სოფელი, სადაც 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი გაიზარდა, სკოლის გარეშეა დარჩენილი - კვირის პალიტრა

სოფელი, სადაც 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი გაიზარდა, სკოლის გარეშეა დარჩენილი

შვიდი წლის წინ გინესის რეკორდების ქართულმა წარმომადგენლობამ ცენტრალურ ოფისს უცნაური წერილი გაუგზავნა. უცნაური იმიტომ, რომ ქართული მხარე არა რომელიმე ადამიანის ფიზიკური ან ინტელექტუალური მიღწევის შესახებ რეკორდსმენის სტატუსის მოპოვებას ითხოვდა, არამედ საქართველოს ერთი პატარა სოფლის, ფარცხნალის შეტანას ისახავდა მიზნად მსოფლიო მიღწევების ნუსხაში.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იმერული სოფლის გინესის წიგნში შეტანის მოთხოვნის მიზეზი ის გახლდათ, რომ მან ბევრი სახელოვანი ადამიანი გაუზარდა სამშობლოს, მათ შორის 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი. ასეთი იყო გინესის რეკორდების ცენტრალური ოფისიდან უკან დაბრუნებული პასუხი: "გვეეჭვება, რომ მსგავსი

სოფელი იყოს მსოფლიოში. თუმცა, ხელაღებითაც ვერ ვიტყვით, გამოკვლევა სჭირდება", - ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვებად დარჩა, სოფელი ფარცხნალი ისევ მსოფლიო აღიარების მოლოდინშია...

მაინც რატომ არის ფარცხნალი მსოფლიოში გამორჩეული სოფელი?

ბევრ მეცნიერებას საქართველოში სწორედ ამ სოფლის მკვიდრებმა ჩაუყარეს საფუძველი. ამ სოფელთან ბევრჯერ არის დაკავშირებული სიტყვა "პირველი".

ერთ დროს ოთხასკომლიანი სოფელი, დღეს თითქმის დაცარიელებულია. თუ ადრე ფარცხნალის არჩილ ხარაძის სახელობის სკოლაში 150-მდე მოსწავლეს ითვლიდნენ, 2006 წელს მოსწავლეების სიმწირის გამო ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლას მიუერთეს და ისტორიაც დასრულდა. ახლა ფარცხნალის სკოლის შენობა ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლის დამატებითი შენობა-ნაგებობაა. იქ გაკვეთილები მხოლოდ პირველ და მეორეკლასელ მოსწავლეთათვის ტარდება. სკოლა, რომელმაც ბუმბერაზი ადამიანები გამოზარდა, დღეს ისტორიად იქცა, ისტორიად, რომელსაც დღეს უკვე სამწუხარო რეალობა ჰქვია.

იზა ბუაჩიძე, ფარცხნალის მკვიდრი და ყოფილი სკოლის დირექტორი: - ჩვენს სოფელში პირველი სკოლა 1902 წელს ეკლესიის ეზოში, ხის უბრალო ქოხში, სოფლის ინიციატივით გახსნილა. პირველი მასწავლებლები გახლდნენ ტაძრის მოძღვარი დავით სუხიაშვილი და ვანო ბირკაძე. სკოლამ მას შემდეგ რამდენიმე ადგილი გამოიცვალა, ახალ შენობებს სოფლის მოსახლეობა საკუთარი სახსრებით ყიდულობდა. 1928 წელს კიდევ ახალი ხის შენობა შეუძენიათ. დღევანდელი ფარცხნალის სკოლაც სწორედ იმ ეზოში აშენდა, რომელიც თავის დროზე ოთხწლიანი გახლდათ, შემდეგ შვიდწლიანი, ხოლო 1962 წელს 8-წლიანად ჩამოყალიბდა. მე სწორედ ამ დროს მივედი პიონერხელმძღვანელად. მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემს დროს სამი ხის შენობა იდგა. 1984 წელს პედაგოგად დავინიშნე და ვმუშაობდი, სანამ ოპტიმიზაცია მოხდებოდა. უშანგი ვეფხვაძე გახლდათ ჩემი წინამორბედი სკოლის დირექტორი, რომლის თაოსნობით და ბატონი ევგენი ხარაძის დახმარებით 1965 წელს სკოლის კაპიტალური ორსართულიანი შენობა აშენდა. 2006 წელს მოსწავლეების სიმწირის გამო ჩვენი განათლების კერა ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლას მიუერთდა. ამჟამად პირველი და მეორეკლასელი თითო-თითო მოსწავლე გვყავს (იხილეთ სრულად).

-