ძია ლიოვას ლარივით გასწორებული ვალტორნა - კვირის პალიტრა

ძია ლიოვას ლარივით გასწორებული ვალტორნა

"გია იმდენად იყო მოწყურებული ფეხბურთის თამაშს, რომ ვალტორნა ფუტლარშიც არ ჩაუდვია, იქვე კედელზე მიაყუდა და მოედანზე გამოვარდა. ამ დროს დაიდო ჯარიმა, რომელსაც ვურტყამ მე... ეს მთელი ძალით დარტყმული ბურთი აიჭრა ფეხიდან, მოხვდა გიას ვალტორნას და კარგა გვარიანად შეჭეჭყა.გადაირია გია, ამის ხელოსანი ჩვენთან არ არის, არადა, გამოცდა მაქვს ორ კვირაშიო. მე გავაფუჭე და მე გავაკეთებ-მეთქი - დავამშვიდე ყველა და ძია ლიოვას მივადექი..."

მუსიკოსი და ფოლკლორისტი გია ბაღაშვილი ყოველთვის გამოირჩევა სახალისო ისტორიებით და როდესაც მანქანის ხელოსანთან დაკავშირებული ამბების მოძიება დამავალეს, პირველი მას დავუკავშირდი.

გია ბაღაშვილი: - ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე, სადაც შემოქმედებითი თვალსაზრისით მუდამ თავისუფალი გარემო იყო - იზიდავდა თავისუფლების მოყვარულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს.

ჩვენს რიგებში არა მარტო მუსიკაში, სპორტში გამორჩეულ მოსწავლეებსაც ნახავდით. გავიყოფოდით ორ გუნდად და შეჯიბრება გვქონდა კალათბურთსა თუ ფეხბურთში.

ერთ დღეს ფეხბურთს ვთამაშობთ პარალელურ კლასთან. აქვე აღვნიშნავ, ჩვენი ფეხბურთი, მუსიკოსების ფეხბურთს ნამდვილად არ ჰგავდა. მოკლედ, აზარტი პიკშია და ამ დროს გამორბის ჩვენი აწ განსვენებული მეგობარი, ძალიან კარგი ადამიანი გია ბიწაძე, რომელიც არეულობის წლებს შეეწირა. არაჩვეულებრივად თამაშობდა ფეხბურთს და ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრდება მუსიკაში გაკვეთილს და შემოგვიერთდებოდა. გია ვალტორნაზე უკრავდა. ეს არის სპილენძის ჩასაბერი დახვეული საკრავი, რომელიც სხვა ჩასაბერი ინსტრუმენტებისგან გამორჩეულია და ორიგინალური ფორმა აქვს. იმდენად იყო გია მოწყურებული თამაშს, რომ ინსტრუმენტი ფუტლარშიც არ ჩაუდვია, იქვე კედელზე მიაყუდა და მოედანზე გამოვარდა. ამ დროს დაიდო ჯარიმა, რომელსაც ვურტყამ მე...

- ბურთი ზუტად ვერ დაარტყით?

- ზუსტად კი არა, საერთოდ ვერ დავარტყი! ეს მთელი ძალით დარტყმული ბურთი აიჭრა ფეხიდან, მოხვდა გიას ვალტორნას და კარგა გვარიანად შეჭეჭყა. შეიჭეჭყაო - გადაირია გია. ახლა ამას რა გააკეთებს, ამის ხელოსანი ჩვენთან არ არის, არადა, გამოცდა მაქვს 2 კვირაშიო - იყო ერთ ამბავში. მე გავაფუჭე და მე გავაკეთებ-მეთქი - დავამშვიდე.

ერთი ჩვენი მეგობარი, რომელიც ასევე ჩასაბერ ინსტრუმენტზე უკრავდა, მოვიდა და მითხრა: ამის ხელოსანს მართლა ვერ ნახავ, მიიტანე მანქანის "ჟესტიანჩიკთან" და გაასწორებს. ჩვენც ასე ვიქცევითო. მისი დარიგება ჭკუაში დამიჯდა.

ვაკეში კარგი სახელოსნო მეგულებოდა და მივედი ძია ლიოვასთან. უბანში ყველა მას ანდობდა მანქანას. ძია ლიოვა, პრობლემა მაქვს-მეთქი. რა იყო, შვილოო? - მზრუნველი სახით ამომხედა. აი, რა დღეშია ვალტორნა, შეძლებ, რომ გაასწორო-მეთქი? ახედ-დახედა და... ჰო, რა ვიცი, დატოვე და ორშაბათს გამოიარეო.

პარასკევი დღე იყო. ორშაბათს დათქმულ დროს მივედი. აბა, ძია ლიოვა, გაასწორეთ ვალტორნა-მეთქი? კი, შვილო, აგერაა აყუდებულიო და სადღაც ზემოთ აიხედა. გავაყოლე მზერა და რას ვხედავ - გრძელი, დაახლოებით 3-მეტრიანი ბუკი არ აყუდებულა კედელზე?! აი, ეს დახვეული ვალტორნა, ჩემო ბატონო, ძია ლიოვამ, ლარივით გასწორებული დამახვედრა. ელდა მეცა, ეს რა გიქნიათ-მეთქი?!

მაშ, რა გეგონა, ძია ლიოვას გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, 2 "სუტკა" მოვუნდი, ძალიან კი მაწვალა, მაგრამ მაინც გავასწორეო. საფინალო ფრაზა კი უფრო ფანტასტიკური იყო - შენ ეს მითხარი, ეგეთ რა ავარიაში მოყევით, რომ ასე იყო დახვეულიო...

რაღას ვიზამდი, 15 წლის ბიჭს რა შემოსავალი მქონდა? მამაჩემმა ახალი ვალტორნა შეიძინა ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო.

ეკა სალაღაია