"იმდენი ტკივილი მივიღე... ყველა ჩემი ქანდაკება დანგრეულია..." - კვირის პალიტრა

"იმდენი ტკივილი მივიღე... ყველა ჩემი ქანდაკება დანგრეულია..."

ცნობილი ქართველი მოქანდაკე და ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრების: "ვაჟა-ფშაველა", "ზღვა", "შენ ხარ ვენახი", "ქალის ტორსი", "სიცოცხლის ხე", "რექვიემი"; ალეგორიური ქანდაკებისა "მუსიკა", "რესტავრაცია"; არის დამდგმელი მხატვარი ფილმის "ალავერდობა"; ავტორი სამენოვანი წიგნის - "ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის". იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი."კვირის პალიტრის" არქივში მოქამდაკის არაერთი ინტერვიუ ინახება, გთავაზობთ ერთ-ერთს:

გოგი ოჩიაურის ხევსურული კოდექსი

სულ ბოლოს, კართან რომ იდგა და მაცილებდა, რამდენი ვილაპარაკეო, - დაინანა. სახეზე ისეთი სევდა ეწერა, მივხვდი, რომ შესძლებოდა, ყველა სიტყვას სათითაოდ გაქაჩავდა უკან და სიჩუმეში დააბრუნებდა... იმიტომ კი არა, რომ რამე შეეშალა, ან თავისი ნათქვამისა შეეშინდა, უბრალოდ, გოგი ოჩიაური იმ კუთხისა და გვარის შვილია, თავის საფიქრალ-სადარდოზე დუმილს რომ ამჯობინებენ. კაცები გაშლილი მხრებით მიჰყვებიან სათიბებს და მათი ცელებით შემოხაზული ნახევარწრეები მეტყველებენ

იმაზე, რაზეც კაცები დუმან... მერე დაღლილ, დაცვარულ შუბლებს ძლიერი მაჯებით იწმენდენ და ის შუბლებიც ლაპარაკობენ იმაზე, რაზეც კაცები დუმან... გოგი ოჩიაური იმ თბილისელების წარმომადგენელიცაა, რომლებმაც თავიანთ მხრებზე გადაიტარეს საქართველოში დატრიალებული ყველა უბედურება... როცა საჭირო იყო, არც სათქმელს გაურბოდნენ, არც საქნელს... საქმეზე ლაპარაკი გაცილებით იოლია... აი, სულისა და მოგონებებისა რა გითხრათ. არადა, ჩვენ სწორედ სულსა და მოგონებებს ვუტრიალეთ.

ჰოდა, დაინანა... რამდენი ვთქვიო...

ხევსურული სიმკაცრით ზომავს და წონის სიტყვასა და სიტყვას შორის გამომკრთალ ემოციას. ხევსური და არც მთლად ხევსური, ბარელი - თბილისელი და არც მთლად ბარელი თბილისელი... ვინ? იქნებ მის სახლში კედელზე რომ გრაფიკული ნამუშევრებია: ადამიანი და მის მკერდში სავსე სარწყული... ან ვაჟა-ფშაველა, დახვეწილი, ხელ-ფეხ ნატიფი, იასთან მჯდომარე შუა ტყეში... ან სახლები თოვლის მდუმარებაში ჩაძირულნი... ან მეომრები, ბრძოლიდან დარდიანი გულით მობრუნებულები. ის ხომ ისედაც ლაპარაკობს თავის შინაგან სამყაროზე, რადგან მისი ყოველი ქანდაკება თავად არის: დაჩეხილიც, მგლოვიარეც, მეამბოხეც. და ეს ყველაფერი ერთი სიტყვით და უბრალოდ - გოგი ოჩიაური!

- მთა ალბათ სულ გენატრებათ-მეთქი. მეგონა, თვალები გაუბრწყინდებოდა...

- არა, არასოდეს! - მითხრა და გაოცებისაგან დამამუნჯა, - 1946 წელს "პარადისთვის" აგვარჩიეს 150 ქალ-ვაჟი. შვიდი წუთი უნდა გვევარჯიშა სტალინის წინ და ამისთვის ორი თვე გვამზადებდნენ გაგრაში. იმ წელს პირველად ვნახე ზღვა და ჰორიზონტის სწორი ხაზი. ეს იყო საოცრება! მერე რუსეთში დავინახე სწორი სივრცე, არყის ხეები. დაბადებიდან, სადაც გავიხედავდი, მთა იყო. ასეთი სივრცე არ მენახა! დაბრუნებულმა საქართველოს მთები დავინახე, მივხვდი, ძალიან მშობლიური იყო... მაგრამ მაინც... თუ მენატრება რამე - გაშლილი სივრცე... ღამე არ გავა, ის არ დავინახო, რა სივრცეც სათიბიდან მოჩანდა!.. არყის ხეებზე ვგიჟდებოდი, ვიდრე ჩემმა ქალიშვილმა არ მითხრა: ვერ ვიტან ამ "ტუბერკულიოზიან" არყის ხეებს, გამხდრებს, შავლაქიანებსო. სულ მენატრებოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, სადაც ჰორიზონტის სწორი ხაზის დანახვა შეიძლება... მთამ შემაწუხა.

