როგორ იხსნა კახეთი მტრისგან... მწვადმა
16-10-2017
როგორ იხსნა კახეთი მტრისგან... მწვადმა
ცხვება მთვარისტოლა შოთები, ქვევრის ყელიდან ღვინომზე ამოდის. თავს იხრჩობენ ხარიხებზე ჩურჩხელები, ცხვირ-პირი დაუმტვრევია თხილ-კაკალ-ნუშს, ბანზე ლეღვის ჩირი იკრუნჩხება, თოკზე ჭანჭურის ტყლაპი ქანაობს, სხვენში კიდევ გარჩეული ხახვ-ნიორი

სანამ საგარეჯოელმა პირველი მტევანი მოწყვიტა, ქიზიყელმა­ ასფურცელასავით ყურძენი დაკრ­იფა, ჩაწურა, ადუღა, გადაიღო და პირველი ჩაფი ღვინოც დააწმინდავაო, - ოხუნჯობენ კახეთში.

- ბუნებას ეგრე დაუწესებია, პირველი­ მზე იმათია და მტევანიც ადრე შედის თვალშიო,"- გულს იმშვიდებენ დანარჩენები.
განსაკუთრებით თელავისა და გურჯა­ანის საუკუნოვანი ძიძგილაობაა სასეირო, კალმასობენ, ალმასობენ,
თვალბასრობენ ერთმანეთში, მაგრამ ზღვარს არასდროს გადადიან. განა მართლა ასეა საქმეო."

მალე რთველი - 2017-ს არჩევნ­ები - 2017 ჩაანაცვლებს. ჰოდა, ბაკურციხელებსა და ველისციხელებს მოუთათბირებიათ - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი თათარობას დავპატიჟოთ და ვინც მეტ ცხელ თათარას დაღუპავს (შეჭამს), ისინი­ ავირჩიოთ თავკაცებადო.

- თათარით ცხარე პოლიტიკა
უნდა შავანელოთ, ენას დაიტკბობენ, გულ-მუცელი გაუთბებათ და თვალ-ყური ჩვენკენ ექნებათო, - ვარაუდობენ კახელები. დგას ველისციხელი თამარ შიოშვილიც­ ვეება ქვაბის წინ და ჩაუქი ჯომარდივით იქნევს ციცხვს. თუხთუხებს ბადაგი, სქელდება, გულს იხვევს, იქუფრება, მუქდება.

- თამარ ქალო, ცოტა ხელი აუმა­რჯვე, თორემ მოვიდა არჩევნებიო, - ეხუმრებიან მეზობლები.
საგარეჯოდან ჩალაუბნამდე ყოველი სოფლის ბოლო ხალხითაა სავსე. მოსა­ხლეობა მოსავალს აბინავებს და ზამთრისთვისაც ემზადება. იცდის გლეხი, იქნებ ყურძნის ფასმა აიწიოსო. ენანება წლის მოსავლის გროშებად ჩაბარება. გადის და გამოდის, ვერ ისვენებს. თავისზე შნოიანი აღარავინ ეგულება ქვეყნად, დიდგულობს,­ ამაყობს თავისი მარჯვენით, მაგრამ ბუნება არ აცდის თვითტკბობას:

- ერთი თუ წვიმებმა აიჟინა, ვერ იქნება ჩვენი საქმე კარგად. ყურძენს მეტი მოუვა, სიდამპლე შეეპარება და გაფუჭდება, - ამბობს მანაველი მიხეილ ოზგელდაშვილი.

- ახმეტაში უკვე არყის ხდა დაიწყეს, ყვარელში ალაზნის იქითაც და აქეთაც თითქმის დაიკრიფა ზვრები, ცოტა ყოჩაღად მაიქეცით და დროზე დაკრიფეთ, კაცო,

- აფრთხილებთ საგარეჯოელ მოყვრებს წნორელი სიძე.

- ახმეტას მთა აწევს გულზე, ცივა, იქ რომ არყის ხდა იციან, ტყუილია... ყვარელი კიდე ალაზანს უზის ხელისგულზე, ბარაქიანი სხმა იცის ალაზნისპირმა. იქ ფასი არ ადარდებთ, ვრცელი მიწები და დიდი ვენახები აქვთ, - ამბობს კაკაბეთელი გიორგა კოზმანაშვილი.
მოკლედ, ბობოქრობს მოსავლის ღმე­რთი კახეთში და აზავთებს აქაურებსაც, გაავსო ბეღელ-მარანი, სათივე და საფიჩხე. ვინ ქვევრებს ამაგრებს და ვინ - თონის კედელს ამტკიცებს, ვინ - ბუხრის ბზარს და ვინ - სტუმრის გზას გაჰყურებს.­ ყველაზე მეტად პაპა-ბებია-შვილიშვილები მხიარულობენ. დამხვდურები მომხდურებს­ შემოდგომის დოვლათს უნაწილებენ, საბოლოოდ ანგარიში სუფრაზე სწორდება. საქმეში მძიმე­ არტილერია - კახური ღვინო ერთვება...­ ღვინობისთვეს სიღნაღელები ღვინის წვეულებასაც მართავენ და ყველას იქ ეპატიჟებიან.
იქამდე კი იცრება იფქლი და დოლისპური. გადის და გამოდის საცერი გუთანივით. ცხვება მთვარისტოლა შოთები, ქვევრის ყელიდან ღვინომზე ამოდის. თავს იხრჩობენ ხარიხებზე ჩურჩხელები, ცხვირ-პირი დაუმტვრევია თხილ-კაკალ-ნუშს, ბანზე ლეღვის ჩირი იკრუნჩხება, თოკზე ჭანჭურის ტყლაპი ქანაობს, სხვენში კიდევ გარჩეული ხახვ-ნიორი. გამრჯე დიასახლისებმა საკუთარ ბაღჩაში მოწეული ხილ-ბოსტნეული ჩაამჟავეს და დააკომპოტმურაბეს. ცოტა ხნით კუთხეში მიუყენებია აქაურ გლეხს სიდუხჭირე.

სქელი ნისლი აწევს ზურგზე კახეთს - ნაკვერჩხლიდან ასხლეტილი ლურჯი, გემრიელი ოხშივარი.

- მეფე ერეკლეს შემდეგ ყველაზე მეტად მწვადი გვიყვარს კახელებსო, - მეუბნებიან აქეთ-იქიდან და ერთ ძველ ამბავს იხსენებენ:

- ლეკის მთიდან ლეკების უზარმაზარ მარბიელ ჯარს კახეთისთვის გადმოუხედავს, თურმე ყველა კუთხე-კუნჭულიდან ბღუჯა-ბღუჯა კვამლი ამოდიოდა. ვიღაცას დაუსწრია, მთელი მხარე გადაუწვავთო­, - უთქვამთ და გაბრუნებულან უკან."
მაშინაც შემოდგომა მდგარა, მწვადი შიშხინებდა ღობის იქითაც და აქეთაც. იმ დღეს ერეკლეს ხმლისთვის შამფურს უჯობნია და ასე უხსნია კახეთი კიდევ ერთი განსაცდელისგან.

P.S. ასეთი შემოდგომის პურმარილი არ მოგაკლოთ გამჩენმა, კახელებო.

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით