"ნიკორწმინდის საყინულე - თაღწამოდგმულ მღვიმეში შეხვალ და ზღაპარში ამოყოფ თავს" - კვირის პალიტრა

"ნიკორწმინდის საყინულე - თაღწამოდგმულ მღვიმეში შეხვალ და ზღაპარში ამოყოფ თავს"

ჩვენს ქვეყანაში ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეგხვდეს ზღაპარი, რომლის შესახებ ხშირად მხოლოდ იმ ადამიანებმა იციან, ვინც გარშემო ცხოვრობს. ასეთია, მაგალითად, რაჭაში ნიკორწმინდის საყინულე.

- საყინულის გამოქვაბული ისეთ ადგილზეა, უცნობი ვერც იფიქრებს, თუ სადღაც ახლოს ამხელა სილამაზე და თავგადასავალი ელის. შუა ტყეში შეხვალ და უცებ კლდის თაღწამოდგმულ მღვიმეს წაადგები თავს, - ჰყვება ნიკორწმინდელი მამუკა დოხნაძე, - შეხვალ და პირდაპირ ზღაპარში ამოყოფ თავს - პატარა, 130-მეტრიან მღვიმეში ივლი მთის შუაგულამდე, მერე 40 მეტრით მიწაში ჩაეშვები, სადაც ულამაზესი ყინულივით ცივი ტბაა.

- აქ უგამყოლოდ ჩასვლას ბევრი ვერ გაბედავს.

- გამყოლის მოძებნას რა უნდა, ნიკორწმინდელები აქ არ ვართ? გული მწყდება, რომ ჯერჯერობით აქაურობა ისეც კი არ არის შესწავლილი, რომ თუნდაც ფოტოები გადაიღოს ამ მღვიმეში ვინმემ და მერე ყველამ ნახოს, ინტერნეტით მაინც.

- ახლა თითქმის ყველა მობილური ტელეფონი იღებს კარგი ხარისხის ფოტოებს.

- მაგრამ არა ჩვენს საყინულეში. მიწიდან 40 მეტრის სიღრმეში, სადაც განათება არ არის, აუცილებლად მაღალხარისხოვანი ფოტოაპარატია საჭირო, რომ ისეთი ფოტოები გადაიღო, რომელზეც ის სილამაზე გამოჩნდება, რაც იქ არის. ჩვენ, ნიკორწმინდელებს, ამ მღვიმეში შესასვლელად არც ფოტოაპარატი გვჭირდებოდა ოდესმე და არც სანათურები. გამოქვაბულის პირიდან შემოსული სინათლით ვიკვლევდით ხოლმე გზას. პაპანაქება ზაფხულში ბავშვები ცივი წყლის დასალევად და გასაგრილებლად ჩავდიოდით მღვიმეში. მიწის ზედაპირზე მზემ ყველაფერი რომ გადაწვას, ნიკორწმინდის საყინულეში ყინულები მაინც კიდია - კლდეებიდან ჩამოდენილი წყალი წვეთობით იყინება და ყინულის ლოლოებს ქმნის.

- წარმომიდგენია, რა სიამოვნება ელის ზაფხულში ნიკორწმინდის საყინულეში შესულ დასიცხულ კაცს...

- იმიტომაც გვინდა, რომ აქაურობა შეისწავლონ. ზაფხულში აქ ბევრი დამსვენებელი კი არის, მაგრამ არც იმდენი, რომ ნიკორწმინდას თუ მთელ რაჭას შემოსავალი მოუტანოს. ნიკორწმინდაში, საყინულის გარდა, კიდევ მეორე სამოთხესავით სანახაობაა - პირდაპირ კლდიდან ისეთი კამკამა, მიწისქვეშა მდინარე, შარეულა, გამოდის, მისი ნახვაც ერთ რამედ ღირს. და ეს მხოლოდ ერთ სოფელში. მთელ რაჭაში კი ასეთი მარგალითი უამრავია... აქაურობა უნდა გადარჩეს და გამდიდრდეს. ამ სილამაზემ უნდა გადაგვარჩინოს.

ეთერ ერაძე