- ამ დროს რა რომანტიკულია ბარელებისთვის ეგ მთა, იქაური მოგონებებიც არ გიყვართ?

- ეგ მოგონებები ძალიან მიყვარს, მაგრამ მთის გამო კი არა, იმ ხალხის გამო, რომელთან ერთადაც ვიყავი!

- თუ გამოგიცდიათ მძიმე შრომა?

- 7 კლასი დავამთავრე თბილისში, ომი რომ დაიწყო. აღმოვჩნდი სოფელში. მამა ინვალიდი იყო... დეიდა სამეგრელოდან ორი შვილით შემოგვეკედლა, ბებია მოხუცი გვყავდა... დედა ყოჩაღი იყო, საქონელი შეიძინა. ამან გადაგვატანინა ომის წლები. მასწავლეს ცელის დაჭერა. ის დაღლა ახლაც ვერ მომინელებია, მაშინ რომ თიბვისას დავიღალე.

- საშიში არ იყო სათიბში მარტო ყოფნა? ხომ ამბობენ, კავკასიელი მეზობლები გადმოდიოდნენ და თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებსო.

- ეგ მოგონილი ამბებია. თავს ესხმოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა სისხლი იყო ასაღები. ცნობილ ყაჩაღებად შერაცხილი ხუჩბაროვის რაზმიც კი არ იყო საშიში. საბჭოთა ლექსიკით - ბანდიტი ხუჩბაროვი სინამდვილეში სამშობლოს მოყვარული კაცი იყო, მის რაზმს ერთი კაცი არ გაუძარცვავს. არხოტი ინახავდა. კა-გე-ბემ კი შატილელები მოატყუა - მაგათ მოიპარეს თქვენი საქონელიო და დაახოცვინა ერთმანეთი.

ერთხელ გაიოზ შარაშიძე, ნოდარ ანდღულაძე და მე ინგუშეთიდან ფეხით ვბრუნდებოდით. ხეობაში შორიდან დავინახეთ თეთრსამოსიანი. ქალაქელი იქნებოდა, ფშაველს არ აცვია თეთრი... შუახნის ლენინგრადელი ცოლ-ქმარი გამოდგა. ქალი ისე იყო ჩაცმული, თითქოს თავის აგარაკზე გამოვიდა. ქმარი კალმახის დაჭერას ცდილობდა, თუმცა არაფერი გაეგებოდა თევზაობისა. აქ როგორ მოხვდით-მეთქი. რუკითო. თუ იცით, სად ხართ-მეთქი. ამა და ამ სოფლებთანო. სულ სხვაგან ხართ, თანაც აქ, ტყეში, ხუჩბაროვის რაზმია-მეთქი... როგორ ვნახოთო - აღფრთოვანდა ქალი, - ეცინება მხატვარს და არ ვიცი, რის გამო, ამ ქალის გულუბრყვილობა აცინებს, თუ მთაში მარტო ყოფნის გამო შიში რომ ვახსენე... - ბიძა მყავდა - გარსია ოჩიაური, სისხლის ამღები, მოშუღლარი კაცი. როცა არხოტელები ბარში გადმოასახლეს, ქართველმა ინტელიგენციამ სიხარულით მიიღო ეს ამბავი და ფილმები გადაიღო, ბიძაჩემმა ლხინი გამართა, ხევსურეთს გამოვემშვიდობოო. ცეკვის დროს გული გაუსკდა. არხოტელები ერთი დღით დატოვეს, დააკრძალვინეს გარსია და მერე გაუყენეს ბარის გზას...

გარსიამ ერთხელ მითხრა, - ძმისწულო, ცეცხლი მომეციო. ავიღე ნაკვერჩხალი და ვაგუნდავებდი ხელიდან ხელში. რას აკეთებ, დადე რამეზე და მომაწოდეო. ვუთხარი, პაპამ სთხოვა არსენას, ცეცხლი მომიკიდე ყალიონზეო. აიღო არსენამ ნაკვერჩხალი და ვიდრე ტრუსის სუნი არ დადგა, პაპამ არ გამოართვა-მეთქი. გარსია ახარხარდა... მისთვის ვაჟკაცობის გამოცდის ხერხი არ იყო ცეცხლის ხელისგულით ტარება.

ხევსურებთან ყველაფერი მოწმდება: როგორ ზიხარ, როგორ ესალმები... არაფერი უნდა შეგეშალოს. მე კი ხევსურული მისალმებაც არ ვიცოდი ხეირიანად - უფროსს სხვანაირად უნდა მიესალმო, უმცროსს - სხვანაირად, ქალს, კაცს, დამხვდურს...

- თუმცა, შინაგანად ისევ ხევსური ხართ...

