"მაცუმოტოს მერიამ, პატივისცემის ნიშნად, ხის დარგვა შემომთავაზა. მას აბრაზე აწერია: "საქართველო, კარლო ქველაძე" - კვირის პალიტრა

"მაცუმოტოს მერიამ, პატივისცემის ნიშნად, ხის დარგვა შემომთავაზა. მას აბრაზე აწერია: "საქართველო, კარლო ქველაძე"

იაპონიაში ვენახები ხეივნებად არის გაშენებული. როგორც კი მტევნის ჩამოყალიბება იწყება, თითოეულს წყალგაუმტარი ქაღალდის ჩანთას წამოაცვამენ, რათა შეწამვლისას მტევანს ნიტრატი არ მოხვდეს. როდესაც დამწიფებას იწყებს, მეტი სინათლე სჭირდება, ამიტომ ქაღალდის ჩანთას გამჭვირვალე ჩანთით ცვლიან, უკვე სიმწიფეში შესულს კი ხსნიან და ქოლგასავით საფარს აფარებენ, რათა წვიმის დროს ვაზის ფოთოლზე შერჩენილი ნიტრატები არ ჩამოირეცხოს მტევანზე

ჟურნალისტებს ხშირად გვეძლევა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობების საშუალება. ჩემი რესპონდენტი იაპონური ამომავალი მზის ორდენის კავალერი, საქართველო - იაპონიისა და საქართველო-ჩეხეთის ასოციაციების პრეზიდენტი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი კარლო ქველაძე, სწორედ ასეთი პიროვნება გახლავთ. წელს ჩეხეთთან ურთიერთობის - 55, იაპონიასთან ურთიერთობის - 30 და დაბადებიდან 85 წელი უსრულდება, რასაც სულითა და გულით ვულოცავთ.

- სკოლა ოქროს მედალზე, პოლიტექნიკური ინსტიტუტი კი წითელ დიპლომზე დავამთავრე... სსრკ-ის ახალგაზრდული დელეგაციის წევრთა შორის გამაერთიანეს და 1960 წელს ინგლისში გაგვგზავნეს - უმაღლეს სკოლებს უნდა გავცნობოდით, როგორ სწავლობენ, ცხოვრობენ და მუშაობენ.

- და მერე სსრკ-ში მოგეყოლათ, რა ცუდად ცხოვრობენ საბრალო კაპიტალისტები და როგორი ბედნიერია საბჭოთაო?...

- გამამხიარულეთ... მახსოვს, შვედურ სუფრასთან მიგვიწვიეს. დავიბენით, ვიფიქრეთ, არ შევრცხვეთ-მეთქი და ფერად ქაღალდებში გახვეული თითო-თითო ყველაფერი ავიღეთ. გავხსენით წითელ ქაღალდში - ყველი, მეორე გავხსენით - ყველი, კიდევ - ყველი. ასე რომ, მაგრად ჩავიჭერით.

მოგვიანებით ამერიკაში გავემგზავრე. ჩემთან ერთად ნომერში მოსკოვის ცენტრალური არხის ტელეოპერატორი ცხოვრობდა. ერთ დღესაც დაღონებული დაბრუნდა. გაცოფებული ვარ, მთელი ქალაქი შემოვიარე და კაციშვილი ვერ ვნახე, საბჭოთა კავშირზე კარგი ეთქვა, რომ ჩამეწერაო.

ნიუ-ჰეივენში აეროპორტის რესტორანში შემოგვთავაზეს შესვლა. ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხელჩანთების შეტანა უხერხული ხომ არ იქნებაო, იკითხა. აგერ დაალაგეთ შესასვლელთანო, გვითხრა ამერიკელმა გიდმა და რადგან ჯგუფის ხელმძღვანელის რეაქცია არ მოეწონა, დაამშვიდა, ნუ გეშინიათ, არავინ წაიღებს, კუთხეში ფერადკანიანი რომ დგას, მათხოვარს კი ჰგავს, მაგრამ უშიშროების წარმომადგენელია, თქვენ გიცავთო.

- ჩეხეთში რა მიზნით აღმოჩნდით?

