"აფხაზეთში კულტურული ძეგლების აღდგენის მოთხოვნას რუსეთი იუნესკოში ბლოკავს"
30-10-2017
"აფხაზეთში კულტურული ძეგლების აღდგენის მოთხოვნას რუსეთი იუნესკოში ბლოკავს"
"აფხაზ­ებსაც შესტკივათ გული და უნდათ­, რომ ტაძრები მოვლილი იყოს, მაგრამ შიგნით ისეთი პოლიტიკური დაძაბულობაა, ყველა მოვალედ მიიჩნევს თავს, ომსა და ქართულ ფაქტორს გაუსვას ხაზი და პოლიტიზებული განცხადებები გააკეთოს"

აფხაზეთის­ დე ფაქტო ხელისუფლების­ კეთილი ნების­ ელჩებმა გაეროსა და იუნეს­კოსადმი­ განკუთვნილი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. აფხაზური მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებს­ სთხოვს, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ტაძრების შენარჩუნებაში დაეხმარონ: "1992-1993 წლების საქართველო-აფხა­ზეთის ომის დროს საქართველოს ჯარებმა აფხაზური კულტურის ძეგლები გაანადგურეს, აფხაზი ხალხის უნიკალური რელიკვიები და არტე­ფაქტები
გაიტანეს, დაუნდობლად ბომბავ­დნენ ქრისტიანულ ეკლესიებსა და სიწმინდეებს... ბედიის, ლიხნის, ბზიფის, ბიჭვინთის, მო­სკოვისა და ანაკოფიის ტაძრები არა მხოლოდ აფხაზეთის, კაცობრიობის არქიტექტურული­ მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებია. აფხაზეთის სუვერენიტეტის საერთაშორისო აუღიარებლობის და პოლიტიკური ბარიერების გამო, სასწრაფოდ განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათ აღსადგენად საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის იუნესკოს ყურადღების მიქცევა ვერ
ხერხდება".

მიმართვას საქართველოს კულტურისა­ და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა: -
ჩვენ საგარ­ეო­ საქმ­ეთა­ სამინისტროსთან ერთად შევ­იმუშა­ვეთ ახალი ფორმატი - დეტალური­ ანგარიში­ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ­ კულტურულ მემკვიდრეობაზე და კვარტალურად­ ვუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს. ყველას ვახსენებთ, რომ აუცილებელია მონიტორინგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეო­ბის შესაფასებლად. უნდა გამოვლინდეს დაზიანებული ძეგლები და დაიწყოს მათი აღდგენა. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ქართველი სპეციალისტების გამოყენებას, ფინანსურ დახმარებას, რათა სამუშაოს გაჩერება­ უსახსრობას არ დაბრალდეს...

გურამ ოდიშარია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი: -
სოხუმელი ვარ და მთელი ომის განმავლ­ობაში სოხუმში ვიყავი. ქართული ჯარი მიზანმიმართულად არ ანადგურებდა ისტორიულ ძეგ­ლებს. ომი იყო და თავისთავად ნადგურდებოდა ყველაფერი. სოხუმში ძალიან ბევრი შენობა დაინგრა. ქართველები­ საგანგებოდ სპობდნენ ყველაფერსო - ეს არის პროპაგანდისტული ილეთი, უნდათ, ყურადღება მიიქციონ. როდესაც მინისტ­რი ვიყავი, ვხვდებოდი და ახლაც ვხვდები აფხაზებს, საუბარს ვიწყებდით ბედიის ტაძრით, გვინდოდა, რომ ქართველ და აფხაზ სპეციალისტებს აეზომათ ეს ძეგლი... მაშინ იუნესკოში ველაპარაკე დირექტორს, ყველაფერი იცოდა იუნესკოს დირექტორის მოადგილემ ფრანჩესკო ბანდარინიმ. მოვილაპარაკეთ, რომ იუნესკოს ეგიდით გვეთანამშრომლა აფხაზებთან, თუ ისინიც მოინდომებდნენ... ჩვენს ტაძრებში ლოცულობდა­ ქართველიც და აფხაზიც. ოჩამჩირის რაიონი ცნობილია­ ბედიის ძეგლით. მას შემდეგ უფრო გავაქტიურდი, რაც ცნობილი გახდა, რომ ილორის ტაძარს ჩაუტარდა ე.წ. რესტავრაცია. საგანგებოდ დაამახინჯეს ეს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარი. ჩვენ დრო გვჭირდებოდა ყველაფრის მოსაგვარებლად. ჩემი წასვლის შემდეგ როგორ გაგრძელდა მოლაპარაკება, არ ვიცი. ახლა არის საშიშროება, რომ მოქვის და ბედიის თაღები ჩაინგრეს... აფხაზ­ებსაც შესტკივათ გული და უნდათ­, რომ ტაძრები მოვლილი იყოს, მაგრამ შიგნით ისეთი პოლი­ტიკური დაძაბულობაა, ყველა მოვალედ­ მი­იჩნევს თავს, ომსა და ქართულ ფაქტორს გაუსვას ხაზი და პოლიტიზებული განცხადებები გააკეთოს. მაგრამ თუ ტაძარი დაინგრა, მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ვიცი, რომ მოქვი და ბედია ომის დროს არ დაზიანებულა, ორივე უყურადღებობამ­ ჩააგდო ამ მდგომარეობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვან ტაძრებია, ბედიაში­ გაერთიანებული საქართველოს მეფეები განისვენებენ...

