"ფრუნზიკამ სვეტიცხოველში ძველი წარწერები რომ ნახა, ჩაილაპარაკა: - ა, ესეც სომხებს აუგიათო" - როგორ იღებდნენ "არ დაიდარდოსა" და "მიმინოს" - კვირის პალიტრა

"ფრუნზიკამ სვეტიცხოველში ძველი წარწერები რომ ნახა, ჩაილაპარაკა: - ა, ესეც სომხებს აუგიათო" - როგორ იღებდნენ "არ დაიდარდოსა" და "მიმინოს"

"დანელიამ რეი ჩარლზის Esterday მოასმენინა, - ასეთი სიმღერა მინდაო, გასაგებიაო, - ყანჩელმა და მესამე დღეს მოუტანა "ჩიტო-გვრიტო"

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ არაერთი საინტერესო კინოგმირი განასახიერა. ვინ არ იცნობს დიდი ავიაციის თანამშრომელ ვალიკო მიზანდარს, მეტსახელად მიმინოს, ან ექიმ ბენჟამენ ღლონტს. ბუბა კიკაბიძისა და რეჟისორ გიორგი დანელიას თანამშრომლობით შექმნილი ამ ორი არაჩვეულებრივი ფილმის შესახებ თავად მსახიობი გვესაუბრება.

- ბედნიერი ვარ, რომ გიორგი დანელიას შევხვდი. მანამდე არც მიფიქრია კინოზე, თუმცა, ერთ ფილმში უკვე ნათამაშები მქონდა. ერთ დღეს "მოსფილმიდან" დარეკეს - დანელია ჩამოდის და თქვენთან შეხვედრა უნდაო. პირადად არ ვიცნობდი, ვიცოდი მხოლოდ, რომ სოფიკო ჭიაურელის დეიდაშვილი იყო.

თბილისში თავის ჯგუფთან ერთად, სასტუმრო "საქართველოში" დაბინავდა.

მივედი, დამხვდა ჩია, ყვითელი, გაუღიმარი მამაკაცი, ავად იყურებოდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. არ მომეწონა. მივესალმეთ ერთმანეთს და მეუბნება, - დაიყვირეო. როგორ დავიყვირო, ხალხს სძინავს-მეთქი. მერე სცენარი მომაწოდა - წაიღე, წაიკითხეო... მივხვდი, არც მას მოვეწონე.

გიაც ძალიან სასაცილოდ იხსენებს ჩვენს პირველ შეხვედრას - შემოვიდა ვიღაც დაგლეჯილჯინსიანი გაჩხიკინებული ყმაწვილიო. სცენარში ბენჟამენ ღლონტი სქელი, ოფლიანი, მსმელი და ჟღალია. მე კი ვიყავი - საპირისპირო. დანელია ეძებდა ბენჟამენს და არავინ მოსწონდა.

სცენარი წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მეხუთე დღეს დამირეკა დანელიამ და ვახშმად დამპატიჟა. გია თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა, ყველგან სიხარულით ეგებებოდნენ, - ვა, გია მოვიდაო. ჩვენ რომ შევედით, ყველამ შესძახა, - ვა, ბუბა მოიყვანაო. მეორე დღეს ბიძაშვილთან წამიყვანა, მესამე დღეს კიდევ სხვასთან და მივხვდი, მაკვირდებოდა. ვუთხარი: - ბატონო გია, თუ სინჯის გადაღება გინდათ, გადაიღეთ, რადგან მალე თურქეთში მივდივარ გასტროლებზე, თუ უარს იტყვით, ეს საუხერხულო არ იქნება-მეთქი. მართლაც დაინიშნა გადაღება. გადავიღეთ ნიშნობის სცენა - სერგო ზაქარიაძე რომ მოდის თავისი გიჟი მუსიკოსებით, ბრახაბრუხითა და ცეკვით.

ამის შემდეგ წავედი თურქეთში. ერთ დღეს საბჭოთა კავშირის საელჩოში დამიბარეს. შევშინდი, სახლში ხომ არაფერი მოხდა-მეთქი. საელჩოში "მოსფილმის" დირექტორის დეპეშა დამხვდა: "გილოცავთ, თქვენ დამტკიცებული ხართ მთავარ როლზე ფილმში "არ დაიდარდო".

თბილისში ჩამოსულს აეროპორტში, დამხვდურთა შორის, ვიღაც კაცი მიღიმოდა და ხელს მიქნევდა. შორიდან ვერ ვიცანი. რა გასაკვირია, მანამდე ხომ გაღიმებული დანელია არ მენახა. ეს იყო 1967 წელს. მას შემდეგ დავმეგობრდით.