- ჩეხური კონსტრუქციის მანქანაზე გავაკეთე გამოგონება და საავტორო მოწმობა მივიღე, რის გამოც სამეცნიერო მივლინებით გავემგზავრე ჩეხეთში, "ბატიას" ფაბრიკაში. 60-იან წლებში სსრკ-ში საუკეთესოდ ითვლებოდა "ბატიას" ფეხსაცმელი. ტომაშ ბატია მეწაღე იყო, მერე დაიქირავა ხელოსნები და შექმნა ჯგუფი, მოგვიანებით კი უკვე მთელი მსოფლიოსთვის კერავდა. მოკლედ, როგორც იქნა, ჩავედი. ვდგავარ ბაქანზე, ხალხი წავიდ-წამოვიდა და მხოლოდ ერთი ხანში შესული მამაკაცი და ორი ახალგაზრდაღა დავრჩით. მივხვდი, მე მელოდნენ. მოგვიანებით ერთი მათგანი გამომიტყდა, თქვენთან შესახვედრად სტუდენტები გამოვუშვით, მაგრამ ვერ ამოგიცნესო. როგორ უნდა ამოვეცნე-მეთქი. მაგის ამოცნობას რა უნდა, ყველა საბჭოთა მოქალაქე ფართხუნა შარვლითა და გრძელი ლაბადით ჩამოდისო. მე ინგლისში ყოფნისას იქაურ მაღაზიებში შევიმოსე, ამიტომაც დავაბნიე ჩეხები... ჩეხეთშივე წავიკითხე წიგნი "100 შეხედულება იაპონიაზე" და ეს ქვეყანა შევიყვარე. ერთხელ მაცუმოტოში იაპონიის პრინც ტაკამოდოსთან შეხვედრის საშუალება მომეცა და ქართული ხმალი ვუსახსოვრე. ვიცი, რომ ქართველებს დიდი ტრადიციები და კარგი ღვინო გაქვთ, მაგრამ ხელოვნების ასეთ ნიმუშზე არაფერი ვიცოდიო, მითხრა და ხმალი ჩაიხუტა. მაცუმოტოს მერიის გადაწყვეტილებით, პატივისცემის ნიშნად, ხის დარგვა შემომთავაზეს. მას აბრაზე აწერია: "საქართველო, კარლო ქველაძე". ეს ძალიან მეამაყება.

იაპონიაში ძალიან უყვართ ყვავილები. ხშირად აწყობენ ყვავილების ფესტივალებს, ყველაფერზე ყვავილს სახავენ, ქვეყანაში შესასვლელად ვიზა რომ ჩაგირტყან, ბეჭედზეც ყვავილია გამოსახული.

ერთხელ ქალაქ იამანასში ჩავედი. მითხრეს, ვიცით, ღვინის ქვეყნიდან ხართ, არ გინდათ, რთველს დაესწროთო? იქ ვენახები გაშენებულია არა ზვრებად, არამედ ხეივნებად ისეთ სიმაღლეზე, რომ მტევანს თავისუფლად მისწვდე. როგორც კი მტევნის ჩამოყალიბება იწყება, თითოეულს წყალგაუმტარი ქაღალდის ჩანთას წამოაცვამენ, რათა შეწამვლისას მტევანს ნიტრატი არ მოხვდეს. როდესაც დამწიფებას იწყებს, მეტი სინათლე სჭირდება, ამიტომ ქაღალდის ჩანთას გამჭვირვალე ჩანთით ცვლიან, უკვე სიმწიფეში შესულს კი ხსნიან და ქოლგასავით საფარს აფარებენ, რათა წვიმის დროს ვაზის ფოთოლზე შერჩენილი ნიტრატები არ ჩამოირეცხოს მტევანზე.

იაპონიაში საშუალო სკოლა რომ დაამთავრო, 2001 იეროგლიფი უნდა იცოდე. მწერალი 8 ათასამდე იეროგლიფს იყენებს. მხოლოდ"მადლობა - გააჩნია, ხელოვნებაზე საუბრობ, მედიცინაზე თუ ლიტერატურაზე - სხვადასხვანაირად იწერება. მე 15 მადლობა ვიცი, ალბათ, მეტიც არსებობს.

იმ ქართულ წიგნებს შორის, რომელიც იაპონიაში ითარგმნა (ზოგი სკოლებშიც ისწავლება), ერთ-ერთი ოტია იოსელიანის "დაჩის ზღაპრებია", სახელწოდებით "მსოფლიოში ყველაზე მამაცი ბავშვი".

იაპონიაში ყველა ქარხანასა და ფაბრიკას თავისი ჰიმნი და სპეცფორმა აქვს. მუშაობას ჰიმნის შესრულებით იწყებენ, მერე ვარჯიშობენ, მერე მიდიან დაზგასთან და ეუბნებიან, გმადლობთ, რომ გუშინ ისე იმუშავე, წუნი არ გამოუშვი. იაპონელები ძალიან შრომისმოყვარენი არიან, დასვენების დროსაც კი მუშაობენ...

მსოფლიოს ორი მესამედი მაქვს მოვლილი. წარმოუდგენელი სილამაზისაა ავსტრალია. დედაქალაქში არც ერთი ქარხანა არ ფუნქციონირებს. გზების გასწვრივ საგზაო ნიშნებია: "ფრთხილად, კენგურუ!"

ახალ ზელანდიაში, ოკლენდში, ტრაპთან დაგვხვდნენ ორ რიგად ჩამწკრივებული ქალები, ყვავილებით სავსე კალათებით. ჩამოსულებს ყვავილებს ჩუქნიდნენ თხოვნით, სიგარეტი არ მოსწიოთო...

- 24 ოქტომბერს 85 წელი შეგისრულდათ?

- წლები გადის, მე კი ვრწმუნდები - ცხოვრებაში მთავარია, გიყვარდეს შენი საქმე და ერთგულად ემსახურო სამშობლოს.

ეკა სალაღაია