სკოლის მასწავლებელს მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

სკოლის მასწავლებელს მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ

თბილისის 67-ე სკოლის დირექტორის, მარიამ თავართქილაძის განცხადებით, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას წინააღმდეგ საჩივარია დაწერილი, რომელსაც დისციპლინარული კომიტეტი სწავლობს. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვინ არის საჩივრის ავტორი.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პედაგოგმა მოსწავლე სცემა, დირექტორის თქმით, სკოლა რეაგირებას დისციპლინური კომიტეტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოახდენს.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოვიდა განცხადება, რომელიც გადაეცა დისციპლინარულ კომიტეტს. დისციპლინარული კომიტეტი დადებს დასკვნას. თუ ფაქტი დადასტურდა, ბუნებრივია, სკოლა თვალს ვერ დახუჭავს და იქნება რეაგირება. რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა მართული პროცესია. სკოლა იზრუნებს, რომ მოხდეს რეაგირება", - აცხადებს თავართქილაძე.

კეზუას ინფორმაციით, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბიულეტენზე იმყოფება.

"ამ წუთშიც ექიმთან ვიმყოფები შემოწმებაზე. ჯერჯერობით არავის გავუთავისუფლებივარ, თუმცა დირექტორმა შემომითვალა, რომ დავწერო განცხადება და წავიდე სკოლიდან," - აცხადებს კეზუა.

ქიმიის მასწავლებელი არ საუბრობს დირექტორთან დაპირისპირებაზე, თუმცა ამავე სკოლის მოსწავლეების ინფორმაციით, სკოლის დირექტორს, მარიამ თავართქილაძესა და მასწავლებლების ნაწილს შორის დაპირისპირებაა.

თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილმა დილით დოდო კეზუას მხარდასაჭერი აქცია გამართეს. როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, სკოლაში დაძაბული სიტუაციაა. მათივე ინფორმაციით, მასწავლებლები 2 ჯგუფად არიან გაყოფილი. ნაწილი ემხრობა სკოლის დირექტორს, ნაწილი კი-  არა.

მოსწავლეების ინფორმაციით, გავრცელებული განცხადებები, რომ ქიმიის მასწავლებელმა დოდო კეზუამ მოსწავლეების ნაწილს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ამბობენ, რომ მარიამ თავართქილაძეს კეზუას გათავისუფლება "პირადი მიზნებისთვის" სჭირდება, რასაც ვერ ასაბუთებენ.

ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, დოდო კეზუა მოსწავლეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, რის გამოც საჩივრებია დაწერილი.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით