"ლიკა პირველად ბათუმში დავინახე და მაშინვე შემიყვარდა…" - ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმრის 18 წლის წინანდელი მოგონებები - კვირის პალიტრა

"ლიკა პირველად ბათუმში დავინახე და მაშინვე შემიყვარდა…" - ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმრის 18 წლის წინანდელი მოგონებები

ფოტოგალერეა

ჟურნალ "სარკის" არქივში ინახება ლიკა ქავჟარაძისა და მისი პირველი ქმრის, სანდრო თაქთაქიშვილის, ინტერვიუ, რომელიც 2000 წლის თებერვალშია ჩაწერილი. მაშინ წყვილი ერთად ცხოვრობდა. AMBEBI.GE სანდრო თაქთაქიშვილისა და ლიკა ქავჟარაძის ინტერვიუებს გთავაზობთ:

სანდრო თაქთაქიშვილი:

- როგორც მეუღლე, ლიკას შემოქმედებას დადებითად ვაფასებ. ვთვლი, რომ მას აქვს თავისი ადგილი ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიკა განსაკუთრებით "ნატვრის ხესა" და "პეპელაში" მომწონს, "ბორბალშიც" კარგია…

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ხელოვანი არ ვარ, მის გარეშე ცხოვრება ჩემთვის მართლაც შეუძლებელი იქნებოდა. კინო და სამსახიობო ხელოვნება ჩემთვისაც ძალზე ახლობელია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მამაც რეჟისორი გახლდათ. მართალია, მხატვრულ ფილმებს - არა, მაგრამ ტელეფილმებს იღებდა. ამას ისიც დავუმატეთ, რომ ოპერატორი ლომერ ახვლედიანი ჩემი ნათლიაა. ბებიაც მსახიობობდა.

ჩემს ოჯახში ყოველთვის კინოსთან დაახლოებული ადამიანები იყრიდნენ თავს. ლანა ღოღობერიძეც ჩემი ახლობელია და ხშირად ვიყავით ერთად. ლანა ბებიაჩემს იღებდა ცნობილ ფილმში "აურზაური სალხინეთში". მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და ბებიას ვახლდი გადაღებებზე. ჩემი სამეგობრო წრე და ამხანაგები რეჟისორები არიან...

ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით...

შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე. ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით...

ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა...

დედამისი ლიკას სულ თან დაჰყვებოდა. შესაბამისად, მკაცრიც იყო. თუმცა ლიკა მაშინ პატარა იყო და ეს სიმკაცრეც ალბათ საჭირო იყო. მერე, როცა გაიზარდა, გამოვიდა დედის კალთიდან და რაღაცნაირად ვახერხებდით შეხვედრას, თუმცა არც არავინ გვიშლიდა...

"ნატვრის ხის" შემდეგ მარიტა ბევრს უყვარდა. მარიტა მეც ძალიან მიყვარდა. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, როცა ვუყურებდი.

საერთოდ, შინაგანად უკომპლექსო პიროვნება ვარ, მაგრამ რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ, აი, ასეთი ლამაზი და პოპულარული გოგო მიყვარდა. იმედიც არ მქონია მაინცდამაინც და არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მასაც გაუჩნდა მერე გარკვეული გრძნობა ჩემ მიმართ...

ვერ გეტყვთ, ლიკა რითი მოვხიბლე, თანაც, საკუთარ თავზე ხომ არ ვიტყვი საქებარ სიტყვებს და ტრაბახს ხომ არ დავიწყებ, ასეთი მაგარი ბიჭი ვარ-მეთქი?!

ვიტყოდი, რომ ლიკა კი არ განსხვავდება მარიტასგან, რაღაცით ჰგვანან კდეც ერთმანთს. რაღაც საერთოა მათ ხასიათში. ურთიერთობებში ლიკაც ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც მარიტა, ისეთივე თბილი და სათუთი.

არა მგონია, ოჯახს რაიმეში ხელი შეეშალა ლიკასთვის. პირიქით, როცა ჩვენი შვილი დაიბადა, მაშინაც დადიოდა გადაღებებზე... ლიკას ჩემი მხრიდან შეზღუდვა არ ჰქონია, თუმცა იყო გარკვეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ლიკას ვეუბნებოდი,

რომ თავი დაენებებინა გადაღებებისთვის.

მიუხედავად ჩემი დაჟინებული სურვილისა და მოთხოვნისა, ლიკა თავს მაინც არ ანებებდა. როგორც ჩანს, მას კინო ძალიან უყვარდა. ის პერიოდი, ვიტყოდი, რაღაც გაურკვეველ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ მერე, დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ვცდებოდი და შემდგომ მოვუწონე კიდეც თავისი რომ გაიტანა...

ლიკას ძალიან დიდი ხნით უწევდა წასვლა, ოჯახის, ბავშვის დატოვება და ა. შ. მეც ძალიან ბევრს დავდიოდი, ამიტომ მაინც ვცდილობდი და ვაიძულებდი კიდეც თავს, ლიკასთვის როგორმე გამეგო.

ეჭვიანი არასოდეს ვყოფილვარ, ლიკაზე ოდნავ ცუდად არც კი გამიფიქრებია არასოდეს... ლიკა ლამაზი ქალია, ლამაზი ქალი კი ყოველთვის ვიღაცას მოსწონს, ეს სავსებით ბუნებრივი რამაა.

ლიკა კარგი დედა და კარგი მეუღლეა. ქალისთვის ალბათ ეს უმთავრესი რამაა. ბუნებით ძალზე მოსიყვარულეა. რაც შეეხება მზარეულობას, აქ ცოტათი მოიკოჭლებს. შეიძლება ითქვას, საშუალო მზარეულია...

ეს პრობლემა ნამდვილად არ მაწუხებდა, რადგან ხან ლიკას დედასთან ვცხოვრობდით და ხან ჩემს მშობლებთან. ხშირად კი ვეუბნებოდი, მიდი, მიდი, შენც ისწავლე-მეთქი, მაგრამ ლიკა ამ მხრივ თავს არ იწუხებდა.

ბოლოს მიხვვდი, რომ ლიკა ქავჟარაძის ადგილი სამზარეულოში არ იყო... ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მეც შემიძლია საჭმლის გაკეთება...

პროფესიით ფიზიკოსი ვარ. საქმიდან გამომდინარე, ზოგჯერ მეც მიწევს უცხოეთში წასვლა, უფრო ხშირად გერმანიასა და შტატებში მივდივარ ხოლმე... (გაგრძელება)

იხილეთ ასევე: "შეიძლება ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი, ახლა ეს აღარ მაწუხებს... მორჩა"! - ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე