"ვცდილობ დავიჯერო, რომ ნუნუკა ვარ" - კვირის პალიტრა

"ვცდილობ დავიჯერო, რომ ნუნუკა ვარ"

"ნუნუკას რომ ეგეთი რძალი არ ჰყავდეს, სულ სხვანაირი გამოჩნდებოდა. ის მიწყობს ხელს სისულელეების ლაპარაკით, შტერი გამოხედვით... ხატია ბრაჭულიც ხომ თავის პერსონაჟს თამაშობს"

- ხშირად მეკითხებიან, მართლა ისეთი ხარ, როგორიც ნუნუკააო? და თუ არა ვარ, მაშინ საიდან ვიღებ მის მანერებს? თავს კი არ ვიკატუნებ და თავმდაბლობით ვამბობ, თუ ეს როლი შედგა, მე არაფერ შუაში ვარ-მეთქი, რა თქმა უნდა, მეც ვარ შუაში, ისე როგორც სცენარისტი და რეჟისორები. თუ იმიტაციის უნარი ან კარგი სმენა გაქვს, სხვადასხვა კილოს მოიხდენ. იმერული აქცენტით რომ ვიწყებ საუბარს, ჟესტი თავისით მოდის, ამ ყველაფერს ვუსადაგებ გამოხედვას.

- ნუნუკას ოსტატობას ვუყურეთ... თავად როგორ ხაჭაპურს აცხობთ?

- ალბათ, ნუნუკასთანა ხაჭაპურს ვერ გამოვაცხობ, მაგრამ ცხობა მეც მეხერხება. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებისას ვცდილობ, დავიჯერო, რომ ნუნუკა ვარ, თან იმაზეც ვფიქრობ, როგორ მოვახვიო ხაჭაპური ისე, რომ მაყურებელს ვაფიქრებინო, აი, ნუნუკას ხაჭაპური სულ სხვააო...

- რამდენადაც ფხიანი ქალია ნუნუკა, იმდენად უფხოა მისი რძალი.

- მთელი კომიზმიც მაგაშია. ნუნუკას რომ ეგეთი რძალი არ ჰყავდეს, სულ სხვანაირი გამოჩნდებოდა. ის მიწყობს ხელს სისულელეების ლაპარაკით, შტერი გამოხედვით... ხატია ბრაჭულიც ხომ თავის პერსონაჟს თამაშობს. ამას ჩვენს საქმეში პასი ჰქვია. როგორც ფეხბურთში, თუ პასი არ ჩააწოდეს, რაც უნდა კარგი თავდამსხმელი იყოს, გოლს ვერ გაიტანს, ასეა ჩვენთანაც.

- მსახიობობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?

- ბიძა მყავდა მსახიობი, გოგი გელოვანი, რომელმაც მარჯანიშვილის თეატრსა და ქართულ კინოში გალია ცხოვრება."`ძველ ვოდევილებში~ თამაშობდა. ეს იყო ჩაპლინის დონეზე აყვანილი კომედია, რომლის მსვლელობის დროს საოცრება ხდებოდა დარბაზში. მეორე ბიძა, გიზო ჟორდანია, ოპერაში მოღვაწეობდა, იქაც სულ მიმიხაროდა. ამ ემოციებით ვიზრდებოდი. ამიტომ ჩავაბარე თეატრალურში. ჩემი ჯგუფელებიდან თითქმის ყველა ცნობილი მსახიობია - ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, მერაბ ნინიძე, გოჩა კაპანაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, ლევან ბერიკაშვილი... კარგი სტუდენტობა გვქონდა.

- თქვენი სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა მოირგო პოლიტიკოსის ცხოვრება.

- ძალიან შორსაა ჩემგან პოლიტიკა. აი, თბილისის ბედი კი ძალიან მაწუხებს. არქიტექტორები რეზოლუციებს რომ არტყამენ საშინელებების აშენებაზე, ტროტუარებზე რომ სახლები დგას, ეს იმის გამო ხდება, რომ ფულზე ვერ ამბობენ უარს. ფიქრობენ, არა უშავს ერთი სახლი, არა უშავს - მეორე, მესამე და ასე გადაიქცევა სოლოლაკი, ვერა თუ მთაწმინდა უშნო ნაგებობების გროვად.

- ჩვენი საზოგადოება წუხს, რომ მატულობს საბანკო კრედიტებზე, ონლაინ და აზარტულ თამაშებზე, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულთა რიცხვი...

- ისევ ფულთან მივდივართ. არის ხალხი, რომელმაც იცის, რა ხერხითაა შესაძლებელი მასების დაჩლუნგება, როგორ უნდა გახადონ ისინი თავისზე დამოკიდებული და ამას ადვილად ახერხებენ ნარკოტიკითა და თამაშებით. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, გზები არსებობს ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება კი ბევრად ძნელია. თუ ადამიანი შეიტყუეს კაზინოში, მტრისას. პიარი უკეთდება წარამარა, მოდი, აიღე სესხი, მოდი, მოიგე!.. ყველას არა აქვს იმდენი ნებისყოფა, რომ არ მივიდეს.

ვისურვებდი, რომ ქვეყანაში არ იყოს ამდენი გულისტკივილი, ვიცხოვროთ ნორმალურად, ისე, რომ ადამიანმა შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი.

ეკა სალაღაია