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საერთაშორისო ორგანიზაციის, "ლურჯი ფარის" მოვა­ლეობაა. მან საქართველოში 2013 წელს და­აფუძნა ეროვნული კომიტეტი. "ლურჯი­ ფარის" წარმომადგენლის, მანანა თევზაძის განცხადებით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, დაიწყონ რესტავრაცია, რუსეთი ბლოკავს ქართველებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივას.

- ჩვენ ვცდილობთ, სახელმწიფოს დავეხმაროთ ჰააგის კონვენციის განხორციელებაში, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არ მოქმედებს ჰააგის კონვენციის ეს მუხლი და ამას ბევრი მიზეზი აქვს...

- თუ გიცდიათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა მონიტორინგის მიზნით?

- წლებია, სახელმწიფო ითხოვს, რომ აუცილებელია ნეიტრალური სადამკვირვებლო მისიის მივლინება. ეს არ ხერხდება, რუსეთი მოთხოვნას იუნესკოში ბლოკავს... ჰააგის კონვენციის იმ მუხლის შესრულება, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მემკვიდრეობის დაცვა, ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ გაეროს არც ერთ დოკუმენტში რუსეთი ოკუპანტად არ არის მოხსენიებული. უსაფრთხოების საბჭოში რუსეთს აქვს ვეტოს უფლება და ცხადია, არც ერთ რეზ­ოლუციას არ უშვებს. რუსეთი მისიასაც ბლოკავს. იუნესკოში, ფაქტობრივად, თეორიული ვერდიქტები გვაქვს.

- მაგრამ ეს ძეგლები ხომ მისახედია?­ საარქივო მას­ალები თბილისშია, შეუძლებელია რესტავრაცია ქართული­ მხარის ჩაურევლად.

- საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით, ქართული მხარე მზად არის ბედიის (X ს.), ლიხნის (X ს.), ბზიფის (IX ს.), ბიჭვინთის (X ს.) და ანაკოფიის (VIII ს.) ტაძრების რესტავრაციის საკითხზე აფხაზებთან სათანამშრომლოდ.­ მიუხედავად პოლიტიკურად დაძაბული ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ უნიკალური ისტორიული ძეგლები შენარჩუნდება.

ბედიის ტაძარი


ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა ააგო. ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების მანძილზე უმნიშვნელოვანესი საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. აქ მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა. ბედიის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლოა. აქ დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი - აფხაზთა მთავრის ასული დედოფალი გურანდუხტი.

ანაკოფიის ციხე-ქალაქი


ანაკოფიის ციხესიმაგრე: VIII საუკუნის 80-იან წლებამდე ანაკოფია აფხაზთა საერისთავოს ცენტრი იყო. 735-738 წლებში, ქართლის ერისმთავრების - მირისა და არჩილის და აფხაზთა ერისთავის ლეონ I-ის გაერთიანებულმა ლაშქარმა ანაკოფიასთან სასტიკად დაამარცხა მურვან ყრუ, რომელიც იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. საქართველოს გაერთიანების შემდეგ, ანაკოფიის სიმაგრე ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციტადელი გახლდათ, აქ სამეფო ჯარი იდგა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს იცავდა. ანაკოფიის ციხესიმაგრის გათხრების დროს აღმოჩნდა­ საქართველოს მეფის, გიორგი III-ის (1072-1089) მონეტა წარწერით: "ქრისტე! ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე და კეისარი".

ლიხნის ტაძარი


ეს X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი დგას სოფელ ლიხნის შუაგულში. ტაძარში შემორჩენილია XIV საუკუნის მოხატულობის კვალი. მისი სიძველეები პირველად აღწერა ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. მან ტაძრის კედლებიდან გადმოიწერა რამდენიმე ქართული წარწერა, მათ შორის ცნობა 1066 წელს კომეტის გამოჩენის შესახებ, რომელზეც, ლიხნის ტაძრის გარდა, კიევის სამთავროს მატიანე და ერთ-ერთი ჩინური ქრონიკა ლაპარაკობს.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით