"ჩვენს სამედიცინო დიპლომს საფრანგეთში არ აღიარებენ"
23-10-2017
"ჩვენს სამედიცინო დიპლომს საფრანგეთში არ აღიარებენ"
"საფრანგეთში არაჩვეულებრივია უფასო­ სადაზღვევო სისტემა­ - ყველა დაცულია. ქუჩაში უსახლკარო ცუდად რომ გახდეს, ოპერაცია დასჭი­რდეს, უმაღლეს დონეზე მოემსახურებიან"

"საქართველოდან მაშინ წავედი, როცა ექიმებს ღირსების შემლახავი ხელფასი­ გვქონდა. ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი, ან პროფესიისთვის დამენებებინა­ თავი", - მიამბობს ქეთი ლობჟანიძე, რომელიც­ 9 წელია საფრანგეთში ცხოვრობს.

- წასვლამდე ინგლისურის გაკვეთილებზე დავდიოდი (მანამდე სამი ენა ვიცოდი), სადაც გავიცანი ფრანგი ქალბატონი კატრინი. დავმეგობრდით. მისი მეუღლე საფრანგეთის საელჩოს ატაშე იყო. შემომთავაზა, თუ პარიზში წახვალ­ და
სამსახურს იშოვი­, ჩვენთან იცხოვრეო. გავგზავნე სქელტანიანი დოსიე-სივი, რომელიც თვალში მოხვდა პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული საავადმყოფოს შეფს, გამომიგზავნა­ მოწვევა და მიმიღო არაანაზღაურებად სამუშაოზე. მერე ანაზღაურებადი პოსტიც მოვიპოვე. საფრანგეთში­ უპირველესად ფრანგს ანიჭებენ­ უპირატესობას, დაფასებული არიან მათი ყოფილი კოლონიების მკვიდრნიც. ჩვენი დიპლომი იქ არ არის აღიარებული. ექიმად მუშაობის უფლება­
რომ მოიპოვო, ინტერნატურა თავიდან უნდა გაიარო.

პირველ სერვისში (საავადმყოფოში), სადაც ვმუშაობდი ინტერნად, გაუსაძლ­ისი მდგომარეობა იყო და ორ თვეში წამოვედი. მერე გამიჭირდა სამსახურის შოვნა... შემთხვევით გავიგე, რომ ერთ პრესტიჟულ საავადმყოფ­ოში იყო ვაკანსია. როგორც იქნა, შეფმა შეხვედრა დამინიშნა. ახლობლ­ებმა გამა­ფრთხილეს, არ წამოგცდეს, სამსახ­ური რომ მიატ­ოვე, ეს ცუდი ტონია, და კიდევ,­ როცა გკითხავს, რა მიზნით და რამდენი ხნით ხარ ჩამოსულიო, უპასუხე, მინდა აქ დავრჩე­ და საფრანგეთს ვემსახურო-თქო. მაგრამ როცა შეფს შევხვდი,­ ურთ­იერთობის ტყუილით დაწყება ვერ ვიკადრე და ყველაფერი გულწრფელად ვუამბე. ღიმილით მისმენდა, გულწრფელობა დამიფასა­ და სამსახურში ამიყვანა. პირველსავე დღეს გამომიცხადა,­ მომმართე სახელით და შენობითო. თავმდაბლობა­ იქ კარგ ტონად ითვლება. შემდეგ ნეკერის ჰოსპიტალში გადავედი სამუშაოდ... ამჟამად ტრუსოში ვარ. ამ საავადმყოფოებში საათივითაა აწყობილი ყველაფერი­.

- მედიცინის მუშაკთა ფრანგულ ყოფაზე გვიამბეთ.

