"თეატრიდან არავინ მკითხულობს..." - მსახიობი, რომელიც წლებია ავტოსადგომზე მუშაობს
03-11-2017
"თეატრიდან არავინ მკითხულობს..." - მსახიობი, რომელიც წლებია ავტოსადგომზე მუშაობს
"საიდანაც მიდიხარ, უკან აღარ უნდა დაბრუნდე"

მოსეშვილის ქუჩაზე თუ გაგივლიათ, აუცილებლად შენიშნავდით ახოვან თეთრ­წვერა მამაკაცს. ვახტანგ თანდილაშვილი­ წლებია ავტოსადგომზე მუშაობს, თუმცა, ქართული ფილმებიდან ის კარგად ახსოვს მაყურებელს. კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს სეირნობისას შევხვდი, მძღოლს მითითებას აძლევდა პარკინგისთვის, დაველოდე და გამოველაპარაკე.

- როგორ ხართ, ბატონო ვახტანგ?

- რომ გითხრათ, კარგად-მეთქი, მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ცუდად-მეთქი, ესეც ტყუილი იქნება.

- მარჯანიშვილის თეატრიდან როდის წამოხვედით
?

- დიდი ხნის წინ, ასე უნდოდა სააკაშვილის მთავრობას. დირექტორთან
შევედი, პირდაპირ მითხარით, რა გინდათ-მეთქი, უნდა წახვიდეო. რატომ-მეთქი? ასე მოითხოვა მთავრობამო. ერთი კინკილა კაცი ვარ, პენსიონერი ვიყავი მაშინაც, ომობანას ხომ არ დავიწყებდი.
აქ რომ დავდექი სამუშაოდ, ქვეყანაში საშინელი გაჭირვება იყო. მეუღლე გარდამეცვალა. უნდა მემუშავა, რომ შვილისთვის საჭმელი მიმეტანა. დავიწყე აქ მუშაობა. ერთხელ მოვიდა ვიღაც ქალი,
თურმე ექიმი ყოფილა, უნდა მოვემსახურო, მანქანა უნდა გამოვაყვანინო და უცებ მეუბნება, არა გრცხვენიათ, აქ რომ მუშაობთო? ქალბატონო, სირცხვილი ის არის, რომ კაცი მუშაობ და ოჯახი უნდა შეინახო-მეთქი? უფრო თქვენი სირცხვილია, ამას რომ მეუბნებით-მეთქი. მერე ამ ხალხისთვის, ვინც აქ ირევა. ახლა ყველა მიცნობს.

- თქვენი პირველი ფილმი?

- ოთარ იოსელიანის "გიორგობისთვე". მაშინ სტუდენტი ვიყავი. გივი ბერიკაშვილი იდგა ჩემ გვერდით, ხინკალს ვჭამთ, რაღაცებს ვსაუბრობთ, ასეთი სცენა იყო ფილმში. "მთვარის მოტაცებაში" კომკავშირელის როლი რომ მომცეს, მეწყინა, მაგრამ როცა მსახიობი ხარ, რასაც გეტყვიან, ის უნდა ითამაშო. დათა თუთაშხიაში ეპიზოდური როლი ვითამაშე, შემდეგ რაჭველებზე იყო ფილმი "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში". ფილმებში დიდი გასაქანი არც მქონდა. კომუნისტური წყობა იყო, ვისაც კარგი ნაცნობი ჰყავდა, იმას კარგი გასაქანი ჰქონდა. ბოლოს ოთარ იოსელიანის ფილმში ვითამაშე, "შანტრაბაში".

მიყვარს ცხოვრება, სიცოცხლე და ბუნება, მაგრამ გული ბევრ რამეზე მწყდება, რაღაცებში არ გამიმართლა, მაგრამ ღმერთი მწყალობდა. ისეთ რაღაცებს ვარ გადარჩენილი, რომ ვერ წარმოიდგენთ.

თეატრიდან არავინ მკითხულობს, რომც დამიძახონ, შეკრებებზე ან რამე ღონისძიებაზე, არ წავალ. იქ, საიდანაც მიდიხარ, უკან აღარ უნდა დაბრუნდე.

ნინო წიფურია

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები