მკვლელი ჭურჭელი?
16-10-2017
მკვლელი ჭურჭელი?
ფალსიფიკაციის გამოსავლენად ჭურჭლის ყიდვისას თან უნდა იქონიოთ მაგნიტი. უჟანგავი ლითონის ჭურჭელს, რომელსაც 18/10 აწერია, მაგნიტი არავითარ შემთხვევაში არ მიეწებება

იმისთვის, რომ საკვები კარგად მომზადდეს, საჭიროა, ჭურჭელი თანაბრად გახურდეს. ყველაზე თანაბრად კი სიმხურვალე თუჯის, კერამიკისა და ტეფლონის ჭურჭელზე ნაწილდება. ყველაზე სწრაფად კერძი ტეფლონისა და უჟანგავი ლითონის ჭურჭელში მზადდება. ასევე შედარებით მალე მზადდება კერძი მომინანქრებულ ჭურჭელში.

საკვებს თითქმის არ იკრავს ტეფლონისა და კერამიკისზედაპირიანი ტაფა, არც - თუჯის ჭურჭელი, თუმცა კერძების მოსამზადებლად თუჯს
შედარებით მეტი ცხიმი სჭირდება. რაც შეეხება ნაკლს, თუჯისა და თიხის ჭურჭელი მძიმეა, ამიტომ მათი ყოველდღიური გამოყენება მოსახერხებელი არ არის, თუმცა თუჯის, ისევე, როგორც უჟანგავი ლითონისა და შუშის ჭურჭლის ზედაპირი ძნელად ზიანდება და მათი გამოყენება, სხვა ტაფებთან შედარებით, უფრო დიდხანს შეიძლება. ყველაზე იოლად ზიანდება ტეფლონის ჭურჭელი.
შუშის ჭურჭელი ადვილად მსხვრევადია, გარდა ამისა, ის მგრძნობიარეა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების მიმართ და მაცივრიდან გამოღებულ შუშის ცივ ქვაბს ქურაზე ვერ დადგამთ, ვერც ცხელ ქვაბს შეუდგამთ ცივ წყალს, რადგან ორივე შემთხვევაში ჭურჭელი თუ არ გატყდება, გაიბზარება მაინც. შუშის ქვაბს ცეცხლზე დადგმისას სპეციალური გამანაწილებელი სჭირდება. ერთი სიტყვით, ყველაზე ადვილად მოსახმარებელი თუჯის, უჟანგავი ლითონის, კერამიკისა და ტეფლონის ქვაბები და ტაფებია. უსაფრთხოების და კომფორტულობის თვალსაზრისით ყველაზე კარგი უჟანგავი ლითონის ქვაბები და ტაფებია, მთავარია, ისინი ხარისხიანი იყოს.

კარგი უჟანგავი ლითონის ჭურჭელს ფსკერზე უნდა ეწეროს 18/10. ეს ნიშნავს, რომ მასში 18% ქრომია, 10% - ნიკელი. ხშირად არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ჭურჭელზე ამ ციფრებს უთითებენ, თუმცა ის სხვა შემადგენლობისაა. ამ ფალსიფიკაციის გამოსავლენად ჭურჭლის ყიდვისას უნდა იქონიოთ მაგნიტი. უჟანგავი ლითონის ჭურჭელს, რომელსაც 18/10 აწერია, მაგნიტი არავითარ შემთხვევაში არ მიეწებება, თუმცა ეს ცდა მხოლოდ ჭურჭლის კიდეზე შეგიძლიათ ჩაატაროთ და არა - ფსკერზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უჟანგავი ლითონის ქვაბისა და ტაფის ფსკერის ზომა. ასეთი ჭურჭლის ფსკერი შვიდი მილიმეტრის მაინც უნდა იყოს. მისი გაზომვა იოლად შეიძლება სახაზავით. ჯერ გაზომეთ გარედან, შემდეგ - შიგნიდან და გამოაკელით.
ტაფებისა და ქვაბების ფსკერი, უმჯობესია, იყოს თანაბრად სწორი და მყარად იდგეს ქურაზე, რადგან ამ შემთხვევაში ტემპერატურა თანაბრად განაწილდება, ფსკერი არ მიიკრავს პროდუქტს და კერძიც გემრიელი გამოვა.

მომინანქრებული ჭურჭლის ხარისხის დასადგენად შეგიძლიათ ჩაატაროთ ცდა. ამისათვის დაგჭირდებათ სპირტი და მაგარი ძმარი. ისინი თანამიმდევრობით მოუსვით ჭურჭელს და გააჩერეთ ერთი წუთი, მერე კი ხელი გაუსვით. თუ ზედაპირი პრიალა დარჩება, მინანქარი ხარისხიანია, უხარისხო კი უსათუოდ დაიბურება.

იმისთვის, რომ ქვაბები და ტაფები უსაფრთხო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის და ამასთანავე, დიდხანს გემსახუროთ, მნიშვნელოვანია მათი სწორად მოვლა. არ გარეცხოთ უხეში საშუალებებით, რადგან შესაძლოა, გაჩნდეს უხილავი მიკრობზარები. არც ერთი სახეობის ჭურჭელი არ გარეცხოთ ისეთი სარეცხი საშუალებებით, რომელიც მჟავატუტოვან ნივთიერებებს შეიცავს. უჟანგავი ლითონის ჭურჭელი არ გარეცხოთ ამიაკიანი საშუალებებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით