"მუხლში ძალა მეძლევა, როცა შვილისთვის ვირჯები" - კვირის პალიტრა

"მუხლში ძალა მეძლევა, როცა შვილისთვის ვირჯები"

81 წლის გაგრია ჩეკურაშვილს მეტროსადგურ სარაჯიშვილზე შევხვდი. მძიმე, დაღლილი ნაბიჯებით გამოვიდა მატარებლიდან და სვენებ-სვენებით გააგრძელა გზა. მეუცნაურა, ქალაქის ორომტრიალში მწყემსურად მოკაზმული რომ დავინახე, ზურგიდან მივუახლოვდი და ესკალატორის ასასვლელში სანოვაგით დატვირთული რომ არ წაბორძიკებულიყო, მხარში ამოვუდექი, თან გამოველაპარაკე.

- თიანელი ვარ, შვილის მოსანახულებლად ჩამოვედი, ავად გამხდარა. ეჰ, თავის დროზე არ დამიჯერა ჩემმა შვილმა და არ ჩაჰბარდა პატრონს, არ გათხოვდა, არადა, ერთ ხარ-კამეჩად ვათხოვებდი (სიტყვა მოისწრო), დაიჟინა, უნდა ვისწავლოო, მას შემდეგ ვეღარ წავართვი ქალაქის კლანჭებს... ახლა კი ჩვენს მეტი მიმხედი არავინ ჰყავს. განა თავს ვიყვედრი, პირიქით, მუხლში ძალა მეძლევა, როცა შვილისთვის ვირჯები.

დიდუბის ბაზარში ორი თავი გუდის ყველი, 7 ნაღდი ნაბდის ქუდი და 7 წყვილიც თბილი წინდა გავყიდე, ამ ჩემს შვილს წამლები, პროდუქტები და ცოტა ფული უნდა დავუტოვო და დაღამებამდე უკან გავბრუნდე, სახლში დედაკაცი ალბათ თვალებგამოღამებული მელოდება.

...გარეთ მზე დასავლეთისკენ გადახრილიყო და აცივებულიყო, დამაშვრალი ბერიკაცი აღარ დავაყოვნე, დავემშვიდობე და ჯანმრთელობა ვუსურვე. მანაც ნამთევი, მოკუმული მხრები გაშალა, თვალებიდან ქორები დაიფრთხო - მიიხედ-მოიხედა. ჰაი, დედასაო, - ჩაილაპარაკა და გამართული ნაბიჯით თვალს მიეფარა.

კახა მჭედლიშვილი