"ქორწილი ბათუმში გვქონდა და დაახლოებით 400 სტუმარი გვყავდა" - კვირის პალიტრა

"ქორწილი ბათუმში გვქონდა და დაახლოებით 400 სტუმარი გვყავდა"

მოდელი ვიქტორია კოჩეროვა გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილია. სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი, როგორი ქორწილი გადაიხადეს და რატომ ვერ მოიწყვეს თაფლობის თვე? - ამ ყველაფერზე თავად ვიქტორია გვესაუბრა.

- პირველ რიგში, გაბედნიერებას გილოცავ... ვინ არის შენი მეუღლე?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი მეუღლე ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ლევან კინწურაშვილი გახლავთ.

- ბოლო ინტერვიუში აღიარე, რომ შეყვარებული იყავი, თუმცა მის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდი. რატომ?

- საერთოდ, რაღაცებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, მით უმეტეს, ასეთ სერიოზულ თემაზე. ორივეს სურვილი იყო, რომ დაქორწინებამდე ამაზე საჯაროდ არ გვესაუბრა.

- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?

- ლევანი "მის საქართველოს" კონკურსს ესწრებოდა, სადაც პირველად დამინახა. after party-ზეც მოვიდა, მაგრამ როგორც ახლა ამბობს, საჭიროდ არ ჩათვალა ჩემთან მოსულიყო და გავეცანი, ამიტომ უკან გაბრუნდა. შემდეგ "ფეისბუკზე" გამარჯვება მომილოცა და ამის შემდეგ, თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით ისე, რომ არც მისი გვარი ვიცოდი, არც გარეგნულად მყავდა ნანახი, ფოტოზეც კი.

- სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ფოტოები არ ედო?

- დაფარული "აქაუნტი" ჰქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგადად, უცხო ადამიანებს არ ვპასუხობ, მით უმეტეს, ვისაც არც ფოტო უდევს და არც რეალური სახელი უწერია, მაგრამ ეს გამონაკლისი დავუშვი და 8 თვის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს.

- პირველი რომელი გამოუტყდით სიყვარულში?

- ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ბორჯომში გაგვესეირნა, შემდეგ რაბათისკენ ავიღეთ გეზი. იქვე ახლოს პატარა ეკლესია იყო, ულამაზესი ხედით. ტაძარში შევედით და სწორედ იქ გამომიტყდა ლევანი სიყვარულში.

- რამდენი ხანი იყავით შეყვარებლები?

- დაახლოებით ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და წლისთავზე ცოლ-ქმარიც გავხდით.

- რით მოგხიბლა მან? პირველი ნახვის შემდეგ, როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა?

- როცა პირველად ლევანი დავინახე, მისმა თვალებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. საოცარი თვალები აქვს, უზომოდ მიყვარს მისი გამოხედვა, რითიც ნახვისთანავე მოვიხიბლე.

- თავად რით მოხიბლე, რას ამბობს?

- ჩემი გარეგნობით მოხიბლულა. მერე, როცა ერთმანეთი ახლოს გავიცანით, ერთმანეთი უფრო მეტად მოგვეწონა. მალევე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო და მომავალში კარგ მეუღლეობას გამიწევდა.

- რა თვისება მოგწონს მასში ყველაზე მეტად?

- ძალიან ბევრი თვისება მხიბლავს მასში, მაგრამ ერთი გამორჩეულად და განსაკუთრებულად - პიროვნულად ძალიან ძლიერია; მუდამ ცდილობს ამარიდოს თუნდაც, უმნიშვნელო დაბრკოლება. ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს აღებული.

- დაქორწინების შემდეგ თუ აღმოაჩინეთ ერთმანეთში განსხვავებული თვისებები?

- არა, იმდენად ჰარმონიული დამოკიდებულება გვაქვს, რომ ამ მხრივ "სიურპრიზები" არ გვქონია. ყველაფერში ვუგებთ ერთმანეთს.

- როგორ გთხოვა ცოლობა? არ გაგიჭირდა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება?

- ნიშნობა წინასწარ დავგეგმეთ, სადაც ჩემმა და ლევანის მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი და მათ წინაშე მთხოვა ხელი. რა თქმა უნდა, გათხოვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. საწყის ეტაპზე, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ძალიან დავიძაბე და შესაბამისად, დაბნეულიც ვიყავი. თუმცა, ქორწინება ხომ სიყვარულის ლოგიკური გაგრძელებაა და აღიარება ღვთისა და ერის წინაშე. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ.

- შენს მშობლებს სასიძო მოეწონათ?

- რა თქმა უნდა, მოეწონათ. უფრო მეტიც, ლევანი ჩემს მშობლებს მალევე შეუყვარდათ ისევე, როგორც მისმა მშობლებმა შემიყვარს მე.

- სად გქონდათ ქორწილი?

- ქორწილი ბათუმში გვქონდა და დაახლოებით 400 სტუმარი გვყავდა. გაგრძელება