- ფრანგული სამედიცინო სკოლა წარმატებულია, ერთი მინუსი აქვს, ზედმეტად­ სოციალი­სტურია, არაჩვეულებრივია უფასო­ სადაზღვევო სისტემა - აბსოლ­უტურად­ ყველა დაცულია. ქუჩაში უსახლკარო ცუდად რომ გახდეს, ოპერაცია დასჭი­რდეს, უმაღლეს დონეზე მოემსახურებიან, მაგრამ ეს ჩვენი შედარებით დაბალი ანაზღაურების ხარჯზე ხდება... ნელა გვემატება ხელფასები და რაც მეტად გვემატება, მით მეტად ვიბეგრებით. ერთ ახლობელს დაწინაურება მივულ­ო­ცე.­ მითხრა, რა არის მოსალოცი,­ უფრო მეტი ზარმაცი ჩამოეკიდება ჩემს ჯიბეს,­ მე კი მეტი პასუხისმგებლობა და ნაკლები თავისუფალი დრო მექნებაო.

- თუ იცით, დღეს რა მდგო­მარეობაა ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში?

- ბევრად უკეთესი. ახლახან მამა მყავდა კონსულტაციაზე კერძო კლინიკის ექიმთან­. ვნახე, მართლაც გაუმჯობესებულა მდგომარეობა. მხოლოდ ხინჯად გამომყვა მისაღების გოგონების უღიმილო, მკაცრი, გულგრილი სახეები.­ კი გვაქვს პრობლემები, მაგრამ მაინც არ მესმის სალმის და ღიმილის დეფიციტი, თითქოს ნაოჭების გაჩენას ერიდებიან. ღიმილის პრობლემა აქვს საქართველოში მომსახურე პერსონალს...
ფრანგისა ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ აფასებს თითო­ეულ წამს. იცის, რომ კვირაში 5 დღე უნდა იმუშაოს, ზომიერად­ იკვებოს, მაგრამ შაბათ-კვირას გურმანული­ "ცოდვების" ჩადენის უფლებასაც აძლევს თავს. ფრანგები პრეტენზიულები არიან. სულ უბრალო მიზეზის გამო შეიძლება­ დიდი პროტესტი გამოაცხადონ. ჩვენთან კი ყველაფერს ეგუებიან. საცობები ფსიქიკას გვინგრევს და არ მოიძებნა გამოსავალი. პოლიტიკური თაობები ცვლიან ერთმანეთს და პრობლემა ვერ გვარდება. შემზარავია სიმსივნური დაავადებების სტატისტიკაც. ვსუნთქავთ და ვიკვებებით ქიმიით.

- როდესაც საფრანგეთში გაიგებენ, რომ ქართველი ხართ, რა ასოციაცია მოდის?

- სტალინი. სხვათა­ შორის, პარიზში ერთ მეტროსად­გურს სტალინგრადი ჰქვია. ახლობელ ფრანგს ვკითხე, ყველგან სპობენ­ მის სახელს და თქვენ რატომ უფრთხილდებით-მეთქი. ეს ისტ­ორიაა, სტალინგრადი მეორე მსოფლიო ომში პირველ პოზიტიურ გარდატეხასთან ასოცირდებაო. პასუხი მომეწონა, მაგრამ არ ვისურვებდი მის ძეგლს ჩემს სამშობლოში. ერთ კულტურულ საზოგადოე­ბაში სტალინი­ ახსენეს, ვთქვი, უნდა იცოდეთ, ის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა,­ წერდა სიკეთით სავსე ლექსებს, ურჩხულად რუსულმა სისტემამ ჩამოაყალბა.­ ქართველ ჯუღაშვი­ლთან იმ სტალინს არაფერი აქვს საერთო-მეთქი. ბერიაზე რას იტყვიო. ბერიაც იმავე სისტემის შვილია და თუ თქვენს ისტორიას გადავხედავთ,­ იმდენ ჯალათს დავთვლით, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით-მეთქი...
ვინც საქართველოშია ნამყოფი, აღფრთოვანებულია ჩვენი ბუნე­ბით, სტუმართმო­ყვარეობით... საფრანგეთში ხშირად ჩანან ქართ­ველი დიზაინერები, იმართება ქართული კინოს დღეები. ხიბლავთ ქართული მრავალხმიანობა...

