"მესამე შვილის გაჩენისთვის დაწესებული წახალისება - 150 ლარი აფხაზეთის ქართველობას არ ეკუთვნისო"(?!) - კვირის პალიტრა

"მესამე შვილის გაჩენისთვის დაწესებული წახალისება - 150 ლარი აფხაზეთის ქართველობას არ ეკუთვნისო"(?!)

ყველა ქართველმა ვიცით, რომ ქართველი ერის სასიცოცხლო პოტენციალი მილევის წინაშე დგას. თუ გამრავლება დღევანდელი ტემპით გავაგრძელეთ, 2050 წლისთვის ისედაც დაცოტავებული ქართველობა კიდევ 1 700 000-ით შემცირდება. ეს გაეროს ოფიციალური მონაცემია და გარდაუვალი დემოგრაფიული კატასტროფაა.

ამასობაში აფხაზეთიდან (გალიდან) მესამე შვილზე სამშობიაროდ ჩამოყვანილი გოგონა (ვინაობას არ გავამხელთ), სადაც ქართველისთვის გამრავლება კი არა, არსებობის შენარჩუნებაც კი გმირობაა, უკან, აფხაზეთში, თვალცრემლიანი წავიდა, - სახელმწიფოსაგან მესამე შვილის გაჩენისთვის დაწესებული წახალისება - 150 ლარი ვერ მიიღო - ეს თანხა აფხაზეთის ქართველობას არ ეკუთვნისო! არადა, მისთვის ეს მცირე თანხაც ჰაერივით იყო - აფხაზეთში დარჩენილი უფროსი შვილებისთვის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ყიდვა ჰქონდა განზრახული.

ამ ამბავმა მეც გული მომიკლა; მართალია, ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველები იმავე პრივილეგიებით არ სარგებლობენ, რითაც ენგურსგამოღმელები, თავზარს გცემს. გთხოვთ, კონკრეტულ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებს შეეხმიანოთ - იქნებ მათ შორის ერთი მაინც აღმოჩნდეს, ვისაც ეს ამბავი დააინტერესებს და სავარძელში წამოწოლილ სხვა მოხელეებს გამოაფხიზლებს!

ელენე კოკაია

ამ პრობლემაზე სასაუბროდ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამსახურის უფროსს, თეა გვარამაძეს დავუკავშირდით.

- ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 2014 წელს სახელმწიფოს მიერ მართლაც დაწესდა ფულადი დახმარება მესამე შვილზე მშობიარობის შემთხვევაში, რომელიც ასევე შეეხო 2013 და 2012 წელს დაბადებულ ბავშვებსაც. მაღალმთიან რეგიონებში ეს თანხა 200 ლარია. პროგრამა გათვალისწინებული იყო რეგიონებისთვის, სადაც მშობიარობა არ აღემატებოდა 200 ბენეფიციარს. 2017 წლიდან პროგრამას დაემატა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიც, რადგან აღმოჩნდა, რომ მშობიარობა არც აქ აღემატება 200 ბენეფიციარს.

- მაშასადამე, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების გარდა, სახელმწიფო ყველას ახალისებს. შესაძლოა, ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ გალელი ქართველობისთვის უდიდესია მორალური მხარდაჭერისთვის.

- გეთანხმებით. თუმცა, გარკვევით მინდა ვთქვა, რომ როცა სახელმწიფო ამ დახმარებას გასცემს, ის ეყრდნობა იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ადგილზე ბენეფიციარების შობადობას ადასტურებს. ამ მონაცემების მიღება კი აფხაზეთიდან შეუძლებელია.

- თუმცა, სახელმწიფო ახერხებს, პენსია მისცეს აფხაზეთში მცხოვრებ ხანდაზმულებს. ნუთუ აფხაზეთში ქართველების გამრავლება ამაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია?

- საპენსიო პროგრამა მიბმულია საცხოვრებელ ადგილზე. შობადობის პროგრამაში კი საჭიროა ადგილზე სტატისტიკა, რაც აფხაზეთში არ ხერხდება.

- ნუთუ არ შეიძლება, რომ გალისთვის გამონაკლისი დაიშვას და შობადობის წახალისების კანონი ამ კუთხით ჩასწორდეს?

- ოკუპირებული რეგიონებისთვის გამონაკლისის სახით ნამდვილად შეიძლება დაწესდეს დემოგრაფიული შეღავათები, თუნდაც სხვა სახელწოდებითა და მიმართულებით. ახლომდებარე თვითმმართველობებს დაევალოთ ამის გაკეთება, მათ ამას ვერავინ დაუშლის და ნამდვილად კარგი იქნება, იმედი გვაქვს, პრობლემა მრავალს დააფიქრებს და გამოსავალს მოაძებნინებს.