დაიწყო გადაღებები. პირველ დღეს ბეთანიაში ვიღებდით. გიამ ამოიღო დიდი ჯაყვა. "მოტორ", - დაიძახებდა და ავტომატურად იწყებდა მის ლესვას. იმდენი ლესა, რომ ფილმის დამთავრებისას მახათივით გაუწვრილა პირი. ეტყობა, ასე იოკებდა ნერვიულობას. მოპარვა მინდოდა, სახსოვრად მექნება-მეთქი, მაგრამ ვიღაცამ დამასწრო.

მსოფლიო კინემატოგრაფიის 100 წლისთავზე "არ დაიდარდო" ოქროს ფონდში შევიდა. 1970 წელს, კარტახენას კინოფესტივალზე, ფილმმა აიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. "არ დაიდარდო" გადაღებულია ფრანგი მწერლის, კლოდ ტილიეს ნაწარმოების, "ბიძაჩემი ბენჟამენი" მიხედვით. ამ ფესტივალზე ფრანგებსაც ჰქონდათ წარმოდგენილი იმავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი, საკმაოდ სუსტი იყო. ბენჟამენს ჟაკ ბრელი თამაშობდა. ჟაკ ბრელს რომ უნახავს ჩვენი ფილმი, დანელიასთვის უკითხავს, - ბენჟამენი არ ჩამოვიდაო? გიამ - მოვატყუე, - ჩვენი ბენჟამენიც თქვენსავით მომღერალია და ახლა ამერიკაშია გასტროლებზეო.

სინამდვილეში მე და სერგო ზაქარიაძე ამ ფესტივალზე არ გაგვიშვეს - მოსკოვმა, ჩემს ადგილზე დელეგაციას ერთი მსახიობი ქალი გააყოლა, რომელიც ფილმში არ თამაშობს.

დანელიას ისე უყვარდა ფელინი, რომ ლამის დედის მაგივრად დაეფიცა. ფესტივალზე ფელინიც იყო და ისე მომხდარა, რომ გვერდიგვერდ ნომრებში დაუბინავებიათ. ღამე ვერ ვიძინებდი, რომ ვიცოდი, კედლის იქით ის იყო. მინდოდა მივსულიყავი, მაგრამ ვერ ვბედავდიო, - იხსენებდა დანელია. ისე მოსწონებია, ფელინის "არ დაიდარდო", ორჯერ ზედიზედ უნახავს. ერთ საღამოს გია დამთვრალა და შუაღამისას აუტეხია მის კარზე ბრახუნი. გამოსულა ღამისპერანგიანი ფელინი. გიას აუთვალიერ-ჩაუთვალიერებია და მდუმარედ გამობრუნებულა.

ამ ფილმში ერთიმეორეზე უკეთესი მსახიობები თამაშობდნენ: სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია, გოგი ქავთარაძე, სოფიკო... რომელი ერთი ვთქვა?

- ვარლამის როლის შემსრულებელ ბავშვზე რა არის ცნობილი?

- ლევან შამილოვი... არც ვიცი, ცოცხალია თუ არა. ერთი პერიოდი ჭორი დადიოდა, გარდაიცვალაო.

დანელიამ იგი მგონი, მეიდანში იპოვა. დაუძახია, კინოში მინდა გადაგიღოო. კინოს დედაცო, - უპასუხია ამ პატარას. გიას გულიანად გასცინებია და უთქვამს, - ეს ბავშვი უსათუოდ ვარლამის როლზე უნდა ავიყვანოო.

დოდო აბაშიძე ტექსტს ვერ იმახსოვრებდა. იმ სცენის გადაღებისას, როცა ყელში თევზის ფხაგარჭობილი თავადი ტახტზეა მოკალათებული, მე ტახტის ქვეშ ვწევარ და ტექსტს ვკარნახობ.

ერთხელ, გადაღებისას, სერგო ზაქარიაძე გაუბრაზდა გიას, - მე სულ შენიშვნებს მაძლევ, ბუბას კი არაო. მერე მე მითხრა, - შენ ერთი რამე დაგაბერტყა ღმერთმა - კამერას ვერ გრძნობო. ეს დიდი არტისტისგან ყველაზე სასურველი ქათინაური იყო. რამდენჯერაც უნდა ვნახო ეს ფილმი, მისი ქელეხის სცენა ყოველთვის მაოგნებს... არაჩვეულებრივად თამაშობს სერგო ზაქარიაძე.

- "არ დაიდარდოსგან" განსხვავებით, "მიმინოს" სცენარი საგანგებოდ თქვენთვის შეიქმნა.

