"მთელი სამყარო აქ მაქვს" - კვირის პალიტრა

"მთელი სამყარო აქ მაქვს"

"ხალხის ემოცია მათამამებს, ოღონდ თავში არ მივარდება"

"ფიგურების შექმნისას ვიყენებ ბრინჯაოს, ქვას, რკინას, ძვლებს, რქებს... მათი კომბინაცია ძალიან მომწონს"

მისი ნამუშევრების დასათვალიერებლად სულაც არ არის საჭირო სახელოსნოში მისვლა. გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე და ფიგურები თავად გიამბობენ მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილზე. ოპერის ბაღში შადრევნიდან თავს დაგიკრავენ "ბალერინები", ოქროყანისკენ მიმავალს "მაგდანა" და "ლურჯა" გაგიწევენ მეგზურობას, მშრალ ხიდზე უცნობი მხატვრის ქანდაკება მიიპყრობს თქვენს ყურადღებას... რამდენიმე დღის წინ ლევან ბუჯიაშვილის ნამუშევრებს ლუვრი მასპინძლობდა. "კვირის პალიტრა" მას საფრანგეთში გამგზავრების წინ გაესაუბრა.

- ეს ლუვრში ჩატარებული მესამე გამოფენა იქნება ჩემთვის... ამ საერთაშორისო გამოფენაში 500 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს და 100 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს. ქართველებიდან მე, მხატვრები - ლელა ტაბლიაშვილი, გიორგი ტაბლიაშვილი და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე დარეჯან ბერეკაშვილი ვმონაწილეობთ. ნოემბრის დამდეგს გიორგი ტაბლიაშვილთან ერთად ბორდოში მაქვს დაგეგმილი გამოფენა, შემდეგ კი შვეიცარიის ქალაქ მონტროში.

- ბევრს არა აქვს ლუვრში გამართულ გამოფენაში მონაწილეობის პატივი.

- გამიმართლა. ძალიან გახარებული ვარ, ისეთ სივრცეში გამოიფინება ჩემი ნამუშევრები, რომელიც ხელოვნების ცენტრია. ამასთან, თანამედროვე ტენდენციებს ვეცნობი, რა მიმდინარეობებია დღეს მოდური. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ყველაფრით გვეხმარებიან ჩვენი საელჩო, იქაური სათვისტომო.

გამოფენის დაწყებამდე იბეჭდება კატალოგები, ტარდება საინფორმაციო კამპანია. დანომრილია ყველა სივრცე და დამთვალიერებელმა იცის, სად ვისი ნამუშევრების ნახვა შეიძლება. შემთხვევითი გამვლელი იქ არ შემოვა, ის ხალხი მოდის, ვინც იცის ხელოვნების ფასი. ტრაბახში ნუ ჩამითვლით და, ძალიან მოეწონათ ჩემი ნამუშევრები. ხალხის ემოცია მათამამებს, მაგრამ თავში არ მივარდება... მიხარია, რომ 500 ხელოვანიდან რამდენიმეწამიან კლიპში ჩემი ნამუშევრებიც მოხვდა.

განათლებით არქიტექტორი ვარ. ფიგურების შექმნისას ვიყენებ ბრინჯაოს, ქვას, რკინას, ძვლებს, რქებს... მათი კომბინაცია ძალიან მომწონს. ერთი ნამუშევრის დასრულება მეორის დაწყების წინა პირობაა. ბოლო პერიოდში თეფშებს ვჭრი და მისი ნაწილების სპილენძთან შეხამება მომწონს. მოტივები ხასიათის მიხედვით მოდის.

ხომ გაგიგიათ, თუ გინდა, ბედნიერი იყო, ჰობი უნდა გაიხადო ყოველდღიურ საქმიანობადო. ასე ვარ მეც - ყოველი დილა მიხარია, მთელ დროს სახელოსნოში ვატარებ, მთელი სამყარო აქ მაქვს. ჩემი მეგობრები აქ მოდიან. მოკლედ, ბედნიერი ვარ!

ეკა სალაღაია