"სოფელში ვცხოვრობ და უშრომლად არაფერი გამოვა"- 23 წლის ბიჭი, რომელიც 70 ბავშვს უსასყიდლოდ ავარჯიშებს
05-11-2017
"სოფელში ვცხოვრობ და უშრომლად არაფერი გამოვა"- 23 წლის ბიჭი, რომელიც 70 ბავშვს უსასყიდლოდ ავარჯიშებს
"ადგილობრივი ხელისუფლება რატომღაც მებრძვის"

დღეს მინდია შაინიძე სპორტულ საგანმანათლებლო ცენტრში 70 ბავშვს უსასყიდ­ლოდ ავარჯიშებს. მისმა მოსწავლეებმა ევროპისა და საქართველოს ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს


23 წლის მინდია შაინიძე ადიგენის სოფელ პატარა ზანავის მკვიდრია. ბავშვობიდან სპორტსმენობაზე ოცნებობდა, მაგრამ სოფელში არც სპორტული სკოლა ჰქონდათ, არც მასწავლებელი ჰყავდათ... ამის მიუხედავად, ბიჭს ფარ-ხმალი არ დაუყრია და სავარჯიშოდ ადიგენის ცენტრამდე 8 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდა. მერე იქაც აღარ იყო მასწავლებელი, ამიტომ იძულებული გახდა, სახლში ევარჯიშა. ოჯახი ხედავდა
შვილის მონდომებას, ამიტომ მინდია თბილისში გაუშვეს და უკვე პროფესიონალ მწვრთნელთან დაეუფლა თავისუფალ ჭიდაობას. მალე საქართველოს ორგზის პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული გახდა.

სოფელში დაბრუნებულს ბევრი ბავშვი შენატროდა, მინდიამ ისინი სავარჯიშოდ შინ წაიყვანა. შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე და­ჰყ­ავდა და თავისი ფულით მათთვის ფორმებს ყიდულობდა. მისი ქველმოქმედების
ამბავი რაიონში ყველამ გაიგო და მინდია 2014 წელს "იმედის გმირი" გახდა. დღეს მისი შრომის წყალობით ადიგენის სოფლების­ ბავშვებს სპორტული დარბაზიც აქვთ, სპორტული-საგანმანათლებლო ცენტრიც და 70 ბავშვს უსასყიდ­ლოდ ავარჯიშებს. მისმა მოსწავლეებმა ევროპისა და საქართველოს ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს.

მინდია შაინიძე: -
14 წლისა წავედი თბილისში სავარჯიშოდ. 4 წელი ვვარჯი­შობდი. სოფელში რომ ჩამოვდიოდი, ბავშვებს ვავარჯიშებდი. შინ მქონდა სავარჯიშო ოთახი მოწყობილი. სახლი ზანზარებდა ვარჯიშის დროს, მაგრამ ჩემს მშობლებს საყვედური არასოდეს უთქვამთ. მერე გამიჩნდა იდეა, ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიანი გამეხადა. ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვთხოვე, გამოეყოთ ადგილი, სადაც სხვა სოფლებიდანაც შეძლებდნენ ბავშვები მოსვლას. გამგეობა არ დამეხმარა, ამიტომ მოპოვებული გრანტითა და ჩემი ხარჯით ვიყიდე ნაკვეთი და დარბაზი ავაშენე. დღეს აქ 70 ბავშვი ვარჯიშობს.

- გრანტი როგორ მოიპოვეთ?

- არასამთავრობო ორგანი­ზ­აცია გვაქვს "ახალგაზრდები მთის განვითარებისთვის". მისი მიზანი ახალგაზრდების სპორტში­ ჩაბმა, მათი ჯანსაღი ცხოვრების­ წესით ცხოვრებაა. ვეხმარებით სოციალურად დაუცველებსაც. ორგანიზაცია 2013 წლიდან მუშ­აობს და მას მე და ჩემი მეგობარი ბესო შენგელია ვუძღვებით. გრანტების მოძიებას ვცდილობთ, რომ როგ­ორმე უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ.

- თქვენი ერთი დღე როგორია?

- სოფელში ვცხოვრობ და უშრომლად არაფერი გამოვა. მომყავს კარტოფილი, ვყიდი მოსავალს და ამ თანხით ბავშვებსაც ვეხმარები. საღამოს 5-დან 8 საათამდე პატარებს ვავარჯიშებ. ჩემი მოსწავლე წელს ევროპის პრიზიორი გახდა და გული მწყდება, რომ ადგილობრივმა მმართველობამ მისთვის სტიმულის მისაცემად არაფერი გააკეთა. ვერიდები ამის თქმას, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება რატომღაც მებრძვის. ამხელა შენობას ვაშენებდით და არაფრით დაგვხმარებიან. ჩემი ხარჯით გავაკეთე ყველაფერი, დაახლოებით 20.000 ლარით, დანარჩენი პროექტის ფარგლებში. სპორტის სამინისტროს პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და ამან მომცა საშუალება, სპორტული ცენტრი დამემთავრებინა.

- მოსახლეობა თუ გეხმარებათ?

- ცენტრის მშენებლობაში­ გვეხმარებოდნენ და დღესაც გვერდში მიდგანან. გარდა ჭიდაობისა, აქ ბავშვები ინგლისურ ენასაც ეუფლებიან უფასოდ. მალე კომპიუტერსაც დაეუფლებიან. მინდა, პატარა სასტუმროს ტიპის დასასვენებელიც გავაკეთო, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით მწვრთნელები თავიანთი ნაკრების წევრებს ჩამოიყვანენ და ჩვენს ცენტრში ავარჯიშებენ.

ძალიან მინდა, ტურისტულად განვითარდეს ჩვენი სოფელი. შემოსავალი გაჩნდება, ნატურალურ პროდუქტებს ჩვენი გლეხებისგან იყიდიან.
მინდა, ადამიანების სახეზე სიხარულს და იმედს ვხედავდე. ერთ შვიდსულიან ოჯახს უკიდურეს სიღარიბეში უხდება ცხოვრება. მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ სახლის კედლები ამოვუშენეთ. მინდა, ჭერიც დავასრულოთ, რომ ოჯახს აღარ მოუწიოს წვიმაში დაძინება. ადგილობრივმა მთავრობამ არაფერი გააკეთა მათთვის, ამიტომ მათ სახელზე ანგარიში გავხსენით, დავუკავშირდი ჩემს ამერიკელ მეგობრებს და დახმარება ვთხოვე. იმედი მაქვს, მალე ოჯახს თბილი კერა ექნება.

თეა ხურცილავა
mako
12 იანვარი 2018 09:45
Xmertma umravlos shenistana shvilebi dedebs da saartvelos samayo shvili xar
მერაბი
12 იანვარი 2018 07:53
იქნებ ახლა მაინც შერცხვეს ადგილობრივ ხელისუფალთ და გაიკრან ჯიბეზე ხელი
ადიგენი
07 ნოემბერი 2017 16:55
მინდიასნაირი ადამიანი იშვიათია!!!!

რედაქტორის რჩევით