"თუ გიყვარს, ბევრი რამის პატიებას ახერხებ"
09-11-2017
"თუ გიყვარს, ბევრი რამის პატიებას ახერხებ"
"9 წელი ვიცნობდით ერთმანეთს, ყოველდღე ვხვდებოდით, მაგრამ მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. მალე დავქორწინდით"

თანამედროვე ეპოქამ ადამიანთა ურთიერთობაში ბევრი რამ შეცვალა: თითქოს ყველაფერი უფრო პრაგმატული გახდა, ადამიანები უფრო ადვილად ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ოჯახის დანგრევაც ისეთ ტრაგედიად არ აღიქმება, როგორც 40-50 წლის წინ. მსახიობები - ნინა თარხან-მოურავი და თემო ჭიჭინაძე 26 წელია ერთად არიან. როგორ შეძლეს ურთიერთობის გადარჩენა ჩვენს დაძაბულ დროში, ამის შესახებ ქალბატონი ნინა გვესაუბრება:

-
ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით, თემიკო ერთი კურსით დაბლა სწავლობდა და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. 9 წელი ვიცნობდით ერთმანეთს და ლამის ყოველდღე ვხვდებოდით, მაგრამ მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. ყოველ დილით, კარს რომ ვაღებდი, თაიგული მხვდებოდა. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო. მალე დავქორწინდით. ქალიშვილი
გვყავს, ელისაბედი დავარქვით.

- განსხვავებული ადამიანები ხართ თუ ერთმანეთს ჰგავხართ?

- ის უფრო კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მე უფრო ჩაკეტილი ვარ, თუმცა, ერთმანეთს იმით ვგავართ, რომ ბევრი ლაპარაკი არ გვიყვარს. მე რომ მკითხოთ, ჩვენს ურთიერთობაში მე უფრო მეტს ვთმობ, მას რომ ჰკითხოთ, ის თმობს, მაგრამ ვცდილობთ, ამაზე ყურადღება არ გავამახვილოთ.

- თქვენი აზრით, რომელია იდეალური ასაკი ქორწინებისთვის?

- როცა ქალი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ოჯახი და შვილი უნდა, მაშინ უნდა გათხოვდეს. შეიძლება ეს 20 წლის ასაკში გადაწყვიტოს, შეიძლება 30-ის, ან სულაც 40 წლის ასაკში - მგონი, ამაზე დოგმა არ უნდა არსებობდეს.

- დღეს ბევრი ოჯახი ინგრევა. რატომ ვერ ინარჩუნებენ ახალგაზრდები ერთმანეთის სიყვარულს?

- ოჯახში მარტო სიყვარული საკმარისი არ არის, მთავარია, ერთმანეთის პატივისცემა ჰქონდეთ და დათმობა ისწავლონ. ოჯახი პატარა სახელმწიფოა და თუ დიპლომატია არ არის გარეული, ვერ იარსებებს. თუ რაიმე გეწყინა, უნდა აუხსნა, მაგრამ ზედმეტი ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე.

- მეუღლის ღალატიც უნდა მოითმინოს ქალმა და ამ შემთხვევაშიც დიპლომატიას უნდა მიმართოს?

- სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო, ამბობენ, მაგრამ არავინ იცის, მის თავს რომ მოხდება ცუდი ამბავი, როგორ მოიქცევა. ისე, არსებობენ ქალები, რომლებიც ქმრების ღალატს არ იმჩნევენ, რადგან ადამიანი თუ გიყვარს, ბევრი რამის პატიებას ახერხებ.

- ქართველი მამაკაცების ყველაზე დიდი ნაკლი რა არის?

- ვერ ვიტან, როცა დედას აგინებენ და თან, ამტკიცებენ, რომ დედა ყველაზე მეტად უყვართ. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში ეს სენი მთელ საქართველოს მოედო.

- დაბოლოს, რაში მდგომარეობს ბედნიერი ოჯახის საიდუმლო?

- ერთი რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, მაინც გავიმეორებ: ბედნიერი ოჯახის საიდუმლო ურთიერთპატივისცემაშია.

ხათუნა ჩიგოგიძე
zura
10 ნოემბერი 2017 10:46
ნინა თუ ნინო?
nn
10 ნოემბერი 2017 10:25
სტატიის წაკიტხვა მეზარება და მხოლოდ სათაურს გამოხმაურები. და თუ გვიყვარს რომ არ ვაწყენინოთ არ ჯობია? და საპატიებელიც არაფერი ექნება..სულ მესმის აპატიებ აპატიებ თუ გიყვარს
lll
09 ნოემბერი 2017 19:58
ამ მსახიობ ქალბატონს ნინო ქვია და ნინა როდის მერე გახდა?რა მოდა შემოვიდა,ნინა არა ნადეჟდა,ოჯახს კი ბედნიერებას ვუსურვებ დიდხანს.

რედაქტორის რჩევით