ლიკას უკანასკნელი სახსოვარი...
23-10-2017
ლიკას უკანასკნელი სახსოვარი...
"ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზე გადმოვცე პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ არავისას არ ჰგავდეს"

"რე" პრეფიქსი, "რე" ინკარნაცია, ანუ ვისი ს(ხე)ული გსურს?" - ასეთ არაორდინარულ სახელს ატარებდა ლიკა ქავჟარაძის გამოფენა, რომელიც 19 ოქტომბერს "არტ გალერეა"ვაკის" მოკრძალებულ საგამოფენო სივრცეში გაიხსნა. მსახიობი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, თუმცა, არ დასცალდა - გამოფენის გახსნამდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა...

"რეინკარნაცია", "მტრედზე შეყვარებული ბუ", "შავი ხვრელი" - ეს ლიკას ნახატების არასრული ჩამონათვალია. გამოფენაზე მსახიობის ფერადი,
ნათელი და გრძნობებით სავსე სულ 24 ნამუშევარია. გახსნას მსახიობის მეგობრები, ახლობლები, კოლეგები, მისი სილამაზის, ნიჭისა და ტალანტის თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

ხატვა 30 წლისამ, დედის გარდაცვალების შემდეგ
დაიწყო. "ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლისკენ, საკუთარი თავის ძიებისკენ. ახლა ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზე გადმოვცე პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ არავისას არ ჰგავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ნამუშევრები შეაფასოს საზოგადოებამ, მხატვრებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა", - აღნიშნავდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
19 ოქტომბერს ლიკას სურვილი ახდა!

ეკა რაისნერი, "არტ გალერეა ვაკის" დამფუძნებელი:
- ეს გამოფენა ლიკას სიცოცხლეში დავგეგმეთ. სამწუხაროა, რომ მის გარეშე, მაგრამ ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული.

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი: -
ვამბობდი და, მგონი, არ შევმცდარვარ - გამოფენაზე რომ მივალთ, ლიკა დაგველაპარაკება-მეთქი. მართლაც, თითოეულ ნახატში ლიკას ხასიათი ირეკლება. ფერებით დაწყებული, მონახაზით დამთავრებული, ყველაფერში იგრძნობა მისი განწყობა. კარგი იქნება ერთი კვირა ლიკასთან საუბარი.

- მსახიობის ვაჟი დაესწრება გამოფენას?

- ლიკას ვაჟი გუშინ გაფრინდა ამერი­კაში. ძალიან მინდა დედაჩემის ნახატები ოჯახში დარჩესო, მითხრა, ლიკას კი თავისი ნამუშევრების გაყიდვა სურდა, მაგრამ... დღეს ის აღარ არის და ამ ნახატებმა სხვა დატვირთვა შეიძინა. ნახატები ოჯახში დარჩება, როგორც ლიკას უკანასკნელი სახსოვარი.

ია მაქაცარია, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი: -
მიმ­ძიმს ლიკაზე საუბარი. მიუხედავად ამ ტრაგედიისა, გამოფენა მაინც შედგა. განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დღისთვის. მე არ ვიცნობდი ლიკა ქავჟარაძის შემოქმედების ამ წახნაგს და მისი ნამუშევრებით მოხიბლული დავრჩი. ძალიან მინდოდა ეს გამოფენა შემდგარიყო. შედგა კიდეც, სამწუხაროდ, ლიკას გარეშე.

ნატო სირბილაძე, მხატვარი: -
მოლოდინსაც კი გადააჭარბა, იმდენად არაჩვეულებრივი გამოფენაა. რამდენიმე ნახატი განსაკუთრებით მომეწონა. ლიკა ამბობდა, მინდა, მხატვრობაში არავის ვგავდეო. ამ ნახატებით მისი სულის­ სიღრმე გადმოგვცა. მართლაც, ლიკას შემოქმედება არავისას ჰგავს, უნიკალურია. როგორი ლამაზი ადამიანიც იყო, სულიც ასეთი ჰქონდა და ეს გამოფენაც ასეთია...

ეკა მამალაძე, მომღერალი: -
ლიკა პოზიტიური და ლამაზი ადამიანი იყო, სიკეთით და განწყობით ცხოვრობდა, რაც მის ნახატებშიც იგრძნობა. ყველას ძალიან უყვარდა. მე და ლიკა 13 წლიდან ერთად მოვდიოდით, უახლოესი მეგობრები ვიყავით. მძიმეა ლიკას სამყაროში მის გარეშე მოგზაურობა.

კირა ანდრონიკაშვილი, მსახიობი:
- განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ნამუშევარი სახელწოდებით "შავი ხვრელი". აქ სრულიად არის წარმოდგენილი ლიკას ნიჭის, სილამაზის, სურვილებისა და ოცნებების გამა. მარაოსავითაა - თავადაც მარაოსავით იყო, ისეთ ლამაზ და საოცარ მარაოსავით, დაკეცვა რომ არ გინდა. ბედნიერი ვარ, რომ ახლოს ვიცნობდი და ძალიან უბედური, ასეთი ლამაზი ადამიანი რომ გამოგვაკლდა."

მაია ელიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე: -
ლიკამ პირველი პერსონალური გამოფენა 2008 წელს მოაწყო. 6 თვეში მეორეც გამართა. ახლა ეს გამოფენა ისე უხაროდა, ვერ წარმოიდგენთ - სულითა და გულით ელოდა. აქ რომ ყოფილიყო, უბედნიერესი იქნებოდა.

გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:
- ეს გამოფენა ტკივილნარევ სიხარულს იწვევს. ერთი მხრივ გვიხარია, რომ ლიკას დღეა, მეორე მხრივ - ბედის უსამართლობაა, რომ მის გარეშე გაიხსნა. რაც აქ ვნახე, მის კრეატიულ ბუნებას ასახავს, შემოქმედებით ხედვასა და ნატურას. არ დასცალდა, რომ ეთქვა: "მე მხატვარი ვარ". ეს ნამუშევრები იმაზე მეტყველებს, რომ ლიკას ამის თქმის უფლება ნამდვილად ჰქონდა...
გამოფენაზე ასევე წარმოადგინეს სხვა­დასხვა მხატვრის მიერ შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტები, რომლებიც 26 ოქტომბერს, გამოფენის დახურვის დღეს გაიყიდება.

ლიკა ქავჟარაძის გამოფენის ორგანიზატორი თბილისის მერიაა.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით