"ლიკა ისეთი­ ლამაზი იყო, ტალახის სასროლად ვერ ვიმე­ტებდი"
11-10-2019
"ლიკა ისეთი­ ლამაზი იყო, ტალახის სასროლად ვერ ვიმე­ტებდი"
"დრო მიდის, კადრები კი რჩება", - ამ სიტყვებით ვიწყებდი ლიკა ქავჟარაძესთან ინტერვიუს, რომელიც მისთვის ბოლო აღმოჩნდა. სამახსოვროდ უამრავი კადრი დაგვიტოვა. ლაღი, მომხიბვლელი, მოღიმარი და სიცოცხლით სავსეა ფილმში "პეპელა". ჩემს მეხსიერებაში სწორედ ამ ფილმით დარჩება ლიკა ქავჟარაძე. ხელისგულებზე რომ დაჰფარფატებდნენ, იმ პეპლებს დაედევნა და... გაფრინდა.
ინტერვიუზე დათმულ დროს ვეწვიე. თითქმის ორი საათი ვილაპარაკეთ. ყველაზე მეტად შვილიშვილზე საუბრისას უნათდებოდა თვალები. წუხდა, გავსუქდიო. წუწუნი არ სჩვეოდა, მაგრამ თქვა, რომ კომუნალური გადასახადების, წამლებისა და
საკვებისთვის ძლივს ჰყოფნიდა ფული. ფოტოს გადაღებაზე შეყოყმანდა - ჩამეძინა და სალონში ჩასვლა ვეღარ მოვასწარი, თმა რომ მომეწესრიგებინაო. დავპირდი, რომელი ფოტოც არ მოგეწონებათ, წავშლი-მეთქი და დავითანხმე...

სალონი, რომელიც ვახსენე, ლიკას სახლის ქვემოთ არის. იქ მსახიობი დღეში რამდენჯერმე ჩადიოდა. ზოგჯერ - მხოლოდ ყავის დასალევად. პირველად სწორედ მათ
მოუსაკლისებიათ - იცოდნენ, რომ მთელი დღით ფანჯრისა და აივნის კარის ღიად დატოვება არ უყვარდა. მერე ლიკას ბიძაშვილი გურამ ფალავანდიშვილი მივიდა და... გარდაცვლილი იპოვა... ნათესავები და ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ხშირად აწუხებდა დეპრესია და, როგორც ამბობენ, თავის მოკვლაც არაერთხელ უცდია.

ბოლო ხანს მეტწილად შინ იყო და ხატავდა.

2017 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა, 14 ოქტომბერს მსახიობი უკანასკნელ გზაზე მთელმა საქართველომ გააცილა.

"გახდომას აპირებდა და რაღაც აბებს სვამდა..."

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი: "ნატვრის ხის" გადაღებისას დავუახლოვდი­. მერე ზოგჯერ ვხვდებოდით, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. გამოფენისთვის ემზადებოდა. ნახატები უკვე ჩარჩოებშია ჩასმული. გარდაცვალების წინ,
ღამის 2 საათზე დამირეკა, მოგეხმარები ნახატების გადატანაშიო. დაწყნარდი, შენ სახლში იყავი, მაგაზე როგორ გაწვალებ-მეთქი.

დილიდან ველოდი, მაგრამ არ დამირეკა.­ 3 საათზე მე დავურეკე - არ მიპასუხა. თურმე, უკვე გარდაცვლილი იყო. საღამოს ვიფიქრე, ავუვლი-მეთქი. მის სახლს რომ მივუახლოვდი, ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, სად ხარო. რომ გაიგო­, ლიკასთან ავდიოდი - ვაიმე, მამა, არ ახვიდე, გარდაიცვალაო. ელდისგან სადარბაზო ამერია. როგორ ავედი, არ მახსოვს.


