"ეს არის ჩემი პროტესტი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ" - ონელი ბიჭის პლასტელინის ჯადოსნური სამყარო - კვირის პალიტრა

"ეს არის ჩემი პროტესტი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ" - ონელი ბიჭის პლასტელინის ჯადოსნური სამყარო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის აეროპორტებში ნიჭიერი ადამიანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, რათა ყველა სტუმარს ქვეყანაში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მიეცეს შესაძლებლობა, რომ უნიჭიერესი ადამიანების შემოქმედებას გაეცნოს. ეს იდეა პრემიერ-მინისტრს 26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე მოუვიდა, სადაც ონში მცხოვრები 18 წლის ზაურ გამყრელიძის ქანდაკებების გამოფენა მოეწყო. თვითნასწავლი მოქანდაკის უსათაურო და შინაარსით დატვირთული კომპოზიციები ავტორის სულის ნაწილი და სათქმელი გამხდარა, აღქმის საშუალებას კი მნახველს უტოვებს.

ზაურ გამყრელიძე: - 14 წლისამ რთული სკულპტურების გაკეთება დავიწყე. კომპოზიციებს სახელებს არ ვარქმევ, ასე მგონია, ამით მნახველს რაღაც მიმართულებას აძლევ და საფიქრალს აღარ უტოვებ. არ მინდა ვუთხრა მას, რა დაინახოს, როგორ აღიქვას ნამუშევარი და როგორ იფიქროს. არავისთვის მიმიბაძავს, არავინ ყოფილა ჩემი შთაგონების წყარო, თუმცა, მყავს საყვარელი მოქანდაკე - ალბერტო ჯაკომეტი...

ჩემს გამოფენას თბილისის აეროპორტში პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მითხრეს, მას ჩემი რამდენიმე ნამუშევარი მოეწონა. როგორც ვიცი, ბატონი გიორგის იდეა იყო, მისი ინიცირებულია პროექტი სახელწოდებით ART FROM GEORGIA.

არ მეგონა, საზოგადოება ასე პოზიტიურად თუ შეხვდებოდა ჩემს ნამუშევრებს, ზოგი კომპოზიცია მძიმეცაა თემატიკით, მაგრამ პოზიტიური რეაქციები წამოვიდა, რაც მახარებს.

- ყველა შენი ნამუშევარი ალბათ, რაღაც ამბავს გადმოსცემს, რას ჰყვებიან ისინი?

- ხშირ შემთხვევაში, ეს არის ჩემი პროტესტი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ, რაღაც განცდების მატერიალიზება. ჩემს შემოქმედებაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები აისახება.

- ზაურ, რატომ არ აირჩიე მოქანდაკის პროფესია?

- მანამდე არც ვიცოდი, რამდენად ღირებულ საქმეს ვაკეთებდი, მოსწონდათ თუ არა ადამიანებს და ცოტა ძნელი იყო, გადაწყვეტილების მიღება. თანაც, საქართველოში ხელოვანებისთვის ძნელია არსებობა. საქმეს ცოტა პრაგმატულად მივუდექი - ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე და 100%-იანი გრანტი მოვიპოვე. ჩემს საყვარელ საქმეს პარალელურად მოვემსახურები, რა შემიშლის ხელს? ონიდან წამოვიღე საჭირო მასალა და ახლაც არ ვწყვეტ მუშაობას.

- როგორ იქმნებიან შენი გმირები?

- ყველაფერი იდეით იწყება. იდეაზე მუშაობა არ არის ვერბალური პროცესი. არის მომენტი, როცა ფიგურა ძალზე უჩვეულო სიტუაციაში გიჯდება თავში. მერე მის დახვეწაზე მუშაობაა საჭირო, თუ როგორ გადმოსცე რეალურ 3D ვარიანტში. როცა ეს პროცესი მთავრდება, მავთულებისგან ვაკეთებ კარკასს, შემდეგ სკულპტურას ვუკეთებ საყრდენს, რადგან პლასტილინი საყრდენის გარეშე იშლება და ფიგურას პლასტილინით ვავსებ. თუმცა, ეს არ არის ქანდაკების საბოლოო სახე, მისგან ბრინჯაოს სკულპტურა უნდა გაკეთდეს. ამიტომაც ჩემი ნამუშევრები დაუსრულებელია, ისინი ბრინჯაოში უნდა ჩამოისხას, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული და მომავლის საქმეა.

- რა გგონია ხელოვნების მთავარი დანიშნულება?

- ხელოვნებას აქვს ძალა, ბევრი რამ შეცვალოს და საზოგადოებას განვითარებაში დაეხმაროს, გადაალახვინოს სტერეოტიპები და მისი დონე აამაღლოს. ნებისმიერი ქვეყნის კულტურა და ხელოვნება აჩვენებს საზოგადოების განვითარების დონეს. ხელოვანის დანიშნულებაც, ალბათ, ის არის, რომ თავისი შემოქმედებით შეეცადოს წინ წაიყვანოს საზოგადოება. ბედნიერი ვიქნები, თუ მეც ამაში წვლილს შევიტან.

ძალიან მინდა, ჩემი ნამუშევრები როგორმე ბრინჯაოში ჩამოვასხა, პლასტილინი დროთა განმავლობაში დაზიანდება და დაიშლება, გამოფენებზე ამდენ ტარებას ვერ გაუძლებს.

ნანა ფიცხელაური