"მის შვილს არ სურს, რომ ლიკას ნახატები გაიყიდოს" - პირველი პერსონალური გამოფენა ლიკას გარეშე... - კვირის პალიტრა

"მის შვილს არ სურს, რომ ლიკას ნახატები გაიყიდოს" - პირველი პერსონალური გამოფენა ლიკას გარეშე...

ფოტოგალერეა

"რე" პრეფიქსი - რე ინკარნაცია, ანუ ვისი ს(ხე)ული გსურს? სწორედ ამ ორიგინალურ და არასტანდარტულ, ღრმა და რთულად აღსაქმელ იდეას ატარებდა 19 ოქტომბერს "არტ გალერეა ვაკეში" გახსნილი ქართველი "ნატვრის გოგონას" ლიკა ქავჟარაძის ნახატების პერსონალური გამოფენა.

რამდენიმე დღის წინ საქართველომ  უმშვენიერესი კინოვარსკვლავი მიწას მიაბარა, ცნობილია, რომ ის ამ გამოფენისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, არ დასცალადა...

ლიკას გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოების უმეტესი ნაწილი აღნიშნავდა, რომ მას არ ჰქონდა დიდი შემოსავალი და ცხოვრობდა უბრალოდ, მისი ნამუშევრების გამოფენა კი, სამწუხაროდ, ამ ამბის გაგრძელებაა, პატარა საგამოფენო სივრცეში განთავსებული ნახატები და ფრაზა "ვინც ნახატები ნახეთ, გარეთ გადით" გამოფენის მაინც და მაინც დიდ ორგანიზაბულობაზე არ მიუთითებდა. გალერიაში პატარა ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა სტუმარმა წითელ ფურცელზე შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტი გაიტაცა, რომელიც დაცვამ მალევე დააბრუნებინა...

"აქ ყველაფერი ძალიან მძიმედ გამოიყურება, თუმცა ერთი ნახატი "შავი წერტილი" სწორედ მის სილამაზეს და მშვენიერებას გადმოსცემს, ის ამ ფერებივით ლამაზი და საოცარი იყო. მისი ნიჭი მის ნამუშევრებშიც კარგად ჩანს. მისი სულიერი სილამაზე ამ ლამაზ ფერებსა და უცნაურ ფიგურებშიც გადმოიცა", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში კირა ანდრონიკაშვილმა.

"გამოფენა ლიკას სიცოცხლეშივე დაიგეგმა, 24 ნამუშევარია წარმოდგენილი და ის 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ლიკას სურდა რომ გამოფენა-გაყიდვა ჩატარებულიყო, თუმცა მისი ნამუშევრები აღარ გაიყიდება. მის ოჯახს, მის შვილს არ სურს რომ ლიკას ნახატები გაიყიდოს, თუმცა გამოფენაზე გაიყიდენა ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ლიკას პორტრეტები",  - განაცხადა "არტ გალერეა ვაკეს" წარმომადგენელმა

"ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების შემდეგ დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო - ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლისკენ, საკუთარ თავში ძიებისკენ.

ახლა კი, ეს მოთხოვნილებაში გადამეზარდა და ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზე გადმოვცე ჩემი პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ ეს არავისას არ ჰგავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. უფრო მეტიც: ასევე დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ნახოს და შეაფასოს მაყურებელმა, მხატვრებმა და პროფესიონალ ხელოვნებათმცოდნეებმაც", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა ქავჟარაძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა: "რე"პრეფიქსი - ლიკა ქავჟარაძის პერსონალური გამოფენა

იხილეთ ასევე: "ვერასდროს წარმოვიდგენდი ლიკას კუბოს აწევა მე თუ მომიხდებოდა" - გაუმხელელი სიყვარულის ამბავი

ეკა გადახაბაძე