2017 წლის 19 ოქტომბერს გამოფენა მაინც გაიხსნა, სამწუხაროდ, ლიკას გარეშე. ფილმის გადაღებასაც ვგეგმავდით. გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით მრავალი ვერსია გაჩნდა. მინდა ვთქვა, რომ არავითარი დეპრესია არ აწუხებდა. სტიმული ჰქონდა, ათასი გეგმა, მაგრამ გულმა უღალატა. დილით პროდუქტები­ უყიდია სალათის მოსამზადებლად. მერე, ეტყობა, ცუდად გახდა და ხალათმოცმული მიწოლილა. ექსპერტიზამ გამორიცხა საწამლავი, ნარკოტიკული ნივთიერება, ანტიდეპრესანტული მედიკამენტები. ეს იყო გული! გახდომას აპირებდა და რაღაც აბებს სვამდა, თუმცა ყველა კითხვას ექსპერტიზა გასცემს პასუხს.
ლიკა ჩემთვის სისპეტაკის, სისუფთავისა და გულკეთილობის განსახიერებად დარჩება. შტერულად გულკეთილი და ძალ­იან მორცხვი იყო. ამბობენ, ბოლო წლებში ჩაკეტილი იყოო. ლიკას ნახატებში კი ნათლად ჩანს, როგორ ხასიათზეც იყო"...

"მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან და... ლიკას ასეთი სასაცილო რამეები არ დამართნია"

ნანა ჯანელიძე, რეჟისორი: "ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებული სოფლების სკოლებშიც კი. ერთ მშვენიერ დღეს თენგიზ აბულაძე სტუდიაში­ შემოვიდა, ამწუთას ეზოში მარიტა და გედია ვნახეო. ლიკა და სოსო რეზო გაბრიაძის ფილმის გამო სტუდიაში ყოფილან და შემთხვევით გადაყრიან მას. მერე ჩვენც გავიცანით ლიკა. მომაჯადოებელი იყო, თან - სადა, არაპრანჭია. გადაღებისას სიღნაღში ვცხოვრობდით. ლიკა მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა და საჭირო იყო, ყოველდღე ემეცადინა, ამიტომ მისთვის სიღნაღის მუსიკალური სკოლა დილის 7 საათზე იღებოდა. დღეში 2-3 საათი მეცადინეობდა. იყო ძალიან მოწესრიგებული, მხიარული, გულღია. ხანდახან მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან და... მაგრამ ლიკა ისეთი ოჯახის შვილი იყო, შეუძლებელია, ასეთი სასაცილო რამეები დამართნოდა".

"ისეთი ლამაზი იყო, ტალახის სასროლად ვერ ვიმეტებდი"

ბერტა ხაფავა, მსახიობი: "თვალწინ მიდგას, "ნატვრის ხის" გადაღებაზე რომ ვნახე ეს პატარა გოგო, ულამაზესი, დიდი თვალებით შემოგვყურებდა. ხან ბებია ახლდა, ხან - დედა. ლიკას ბიძა, გეიდარ ფალავანდიშვილიც ხშირად აკითხავდა ამ ანგელოზს. კოლელიშვილიც და ჯაჭვლიანიც - ეს პატარა ბიჭები, შესციცინებდნენ, პატივს სცემდნენ! ისე კი არა, როგორც ქალს - როგორც ფერიას! ისეთი­ ლამაზი იყო, ტალახის სასროლად ვერ ვიმე­ტებდი. ბოლოს რამდენიმე წლის წინ ტელევიზიაში­ შევხვდით. მითხრა, ცუდად ყოფნისას რამდენჯერმე თავის მოკვლა დავაპირეო". (იხილეთ სრულად)


dodo
23 ოქტომბერი 2017 20:54
ნათელში მისი ლამაზი სული. სანამ ცოცხალი იყო რატომ არაფერს ამბობდით ,ან არ აკითხავდით,ან მორალურად არ ეხმარებოდით????
ბესო
23 ოქტომბერი 2017 17:03
ნათელში ყოფილიყოს მისი ულამაზესი სული, ულამაზესიც იყო უბრალოც და მოსიყვარულე, ის ტალახი რაც სახეზე აქვს ისიც ლამაზია, ასე რომ ქ-ნმა ლიკამ დიდი სიყვარული და გულისტკივილი დაგვიტოვა იმ მრავალრიცხოვან ადამიანებს, კარგი იქნებოდა ბევრმა რომ გაითვალისწინოს ის ყველაფერი რაც ქ-ნ ლიკას ახასიათებდა, პირველ რიგში უბრალოება და ადამიანის სიყვარული.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?