"ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა" - გაუმხელელი სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა" - გაუმხელელი სიყვარულის ამბავი

ლიკა ქავჟარაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა ჟურნალმა "გზამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

კინოში 30-მდე როლი შეასრულა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნაში 15 წლის მარიტად დარჩა. იმ დღეს, როცა მაყურებელი უკანასკნელ გზაზე აცილებდა, ამბობდნენ, მარიტას როლი თავადაც ისე მოსწონდა, გადასაღები მოედნიდან შინ დაბრუნებული, მარიტას კაბით დადიოდაო.

ლიკა ქავჟარაძე უკანასკნელ გზაზე მაყურებელმა ტაშით გააცილა. "ნატვრის გოგონა" ტაძრიდან "შეთემ" და "გედიამ" გამოასვენეს...

ლიკა ქავჟარაძემ და სოსო ჯაჭვლიანმა გადასაღებ მოედანზე ერთად თითქმის ორი წელი გაატარეს, ორი წელი შეყვარებულებს თამაშობდნენ და რა გასაკვირია, რომ გედიას მარიტა ცხოვრებაშიც შეჰყვარებოდა. სოსო ჯაჭვლიანი ადასტურებს, რომ ეს ასეც მოხდა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდეგ, "ნატვრის გოგონას" სიყვარულში არ გამოსტყდომია.

მარიტა შეთესაც შეჰყვარებია. ზაზა კოლელიშვილი წლების განმავლობაში, გულში რაინდულად ნატარები სიყვარულის ამბავზე, დღეს უკვე ღიად ლაპარაკობს.

- ბატონო ზაზა, ამ გრძნობის საიდუმლოდ ტარება არ გაგიჭირდათ?

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი:

- არა, კაცობა ზუსტად ეგ არის. ზოგჯერ გამოუთქმელი და გაუმხელელი უფრო სათუთია და ძვირფასი, ვიდრე გაცხადებული. თან, ხომ ვიცოდი, ლიკას სხვა მოსწონდა. ჩემი მხრიდან არაკაცური საქციელი იქნებოდა.

- წლების შემდეგ მაინც თუ გქონდათ ამ თემაზე მასთან ლაპარაკი?

- არა, არასდროს გვისაუბრია. მაშინდელ სიყვარულზე მინიშნებითაც კი არასდროს არაფერი მითქვამს.

- ძალიან ამაღლვებელი იყო ლიკას ტაძრიდან გამოსვენების სცენა. ეს იყო "ნატვრის ხის" უცნაური "დასასრული" და მაყურებლის უკანასკნელი ტაში.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა. იმ წუთებში რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი, ამის გადმოცემას ალბათ ვერასდროს შევძლებ. რა უცნაურია ცხოვრება. სამარის პირამდე მივყევი და...

არც ვიცი, ის ქალბატონი ვინ იყო, ლურჯი ყვავილი მომაწოდა. ის ყვავილი ლიკას თავთან დავდე, ვეამბორე და შევფიცე, რომ მისი ნახატების გამოფენა აუცილებლად მოეწყობა. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 19 ოქტომბრის ნომერში)

იხილეთ ლიკა ქავჟარაძის უცნობი ფოტოები

თამუნა კვინიკაძე