"დირექტორმა დამირეკა, თქვენს შვილს უთხარით, ნუ შეუერთდება აქციას, ხომ იცით, ოქროსმედალოსანიაო..."
23-10-2017
"დირექტორმა დამირეკა, თქვენს შვილს უთხარით, ნუ შეუერთდება აქციას, ხომ იცით, ოქროსმედალოსანიაო..."
სკოლაში დირექტორთან შესახვედრად მივედი და ზარიც­ დაირეკა. შენობიდან გამოსულმა ბიჭმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და გააბოლა, მანდატურმა კი თავი იმით იმართლა, შენიშვნა ხომ მივეციო

გასულ კვირას თბილისის 67-ე სკოლაში მეთორმეტეკლასელების ნაწილმა ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას დასაცავად აქცია­ გამართა - მათი თქმით, მასწავლებელი დირექტორის, მარიამ თავართქილაძის, ზეწოლის მსხვერპლია. სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი აცხადებს, რომ დოდო კეზუა მოსწავლეებს ფიზიკურად­ შეურაცხყოფს, რის გამოც საჩივრებიც დაიწერა, აქციის მონაწილეები კი ამბობენ, დირექტორი მასწავლებელს სკოლიდან ბავშვების
განცხადების საფუძველზე უშვებს, რომელიც მათ იძულებით დააწერინაო.

აქციის მეორე დღეს სკოლაში დირექტორთან შესახვედრად მივედი და ზარიც­ დაირეკა. შენობიდან გამოსულმა ბიჭმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და გააბოლა, მანდატურმა კი თავი იმით იმართლა, შენიშვნა ხომ მივეციო. ამასობაში დირექტორმა შეხვედრაზე უარი მითხრა­ - სკოლაში სიმშვიდეა, გუშინ რამდენიმე მოსწავლე
გარეთ რომ გამოვიდა, ეს სასწავლო პროცესის შეფერხებას არ ნიშნავსო.

- ითქვა, რომ თქვენ და ქიმიის მასწავლებელი დაპირისპირებული ხართ.

- არ არის მართალი.

- თქვენს ლოდინში თვალს ვადევნებ აქაურობას - მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე როგორ ეწევა სიგარეტს.

- მაგაზე ვერაფერს გეტყვით...

ამის შემდეგ ქიმიის მასწავლებელს, დოდო კეზუას დავუკავშირდი:

- ახლა შეუძლოდ ვარ, მაგრამ რამდენიმე დღეში დავბრუნდები სკოლაში, მე არაფერი დამიშავებია!

- როგორც ამბობენ, ბავშვებზე ძალად­ობთ.

- ეს იყო დირექტორისა და კლასის­ დამრიგებლის გათამაშებული სპექტაკლი.

- თქვენ და დირექტორს ხომ არ გიჩხუბიათ?

- დირექტორი 3-4 წელია, დაპირისპირებულია პედაგოგებთან. ყველას უთვალთვალებს. დროდადრო ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვებს ეკითხებოდა, რას აკეთებდით ამა და ამ მასწავლებ­ლების გაკვეთილზეო. ერთხელ ოთხ გოგ­ონას­ უთხრა, დამიწერეთ, რა ხდებოდა­ გაკვეთილზეო. ბავშვებმა მოიმიზეზეს, ზარი იყო და დაგვიანებისთვის დოდო მასწავლებელმა გვისაყვედურაო. მერე ეს ამბავი მიამბეს...
მეორე დღეს ისევ შეუყ­ვანია ბავშვები კაბინეტში - ჩემს სკოლაში რასაც­ მინდა, იმას გავაკეთებ, გირჩევნიათ, დაწეროთო. ამ ფაქტის გამო შეშფოთება არ დამიმალავს და დირექტორს ყველაფერი ვუთხარი, რაზეც მან ცინიზმით მიპასუხა... ამიტომ დავრეკე სახალხო დამცველის აპარატში. დადგინდა, რომ ბავშვები­ მართალი იყვნენ.