- ეს ფილმი უნდა ყოფილიყო ქართველსა და თბილისელ რუსზე, რომელიც ევგენი ლეონოვს უნდა განესახიერებინა. ლეონოვი უნდა ყოფილიყო ისეთი ტიპი, ჯიბეში ხელის ჩაყოფას რომ ვერავინ ასწრებს, "აეროდრომი-კეპით" რომ დადის; თბილისელი რუსი ხომ საერთოდ სხვა ნაციაა. მოსკოვიდან შემოგვითვალეს, - ეგეთი რუსები არ არსებობენ და შეცვალეთო! მერე ვიღაცამ თქვა, - რუსი სომხით ხომ არ ჩავანაცვლოთო. დაიწყო პოლემიკა, რატომ სომხითო? ანეკდოტებია და იმიტომ, სომხები და ქართველები ხომ სულ ეგრე ვართ - თბილისი ჩვენ ავაშენეთო, არა, ჩვენო (როგორც მე და ფრუნზიკა ვდაობთ ფილმში ბორჯომზე). ამიტომ მაშინვე ფრუნზიკ მკრტიჩიანი გაახსენდათ. ზუსტად მოარტყეს. მერე ბევრჯერ შესთავაზეს დანელიას, "მიმინოს" გაგრძელება გადაეღო. ის კი არა, ახლაც მთავაზობენ სხვა რეჟისორები - გადავიღოთ "მიმინო-2"-ო. ფრუნზიკა რომ ცოცხალი იყოს, კიდევ შეიძლებოდა, მის გარეშე რა აზრი აქვს...

"მიმინომდე" მე და ფრუნზიკა "არ დაიდარდოს”ეპიზოდის გადაღებაზე შევხვდით ერთმანეთს მცხეთაში. "კანფეტი გინდა?" - რომ მეკითხება, სვეტიცხოვლის კედელთან გადავიღეთ ეგ სცენა, ვითომ ციხეა. შესვენებისას სვეტიცხოველში შევიყვანე.

ძველი საფლავების წარწერები რომ ნახა, ჩაილაპარაკა: - ა, ესეც სომხებს აუგიათო. გავბრაზდი: ხომ არ გაგიჟდი-მეთქი! არა, ეს სომხური ასოებია, ბუბა-ჯანო, - მშვიდად გაიმეორა. ისე გავცეცხლდი, რომ სიცილი აუტყდა. მაშინ მივხვდი - გამაბრიყვა. "მიმინოს" გადაღებისას სამაგიერო ხომ უნდა გადამეხადა. სასტუმრო "როსიაში" ზუსტად ჩემ ქვემოთ ცხოვრობდა. ღამის 4 საათზე დავურეკე, - ფრუნზიკ, ბოდიში, რომ გაგაღვიძე, მაგრამ ისეთი რამე გადმოსცა ახლა ამერიკამ სომხებთან დაკავშირებით, უთქმელობა არ იქნებოდა-მეთქი. რა გადმოსცაო. არქეოლოგებს დილიჟანში უპოვიათ ქვა, რომელსაც აწერია, სომხური კომკავშირი 500 წლისააო. არ დაბნეულა, - იმ არქეოლოგებს არ

შეეძლოთ ეგ ქვა დილის 12 საათზე ეპოვათ, გამოძინებას ხომ მოვასწრებდიო?!

"მიმინოში" რესტორნის ეპიზოდის გადაღებამდე, სანამ სცენა მზადდებოდა, სასტუმროში მცხოვრებმა სომხებმა და ქართველებმა სუფრა გაშალეს, დავსხედით და კარგად მოვილხინეთ. "მატორ" - რომ დაიძახეს, უკვე კარგად ვიყავით შეზარხოშებულნი, ფრუნზიკამ "შპაგატი" ვეღარ გააკეთა, ზუსტად ისე გამოუვიდა, როგორც რეჟისორს უნდოდა. გიამ რომ მასალა ნახა, გაუხარდა, - რა კარგად თამაშობთ მთვრალებსო(?!).

- "მიმინოში" გაჟღერებული სიმღერა, ფილმზე არანაკლებ პოპულარული გახდა.

- ერთ დღეს გიამ დამირეკა: იმ სიმღერის მაგვარი სიმღერა ჩამოვიტანე, რომელიც ყანჩელმა მინდა დაწეროს "მიმინოსთვის". დღეს ლულია (გია ყანჩელის მეუღლე) სადილად დაგვპატიჟებს და ამ სიმღერასაც მოვასმენინებთო. მივედით.

დანელიამ ფირფიტა მიაწოდა - ასეთი სიმღერა მინდაო. იმან ჩართო და რეი ჩარლზი მღერის Esterday-ს. გასაგებიაო, ყანჩელმა უთხრა და მესამე დღეს მოუტანა "ჩიტო-გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო".

ეკა სალაღაია