- ცხადია. ყველაზე მაღალი ქცევის კულტურა ჩემთვის ქრისტიანობამდელი ანგლოსაქსური, სკანდინავიური, ვაინახური და ხევსურულია... არ არსებობს ხევსური გლეხი უკულტურო... არც ის არის მართალი, თითქოს ხევისბერი იყო უფლებამოსილი, სხვები - არა! ისლანდიურ საგებს რომ ვკითხულობ, მგონია, ხევსურზეა დაწერილი. მგონი, მსოფლიოში არც ერთ კუთხეს არ აქვს დაწერილი იურიდიული კოდექსი, ხევსურეთში კი არსებობს... ყველაფერი განსაზღვრულია: სტუმარმასპინძლობა, მეურნეობის წარმართვა, სისხლის აღება...

- სისხლის აღება სისასტიკეა, რომელიც ძნელია გაამართლო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელს კი არა, მაგალითად, მის შვილს კლავენ...

- მკვლელობა ყველაზე დიდი დანაშაულია. სიცოცხლესთან თამაში არ შეიძლება! ამიტომაც იყო ხევსურეთში ნაკლები მკვლელობა, ვიდრე ბარში. თუ მოკლავდნენ ვინმეს, მისი ოჯახის წევრი კანონს ასრულებდა - სისხლს იღებდა. თუ არ ასრულებდა, არსებობის წაბილწვა იყო. ჩემმა დედისძმამ ლადომ, აიღო თომა ბალიაურის სისხლი. წესი ასეთია: მოკვლისთანავე მკვლელის მხარემ უნდა დაკლას საკლავი, ბოდიშის მოხდასავით, მკვლელმა შინ არ უნდა გაათიოს ღამე, მისმა ოჯახმა არ უნდა მოხნას, არ უნდა იმღეროს... ერთი მნიშვნელოვანი წესი მინდა აგიხსნათ. "ვეფხსა და მოყმეში" "წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა შვილისა" - ყველას ჰგონია პოეტის ფანტაზიის ნაყოფია, მისი ჰუმანურობის უმაღლესი გამოვლინება. არადა, ხევსურული კოდექსის მიხედვით, ქალებმა სამძიმარი უნდა უთხრან მათი ოჯახის წევრისაგან მოკლულის ოჯახს.

- არასოდეს წასულხართ საზოგადოებრივი აზრის წინაღმდეგ?

- წავსულვარ!

- ჰოდა, მაშინ ხომ ალუდა იყავით...

- არა! ალუდა ცხოვრობდა იმ საზოგადოებაში და არ აპროტესტებდა, იყო მათი ნაწილი. მე კი ბავშვობიდან ვცხოვრობდი ბოლშევიკურ დეგენერაციაში, არასოდეს ვეთანხმებოდი იმ საზოგადოებას... ისე გავიზარდე, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ბოროტება იყო ბოლშევიზმი, ამას ხმამაღლა თუ არ ვამბობდი, მაინც იჩენდა ხოლმე თავს... მაგალითად, ჩემი დიპლომი - "აჯანყება" არ გამიკეთებია ანტისაბჭოთა ჩანაფიქრით, მაგრამ მაინც ასე მიიღეს. მოსკოვში ჩემი დიპლომის დახურული გარჩევა მოაწყვეს. ყველა მოქანდაკე ეჯიბრებოდა ერთმანეთს ჩემს ლანძღვაში. დამიცვა მხოლოდ სომეხმა პოღოსიანმა, რომელმაც შეაფურთხა კიდეც ერთ-ერთ აკადემიკოსს. მოსკოვიდან ეს სკულპტურა შეუფუთავი გამოგზავნეს. დაიმტვრა. აღადგინა ერთმა ხელოსანმა...

როცა ზვიადის მთავრობაში ვიყავი, "აჯანყება" "მხედრიონელებმა" დალეწეს... სასწავლო ნაწილის გამგე იყო - ნადარეიშვილი, მითხრა: დავარქვათ "1905 წელი გურიაში", წინააღმდეგი ხომ არ ხარო. არა-მეთქი. არ მადარდებდა, რა ერქმეოდა, ოღონდ დამეცვა დიპლომი! თქვენ არ გინახავთ, ის საბჭოთა ქვეყანა ადამიანებს რას უშვრებოდა... სტალინი ბევრს დღესაც უყვარს... ავად ვიყავი, რომ გავიგე, მოკვდაო, გავვარდი ქუჩაში. მეგონა, აქამდე ყველა მალავდა თავის აზრს და ახლა იქნება ხვევნა-კოცნა-მეთქი. ყველა ტიროდა - ჩვეულებრივი მონები იყვნენ. შემხვდა ზურა ნიჟარაძე, აკადემიაში არ წახვიდე, ფუნჯები დამიმტვრიეს - ამ დღეს როგორ მუშაობო... ეს იყო საბჭოთა იდეოლოგია... (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: ძმობა