აუდიტის დასკვნით, დირექტორი უნდა გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან. გუშინდელი ინციდენტი კი იყო მისი პასუხი - ჩემს გაშვებამდე დოდოს გავუშვებო. მაბრალებს, ბავშვებზე ძალადობსო. ადვოკატი ავიყვანე, მინდა, სამართლებრივი გზით ჩემი უდანაშაულობა საჯარო გავხადო. 44 წელია სკოლაში ვმუშაობ და ამისთანა არაფერი მინახავს.

"ერთმა­ ბავშვმა გვითხრა, თუ არ შეწყვეტთ პროტესტს, თქვენს დამრიგებელს გაათავისუფლებენო. დამრიგებლის სანახავად შევედით სკოლაში და მერე დირექტორმა უკან აღარ გამოგვიშვა"

თ. ს., მეთორმეტეკლასელი, აქციის მონაწილე:
- მერვეკლასელ ბავშვებს­ ძალით დააწერინეს, თითქოს მათზე ძალადობდა დოდო მასწავლებელი.
- ვინ გითხრათ, ძალით დააწერინესო?
- თავად მითხრეს, დამრიგებელმა გაგვაფრთხილა, თუ არ დაწერთ, სკოლიდან გამაგდებენო, დამრიგებელი შეგვეცოდა და დავწერეთო. ამის შემდეგ სამეურვეო საბჭომ დოდო მასწავლებლის გათავისუფლება გადაწყვიტა, რაც გავაპროტესტეთ.

ა. მ., მეთორმეტეკლასელი, აქციის მონაწილე:
- დოდო მასწავლებელი­ ძლიერი პედაგოგია. რამდენიმე ბავშვს,­ ვინც ვერ ემზადებოდა გამოცდისთვის, დოდო მასწავლებელი დამატებით იბარ­ებდა, რომ დახმარებოდა. კეთილი და მზრუნველი ადამიანია.
აქციის დროს ერთმა­ ბავშვმა გვითხრა, თუ არ შეწყვეტთ პროტესტს, თქვენს დამრიგებელს გაათავისუფლებენო. დამრიგებლის სანახავად შევედით სკოლაში და დირექტორმა უკან აღარ გამოგვიშვა.

იმ მერვეკლასელებს, რომლებმაც დოდო მასწავლებელზე ცუდი დაწერეს, დამრიგებლისთვის უსაყვედურიათ, ხომ დაგვპი­რდით, ჩვენი დაწერილი საიდუმლოდ დარჩება და გარეთ არ გავაო."ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, დოდო მასწავლებელი მოძა­ლადე არ არის, არც ის არის მართალი, თითქოს ჩვენს თანაკლასელს ჩანთა გაუფუჭაო.

"გეოგრაფიის პედაგოგს ჩემი შვილი გაუფრთხილებია, ნეიტრალური პოზიცია დაიჭირეო. ამის უფლება არა აქვთ პედაგოგებს"

მანანა აბრამიშვილი, მშობელი: -აქციის წინადღეს ბავშვები იყვნენ ჩვენთან ოჯახში სტუმრად. ყური მოვკარი, აპროტესტებდნენ, პედაგოგს არასწორად ექცევიანო. მეორე დილით სამსახურში დამირეკა დირექტორმა, იქნებ თეკლას უთხრათ, ნუ შეუერთდება აქციას, მეთორმეტეკლასელებს ამის დრო არ უნდა ჰქონდეთ, რეპეტიტორებთან უნდა დადიოდნენ, ხომ იცით, თქვენი შვილი ოქროსმედალოსანიაო.
თუ ბავშვები თავისუფალ აზრს გამოხატავენ, თქვენ ეს ხელს რატომ უნდა გიშლიდეთ-მეთქი. მიპასუხა, გთხოვთ, თეკლას დაელაპარაკოთ და წაიყვანოთ აქედანო. ეს იყო და ეს.

