ე.წ. სამხრეთ ოსეთში "იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს - კვირის პალიტრა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში "იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაცია "იეჰოვას მოწმეების“ ექსტრემისტულად ცნობის შესახებ ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. იუსტიციის მინისტრმა ზალინა ლალიევამ განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია“ ავრცელებს.

ე.წ. სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის ივლისში მას შემდეგ შევიდა, რაც "გენერალური პროკურატურის“ საგამოძიებო ნაწილში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ "იეჰოვას მოწმეების“ შეკრებებზე ექსტრემისტული ხასიათის ლიტერატურისა და იდეების გავრცელება და პროპაგანდა ხდება. ორგანიზაციის წევრების სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის ფარგლებში ძალოვანებმა ამოიღეს რელიგიური ლიტერატურა, რომელიც ექსტრემისტული მასალების სიაში შედის.

6 ოქტომბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ორგანიზაცია აკრძალულად გამოაცხადა.

"დღეს სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. დღეიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე "იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულადაა მიჩნეული და მისი საქმიანობა აკრძალულია“, - განაცხადა ლალიევამ.

იხილეთ ასევე: "ეს ექსტრემისტული ორგანიზაციაა" - რუსეთში "იეჰოვას მოწმეების“ საქმიანობას აკრძალავენ?!