ძია არტიომას სადალაქო და ერთგული მტრედები - კვირის პალიტრა

ძია არტიომას სადალაქო და ერთგული მტრედები

თბილისი ხომ პატარ-პატარა ლამაზი ამბების ქალაქია, ჰოდა, არ გამკვირვებია, როცა მის გარეუბანში, ვარკეთილის ზემო პლატოზე, ძველ ჯიხურში საპარიკმახეროს გადავაწყდი, რომლის ვიტრინიდანაც "ვიზაჟისტების" მაგივრად ფერად-ფერადი მტრედები იყურებოდნენ.

რკინის ჯიხურის გისოსებიან მინას ფრთხილად მივუკაკუნე - მეგონა, ვინმე გამაგონებდა. ვიფიქრე, ალბათ დალაქმა მტრედები კლიენტების მოსაზიდად და გასართობად მოაშენა, ან იქნებ მინიფერმა იყოს-მეთქი. ხმა არავინ გამცა, მტრედების საპარიკმახეროს შორიახლოს არავინ გამოჩენილა. იქვე სამარშრუტო ტაქსების გაჩერება შევნიშნე - ამაზე საიმედო წყაროს ასე უცებ სადღა ვნახავდი, სასწრაფოდ მას მივაშურე. ბიჭებმაც დაუზარებლად მიამბეს, რაც იცოდნენ.

წლების წინ ძია არტიომას (არტემ ამოევის) ეს ჯიხური სხვა ადგილას იდგა. ძია არტიომა ჩვენი უბნის დალაქი იყო, მტრედები ძალიან უყვარდა, სულ ხელიდან აჭმევდა საკენკს. დღეს ხუნდების დაფრთიანების დღეაო, გამოაცხადებდა და იმ დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდა, ამაღელვებელ სანახაობაზე მთელ უბანს ეპატიჟებოდა. მათთან ერთად ჭამდა და ეძინა, ეს იყო მისი სახლიც და სამსახურიც.

ძია არტიომა კარგა ხანია გარდაიცვალა, მაგრამ მტრედები აქაურობას მაინც არ ტოვებენ. ამ ბოლო ხანს ვიღაც ღვთისნიერი პატრონობთ. მტრედების ამბავი რომ გაუგია, ძველი ჯიხური შეუსყიდია თავის მტრედებიანად და აქ, სახლთან ახლოს გადმოუტანია.

ახალ მეპატრონეს იმაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა, რასაც საპარიკმახეროს დამტვერილი სარკმლიდან მომზირალი მტრედები ამბობდნენ... წამოსვლამდე ორი მათგანი სახურავზეც ამოფრთხიალდა და ღუღუნით რაღაც მითხრა. თითქოს მადლობა გადაუხადეს მოხუც კეთილ დალაქს იმისთვის, რომ შვილივით ზრდიდა მათ, მერე კი დაუნანებლად ლაჟვარდებს ჩუქნიდა...

კახა მჭედლიშვილი