"იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს" - კვირის პალიტრა

"იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს"

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მანამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაღუპულების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

"ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი გმირებისთვის. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ამარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის. ჩვენი სულიერი ძმები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა. იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა განამწესოს ღმერთმა სულნი მათი, სადაცა მართალნი განისვენებენ. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს მათი სულები", - ბრძანა უწმინდესმა.

მთელი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიდიოდნენ მოქალაქეები, პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, რომლებიც დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.

25 გმირიდან 20-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მამია ალასანიას ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლოდ დანარჩენ ოთხს სხვადასხვა ადგილზე.

იხილეთ ასევე: "მინდა მჯეროდეს, რომ ბაღაფში და არძიმბა მამას დასახვრეტად ვერ გაიმეტებდნენ..." - 25 გმირის "დაბრუნება" 25 წლის შემდეგ

იხილეთ ფოტოგალერეა: გმირების დაბრუნება

"ინტერპრესნიუსი"