გეოგრაფიის პედაგოგი მოსულა ჩვენთან და ჩემი შვილი გაუფრთხილებია, ნეიტრალური პოზიცია დაიჭირე და ისე ილაპარაკე, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდესო. ამის უფლება არა აქვთ პედაგოგებს.
სკოლაში პედაგოგების ნაწილი ცალკეა, დირექტორი და რამდენიმე, სხვათა შორის, სუსტი პედაგოგი - ცალკე. ეს გათიშულობა დირექტორის ბრალია. ბავშვები არასდროს იტყვიან ტყუილს და თავიანთ სიმართლეს გაიტანენ.

"გადაღლილი მასწავლებლის"ფენომენი ნამდვილად გვაქვს"


გიორგი გახელაძე, განათლების ექსპერტი:

- თბილისის 67-ე სკოლაში რაც ხდება, ამის ლაიტმოტივი ძალადობაა. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისთვის დამახასიათებელი ძალადობის თემა გამომზეურდა და საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა. სამწუხაროა, რომ სკოლაში არსებული ძალადობა, ჩაგვრა, ხშირი დისკუსიის საგანი არ ხდება. ეს არის საზოგადოებრივი ნიჰილიზმი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში.
ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვთა ძალადობაზე სულ ორი კვლევა ჩაატარა (2007 და 2013 წელს), რომელთა მიხედვითაც, ბავშვზე და ბავშვთა შორის ძალადობა­ უფრო მეტად სხვა ლოკაციებში აღინიშნება,­ ვიდრე სკოლაში. სახალხო დამცველის ბოლოდროინდელი ანგარიში კი გვამცნობს, რომ სკოლაში ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტები 17%-ში მერყეობს. ეს დასაფიქრებელია. არადა, სკოლებში ბავშვებზე ძალადობის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები სხვადასხვა პროგრამით გაიარეს.

- ჩანს, ამან ნაყოფი არ გამოიღო.

- შედეგით ჩანს, რომ დიდად ვერ გამოგვდგომია. ჩვენს სამსახურში მაგისტრები ყოველწლიურად კვლევებს ატარებენ. 14-15 კვლევიდან 3-4 სკოლაში ძალადობის შესამცირებელი გზების ძიებას უკავშირდება. სკოლებში გავრცელებულია ჩაგვრა-დამცირება მოსწავლეთა შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, დირექციასა და სამასწავლებლოს შორის. ყველაზე ფარული და აუღიარებელი ბულინგის ფაქტები გვაქვს უფროსებს შორის.

- ძალადობის მიზეზების განხილვისას ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი უდისციპლინოა, ან მასწავლებელი დაიღალა...

- ბავშვი უმართავიაო - ეს ჩვენს სასკოლო საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზრია. პედაგოგები ფიქრობენ, რომ ქცევა-ნორმები ბავშვს ოჯახში უნდა განუვითარონ, მასწავლებლების პასუხისმგებლობა კი სკოლის ფარგლებს არ სცდება. სამასწავლებლოებში ქცევისა და დისციპლინის ნორმად მორჩილება აღიქმება. ხშირად­ გვსმენია ძალადობის გამართლება - პედაგოგი ოჯახური საზრუნავითა და პრობლემებით­ არის გადაღლილიო. გადაღლილი მასწავლებლის"ფენომენი ნამდვილად გვაქვს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მასწავლებლის საშუალო ასაკი ჩვენში 47 წელზე მეტია. ახალგაზრდებს არ უნდათ პედაგოგობა, რაც განპირობებულია ეკონომიკური ფაქტორით - მასწავლებელთა ანაზღაურება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ესეც ღლის, აბრაზებს პედაგოგს. ის, რაც ძველმა მასწავლებლებმა იციან, როგორც უსწავლიათ და გამოუცდიათ, დაფუძნებულია მორჩილებასა და მხოლოდ ხელის აწევით სიტყვის უფლებაზე. დღეს სკოლაში ყველაზე დიდი დეფიციტი კრიტიკული აზროვნებაა.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები