"არცერთი წუთით არ დამიშვია, რომ შეიძლება რაღაც დამემართოს" - მარინა ჯანაშიას მძიმე დიაგნოზი და სიცოცხლის სიყვარული - კვირის პალიტრა

"არცერთი წუთით არ დამიშვია, რომ შეიძლება რაღაც დამემართოს" - მარინა ჯანაშიას მძიმე დიაგნოზი და სიცოცხლის სიყვარული

ფოტოგალერეა

"ყველაზე მთავარია რწმენა, სიცოცხლის ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული"

საქართველოს დამსახურებული არტისტი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარინა ჯანაშია მძიმე, თითქმის 2-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ სცენას დაუბრუნდა. მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2017 წლის 5 ოქტომბერს რონალდ ჰარვუდის "მოხუც ჯამბაზებში" ითამაშა (რეჟისორი გოჩა კაპანაძე). თამაშიც არის და თამაშიც, თუ დარბაზში მჯდომმა ადამიანმა არაფერი იცოდა დიდი არტისტის ავადმყოფობის შესახებ, ვერაფერს მიხვდებოდა.

"რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება.. ასეთი დიდი სიყვარულის საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა.." - განაცხადა ქალბატონმა მარინამ, რომლის საოცარმა თამაშმა მართლაც რომ აღტაცებაში მოიყვანა პუბლიკა.

სპექტაკლის შემდეგ მისმა შვილიშვილმა, მოდელმა და მსახიობმა მარიტა ჯანაშიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

"ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ, პირველად დადგა სცენაზე.

არცოდნის შემთვევაში ვერასდროს, ვერასდროს მივხვდებოდი, რომ რაღაც სჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტოპერაციული ტკივილები.

ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით) ეგ იყო სრული შოკი"!

სცენაზე გასვლის წინ. შვილიშვილთან - მარიტა ჯანაშიასთან ერთად

მოგვიანებით "იმედის დილაში" ქალბატონმა მარინამ ისაუბრა სიმსივნის დიგნოზზე, უმძიმეს 2 წელიწადზე, 14 ოპერაციაზე და სცენაზე დაბრუნების ჯადოსნობაზე:

"მხოლოდ ერთი რეპეტიცია გავიარე, გოჩა კაპანაძე, მანანა გამცემლიძე და მარინა კახიანი სულ უკან დამყვებოდნენ და მიფრთხილდებოდნენ. როგორც ჩანს, სხეულსაც აქვს თავისი მეხსიერება, როცა სპექტაკლი დაიწყო, იქ კუდში ვერავინ გამომყვებოდა და ავიღე სწორედ ის რიტმი, რომელიც თავიდანვე მქონდა ამ სპექტაკლში. როცა შპაგატის დრო მოვიდა, არ ვაპირებდი ამის გაკეთებას, არაჩვეულებრივი მარინა კახიანი მიხვდა რაც უნდა გამეკეთებინა, გაიწია და დამითმო ადგილი და ჩემთვისაც მოულოდნელად წავედი შპაგატის გაკეთებისკენ და თან ვფიქრობდი, ღმერთო, ამას ხომ არ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ყველაფერი გვიანი იყო... ყველაფერი გამომივიდა. ასეთი მარტივი იყო ამ შპაგატის ისტორია, თუმა მაყურებელმა გმირობად ჩამითვალა".

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ადამიანი მუდმივად აქცევდეს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას...

"ყოველთვის ვამბობდი რომ ვარ სამარცხვინოდ ჯანმრთელი, როცა ჩემი კოლეგა ან ვინმე ახლობელი აიღებდა წამალს და სვამდა, მე სულ ვარიდებდი თავს და ვამბობდი "რა უხერხულია, მე ხომ სამარცხვინოდ ჯანმრთელი ვარ", მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევაც მაქვს და სხვებსაც დავყვებოდი გამოკვლევებზე, სრულიად უკულტურო ადამიანი აღმოვჩნდი, რომელიც არ იკეთებს წელიწადში ერთხელ მაინც გამოკვლევებს. ეს შეცდომაა, რომლის პატიებაც არ შეიძლება, რადგან ადამიანი ვიდრე არსებობ, ვალდებული ხარ, რომ შენს თავს მიაქციო ყურადღება...

იმედი არასდროს დამიკარგავს, მერეც, როდესაც 14 ოპერაცია გავიკეთე 2 წლის განმავლობაში იმედი სულ მქონდა. უცნაურია, რომ არცერთი წუთით არ დამიშვია, რომ შეიძლება რაღაც დამემართოს, რომ არ ყოფილოყო იქ ჩემი შვილი თემიკო, მე ამას ვერ მოვერეოდი. როცა ვხედავდი მის სასოწარკვეთილ თვალებს, ეს მიკრძალავდა ყველაფერ დანარჩენს და მაძლევდა უფლებას, მეთამაშა, თითქოს მთლად ისე ცუდადაც არ იყო ყველაფერი...

სცენა სპექტაკლიდან:

ერთ დღესაც ექიმებს ჩემი შვილისთვის უთქვამთ, ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია, თუ ორგანიზმს შეუძლია ბრძოლა მაშინ გადარჩებაო. სწორედ ეს მომენტი იყო როცა თვალი გავახილე. მოსაყოლად შეიძლება ძალიან მოკლე ამბავია, მაგრამ თვალი რომ გავახილე და თემიკოს სასოწარკვეთილი თვალები დავინახე, ჩემს თავს ვუთხარი, მე ახლა სიკვდილის უფლება არ მაქვს -მეთქი...

მე დამეხმარა ის, რომ ერთი წუთით არ დამიშვია, რომ შეიძლება რამე დამმართნოდა. კიდევ უფრო უცნაურია ისიც, რომ ამ პერიოდშიც თეატრზე და როლებზე ვფიქრობდი, და სწორედ ეს არის ჩვენი პროფესიის ჯადოსნობა", - ამბობს მსახიობი.

მარინა ჯანაშიამ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა რუსთაველის თეატრის სცენაზე, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სპექტაკლში, შეუძლებელია დაავიწყდეს მისი საოცარი პლასტიკა, გრაციოზულობა და გამომსახველობა...

მარინა ჯანაშია:

"ყველაზე მთავარია რწმენა, სიცოცხლის ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული. ხანდახან ძალიან ცუდს გვთავაზობს, ხანდახან კარგს, მაგრამ სიცოცხლე არის სიცოცხლე - პატარა გაჩერება დედამიწაზე და შემდეგ ისევ მარადისობაა. ამიტომ ეს გაჩერება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ".

იხილეთ ფოტოგალერეა - მსახიობის ცხოვრება