ექიმი გვირჩევს


სოციალურ ქსელში ხშირად მომმართავენ მშობ­ლები და გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა:

აგრესიული ანტიბიოთერაპია - მაგ. ვირუსული ცხელების ან გაურთულებელი ბრონქიტის მკურნალობა ანტიბიოტიკით საზიანოა ბავშვის ორგანიზმისთვის. ქართველი დედების უმრავლესობას ურჩე­ვნია, 40 გრადუსამდე ცხელებისას ანტიბიოტიკები დააწყებინოს შვილს და იმ ღამეს მშვიდად დაიძინოს. ცხელება თავისთავად დამცავი რეაქციაა ინფექციისას და არ საჭიროებს სიცხის დამწევსაც კი, თუ არ აღემატება 38,5*-ს, გამონაკლისია­ ახალშობილები და კრუნჩხვითი მზაობა, როცა უფრო დაბალ ნიშნულზეა საჭირო რეაგირება.

როგორ გავარჩიოთ საშიში ცხელება არასაშიშისგან: თუ ბავშვი აქტიურია, ჭამს ნორმალურად, ზოგადი მდგომარეობა კარგია, "პარაცეტამოლს" ვაძლევთ 38,5-ზე ან მეტ ტემპერატურაზე და თუ მაინც გრძელდება 4-5 დღეს, ვაჩვენებთ ექიმს სისხლის ანალიზის დასანიშნად. არ არის საჭირო თავიდანვე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობა (ჩვენში მოდური­ "ნუროფენი") იმ მოტივით, რომ "პარაცეტამოლი" ნაკლებეფექტიანია. ასეთი თერაპია­ აგრესიულია კუჭისთვის.

საშიშია ცხელება, თუ ახლავს: გახანგრძ­ლივებული შემცივნება, სიფერმკრთალე, ცხვირ-ტუჩის ციანოზი, აჭრელებული კანი, ბავშვი მივარდნილი ან აგზნებულია, აქვს უჩვეულო გამონაყარი, სახსრების ტკივილი... სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ გადაუდებელში, მოცდა საშიშია! განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ნაადრევ ასაკში! მოკლედ, ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული გართულებისას, რაც წესით დასაბუთებული უნდა იყოს ბიოლოგიური და რადიოლოგიური კვლევებით.

პრობლემაა მასიური ტონზილექტომია­ (გლანდების ამოჭრა), ევროპის არც ერთ ქვეყანაში ოპერაციული მკურნალობა არ ინიშნება, თუ ბავშვს არ აწუხებს ანგინის განმეორებითი შემთხვევები, არ დასწყებია ართრიტული ცვლილებები, სახსრების ტკივილი, იოლად დაღლა... კარგი იქნებოდა, სტრეპტოტესტის მასობრივად დანერგვა, 1 წუთში გვაქვს პასუხი, ანგინა ვირუსულია და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას საჭიროებს თუ ბაქტერიული, როცა ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს.

ხშირად მეკითხებიან იმუნოსტიმულაციაზე. უზრუნველყავით ბავშვის სრულფასოვანი კვება და მას დამატებით ვიტამინი­ და ექინაცეა აღარ დასჭირდება! ხშირი ავადობის მიზეზი ზოგჯერ რკინადეფიციტური ანემიაა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პარაზიტოზით ან საკვებით რკინის არასაკმარისად მიღებით. ცხოველური წარმოშობის რკინა (საქონლის ენა, ღვიძლი, ხორცი) უკეთ შეიწოვება, ვიდრე მცენარეული. ვიტამინებიდან გამონაკლისია მხოლოდ D, რომელიც დაბადებიდან 18 თვემდეა მიზანშეწონილი. კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველო ისედაც მზიანია და D ვიტამინი არ გვჭირდება.

მოდურ ტენდენციად იქცა აცრებისგან თავის შეკავება. დაუშვებელია, როდესაც პედიატრი ურჩევს მშობელს, ბავშვი არ აცრას, ამით პატარის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და ხელს უწყობს უკვე დავიწყებული დაავადებების ხელახლა გამოჩენას! სავალდებულო აცრებისგან თავის შეკავება კატეგორიულად დაუშვებელია!


მოამზადა ეკა სალაღაიამ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით