ.

არის კიდევ საინტერესო ტიპი - პოზიტიური, სიცოცხლით სავსე ადამიანი. ის ცხოვრებაშიც რეალიზებულია და ეს იგრძნობა მის პოსტებშიც. რეალურ ცხოვრებაშიც და ონლაინსივრცეშიც ბედნიერ ადამიანებს უნდა ვეძებდეთ. განწყობა გადამდებია.

ფეისბუქსივრცესაც, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებას, უნდა გავუფრთხილდეთ. რაც დრო გადის, ნელ-ნელა ვხვდებით, რომ ამ სივრცის გაკონტროლებაა საჭირო, ისევე როგორც პირადი ურთიერთობებისა. არ შეიძლება უცხო ადამიანებს უფლება მისცე, გაკრიტიკონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, ადვილად შემოვიდნენ შენს სივრცეში. რეალური სივრცისგან განსხვავებით, ფეისბუქში მათი დაბლოკვა ადვილად შეიძლება.

- რა გამოდის, კარგია სოციალური ქსელი თუ ცუდი?

- ეს ჩვენი რეალობაა. რაც დრო გავა, ციფრული სამყარო უფრო გაფართოვდება. ნელ-ნელა ჩვენც ვისწავლით ამ სივრცეში ქცევის წესებს. თუმცა, არის კატეგორია, რომელიც ვერც რეალურ ცხოვრებაში იცვლის ქცევის წესებს. ასეა აქაც.

ეკა სალაღაია